საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სვანეთის მოსახლეობას არ ეკუთვნის უფასო შუქი. ვიხსნით პასუხისმგებლობას - „ენერგო პრო“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:43 - 29 დეკემბერი 2021 hits 13808
ფოტოზე - მიხეილ ბოცვაძე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
საზოგადოება
ფოტოზე - მიხეილ ბოცვაძე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

„ვერტმფრენის თუ სხვა სპეცტექნიკის საშუალებით მოვახერხეთ მესტიისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი მაღალი ძაბვის ხაზების აღდგენა, თუმცა ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მომხარებას, რაც იქ ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად, „ენერგო-პრო ჯორჯია“ სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე. მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხვი ამ რთულ დღეებშიც იზრდება“, - აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე  მიხეილ ბოცვაძე.

მისივე თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მონაცემებს, „როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად“.

„მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ. ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ მთელს რეგიონს ორი მთავარი მიზეზის გამო: პირველი - მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას. ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება. მეორე - აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. არასდროს გვისაუბრია, თუმცა ახლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა „ენერგო-პრო“. 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში.

აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს ზემო სვანეთის მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის უფასო ელექტროენერგია.

ამ ფონზე, მინიმუმ უხერხულია ადგილობრივი დამტაცებლების, ასევე, მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე ავარიული და გეგმური გათიშვების არსებობის შესახებ. აგრეთვე, შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა, რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაიონისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგარი შეფერხების გარეშე“- აღნიშნავს მიხეილ ბოცვაძე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ  ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ზემო სვანეთის ენერგოკრიზისი არის გადაწყვეტადი პრობლემა, გვაქვს კონკრეტული გეგმაც და გამოცდილებაც, რომ მომდევნო ზამთარს მესტია შეხვდეს უკანონო მაინინგის გარეშე“- განაცხადა ბოცვაძემ.

სვანეთში ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიაც გამოეხმაურა:

90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხმების შედეგად, ადგილობრივი მცხოვრებლები არ იხდიან ელექტროენერგიის ტარიფს. კომერციული სექტორიც მხოლოდ მინიმალურ დონეზე იხდის და აქაც ამოღების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს განაპირობებს მაღალ მოხმარებას, ქსელის დატვირთვის და გადატვირთვის პირობებში, რომელიც დიდწილად „მაინინგებით“ არის დატვირთული. ბოლო პერიოდში, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მეგავატია, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი სამი მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას, როგორიც არის პირობითად ხობი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ. ამრიგად, უნდა იყოს რეაგირება ამ „მაინინგების“ შეზღუდვის ნაწილში. ობიექტები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ენერგია, ვინაიდან ეს არის ტურისტული რეგიონი - სასტუმროები, საბაგირო და ა.შ. მათთვის უნდა მოხდეს უწყვეტი მიწოდება და

ყველამ უნდა გადაიხადოს ენერგიის ფული. ამის გარეშე იქ ჩვენ ვერ მოვთხოვთ „ენერგო პრო ჯორჯიას“, რომ მაქსიმალურად ხარისხიანად მიაწოდოს ენერგია, იმიტომ, რომ ახორციელებს ინვესტიციებს და არ აქვს უკუგება, რაც მარეგულირებელ წესებთან წინააღმდეგობაში მოდის.

უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არ გადავიხდით ელექტროენერგიის გადასახადს, გვექნება ხშირი წყვეტები, ავარიები და ავარიების შედეგად აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. ამდენად, ისევ ტურიზმზე და მოსახლეობის კომფორტზე აისახება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ნარმანიამ. სემეკ-ში დაგვიზუსტეს, რომ ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის დავალდებულების ნაწილში, ნარმანია კომერციულ პირებს გულისხმობდა.  

ზემო სვანეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა სულ მცირე 3 წელია რაც დგას. 2019 წლიდან ელენერგიის მოხმარება დრამატულად გაიზარდა, რაც კომპანიის განმარტებით, კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმებით არის გამოწვეული. ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების გამოვლენა არ ხდება. „ენერგო პრო ჯორჯია“ ამ კუთხით უმოქმედობას იმით ხსნის, რომ მათ თანამშრომლებს რეაგირებისას ხელს უშლიან და ფიზიკური უსაფრთხოების პრობლემა ექმნებათ. სამართალდამცავ ორგანოებს არ დაუსჯიათ არცერთი ის პირი, ვინც გასულ წლებში დიდი რაოდენობით ენერგიის დატაცებაში ამხილეს. როგორც დაბა მესტიაში, ასევე სოფლებშიც შუქი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ითიშება, ზოგჯერ კი ზედიზედ რამდენიმე დღეც არ არის. მოსახლეობას როცა შუქი აქვს, ძაბვა იმდენად დაბალია, რომ ნათურა ძლივს ანათებს. მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის წინააღმდეგია. მათი თქმით, ენგურჰესის მშენებლობის გამო სვანეთი დაზარალდა და ელენერგია უფასოდ ეკუთვნით. რადგან შუქის ფულს არ იხდიან, სვანეთში ხშირად ნახავთ, რომ მას არ ზოგავენ და დღისითაც საცხოვრებელ სახლებსა თუ საწარმოებში განათება ჩართულია.

ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაში გადასახადს არც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა იხდის, რის გამოც, მოხმარება იქაც დრამატულად არის გაზრდილი.

სამოქალაქო აქტივისტები საუბრობენ, რომ სვანეთში კრიპტოვალუტის მწარმოებელი დიდი ფერმები მაღალჩინოსნებს ეკუთვნით და დატაცების ფაქტების გამოვლენაც ამიტომ არ ხდება.

 

ამ თემაზე:

ელექტროენერგია გრაფიკით სვანეთში კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმების გამო

არის თუ არა ზემო სვანეთში უშუქობის მიზანი მოსახლეობის იძულება - ელენერგია ფასიანი გახდეს

უფასო შუქი და მსხვილი დამტაცებლები ზემო სვანეთში - მესტიაში ელენერგია ფასიანი გახდება

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში