საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჯავახეთის მცხოვრებლები საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:28 - 05 იანვარი 2022 hits 3891
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ჯავახეთის სათემო ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტსა და სახალხო დამცველს მიმართავს და იმ ათასობით ადამიანის პრობლემის შესწავლას სთხოვს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგეს და მის აღდგენას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

მიმართვაში ნათქვამია, რომ ჯავახეთის სათემო ორგანიზაციას, მის აქტივისტებს ყოველდღიურად მიმართავენ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, გაიზარდნენ, აქ ცხოვრობენ, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ.  

მოქალაქეობის არქონის გამო, სავარაუდო მონაცემებით, ჯავახეთში 3 ათასამდე ადამიანი ვერ მონაწილეობს არჩევნებში; ვერ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით, რაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მძიმე ტვირთად აწვებათ; არ შეუძლიათ მონაწილეობა სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში; ვერ იღებენ სოციალურ დახმარებასა და სახელმწიფო პენსიას.

ჯავახეთის მცხოვრებლებმა საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგეს, რაც რუსეთში სამუშაოდ იოლად წასვლის მიზნით, სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. მათ საქართველოს მოქალაქეობის დათმობის სურვილი არ ჰქონიათ, თუმცა 2013 წელს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. პირებმა, რომლებსაც დაუფიქსირდათ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც იყვნენ, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად დაკარგეს.

დღეს ეს ადამიანები მზად არიან დათმონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, თუმცა საქართველოს მოქალაქეობას მაინც ვერ იბრუნებენ. საქმე ისაა, რომ პირმა მოქალაქეობის მისაღებად სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს და ქართულ ენაში შესაბამისი ტესტი ჩააბაროს, 35-40 წელს ზემოთ ჯავახეთის მოსახლეობის უმეტესობამ კი ქართული ენა გამართულად ან საერთოდ არ იცის. მსურველებს ქართული ენის სწავლებას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სთავაზობს. ჯავახეთში სასწავლო ცენტრები ახალქალაქშიცაა და ნინოწმინდაშიც, თუმცა ამ შესაძლებლობას ყველა მსურველი ვერ იყენებს.

ჯავახეთის სათემო ორგანიზაცია პრეზიდენტსა და სახალხო დამცველს ამ საკითხის შესწავლას და რეაგირებას სთხოვს. „მზადყოფნას გამოვთქვამთ, საკითხთან დაკავშირებით მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, ორგანიზება გავუკეთოთ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებთან კომუნიკაციას და თემის სახელით, მონაწილეობა მივიღოთ სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც ჯავახეთის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაწყვეტას ეხება“ - ნათქვამია მიმართვაში.

2020 წელს, სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აღდგენის, სპეციალური წესით მინიჭებისა და მოქალაქეობის დადგენის მოთხოვნით 7123-მა მოქალაქემ მიმართა. ეს მონაცემი მხოლოდ ჯავახეთის მცხოვრებლების მიმართვიანობას არ ასახავს, თუმცა სათემო ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის ბევრი ჯავახეთის მკვიდრია.

ამ თემაზე:

ათასობით ადამიანი ჯავახეთში საქართველოს მოქალაქეობის გარეშე - სპეციალური რეპორტაჟი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში