საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ელექტროენერგია გრაფიკით სვანეთში კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმების გამო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:23 - 28 დეკემბერი 2021 hits 13127

ზემო სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დაუწესდა - ქვედა ზონაში - იდლიანის, ხაიშის, ჭუბერის, ლახამულას, ბეჩოს, ეცერის თემების სოფლებს შუქი დღე-ღამეში 8 საათი არ ექნებათ, ორ-ორი საათით, ადრე დილით, შუადღეს, საღამოს და ღამით. მესტიაში და ზედა ზონაში - მულახის, კალისა და უშგულის სოფლებში, გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობა ელექტროენერგი გარეშე 6 საათი დარჩება.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია 24 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ გრაფიკი ალტერნატიული ხაზის აღდგენამდე გაგრძელდება. ალტერნატიულ ხაზში მერია ლაჯანურჰესიდან (ლეჩხუმიდან) მომავალ ხაზს გულისხმობს, რომლითაც „ენერგო პრო ჯორჯია“ მესტიის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიით ამარაგებს. ლაჯანურის ხაზი დიდთოვლობამ დააზიანა, ენგურჰესის ხაზი მანამდეც დაზიანებული იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობას ელექტროენერგია უმეტესად არ მიეწოდებოდა - ელექტროგადამცემმა ხაზებმა გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას ვერ გაუძლო.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ზემო სვანეთის მოსახლეობას საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 7 მეგავატი ელექტროენერგია სჭირდება, მესტიის რაიონი კი 27 მეგავატამდე ელენერგიას მოიხმარს, რაც ერთად აღებული 19 რაიონის მონაცემებს უტოლდება.

ზემო სვანეთი მთლიანად რომ არ ჩაბნელებულიყო, გრაფიკის შემუშავებასთან ერთად, ჰაწვალისა და თეთნულდის საბაგიროები გააჩერეს. სამთო-სათხილამურო კურორტები მხოლოდ დღეს ამუშავდა, მას შემდეგ, რაც ლაჯანურის ხაზის აღდგენა მოხერხდა. ძაბვამაც მოიმატა. მანამდე ნათურა ძლივს ანათებდა.

ძაბვის მომატებისთანავე რამდენიმე საათში ტრანსფორმატორებზე დატვირთვა დრამატულად გაიზარდა. „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი ავთო დვალიშვილი განმარტავს, რომ იძულებული გახდნენ ორი ტრანსფორმატორი გამოერთოთ, რათა არ გადამწვარიყო: „დაბა მესტიაში ყველაზე მაღალი მოხმარება ზარგაშის, ლანჩვალისა და სოკოს უბნების ტრანსფორმატორებზე ფიქსირდება. ახლაც 2 ტრანსფორმატორი გამორთული გვაქვს, ვეღარ უძლებდა დატვირთვას. სვანეთის ენერგომომარაგების მთავარი პრობლემა კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმებია. „ენერგო პრო ჯორჯია“ დიდი ხანია ამას პროგნოზირებს, რომ ამ ზამთრის სეზონზეც განმეორდებოდა იგივე მდგომარეობა, რაც იყო 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში. ელექტროენერგიის მოხმარების დრამატულ ზრდას სვანეთში არსებული ელექტროქსელი ფიზიკურად ვერ უძლებს. ქსელი როგორი გამართულიც არ უნდა იყოს, ფიზიკურად ვერ გაატარებს ამ სიმძლავრის და ამდენ ელექტროენერგიას, რადგან იქ არსებული აბონენტების რაოდენობიდან გამომდინარე არ არის გათვლილი ამხელა მოთხოვნაზე. ზამთარში ისედაც იზრდება ელექტროენერგიის მომხმარება, მითუმეტეს სვანეთში, სადაც ბუნებრივი აირი არ არის. კრიპტოვალუტის ფერმების მოხმარებაც კიდევ უფრო იზრდება, რადგან იქ არის დიდი თოვლი, მიუვალი ადგილებია და უფრო ადვილია, რომ დაიდგას, დამონტაჟდეს ეს ფერმები.

კომპანია აცხადებს, რომ სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მოგვარებადი პრობლემაა, თუ „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიეცემა ნორმალურად ოპერირების საშუალება, რომ აკონტროლოს სიტუაცია.

- ავთო, რას გულისხმობთ ნორმალურად ოპერირებაში, რისი საშუალება არ გეძლევათ? ვიცით, რომ სვანეთს მცხოვრებლები ინდივიდუალური გამრიცხველიანების წინააღმდეგები არიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ამას შესაძლოა მოჰყვეს ელექტროენერგიაზე გადასახადის დაწესება.

- იმასაც ვერ ვახერხებთ, რომ ე.წ. საბალანსო მრიცხველები დავაყენოთ ჩვენს ტრანსფორმატორებზე. ეს არ გულისხმობს თითოეული აბონენტისთვის ინდივიდუალური მრიცხველის მონტაჟს, არამედ ტრანსფორმატორზე მრიცხველის დაყენების შესაძლებლობა რომ მოგვეცეს. ამით გავიგებდით, რომ იმ კონკრეტულ ტრანსფორმატორზე ძალიან გაიზარდა მოხმარება, რომ კიდევ მიაერთეს კრიპტოვალურის ფერმები.

- ტრანსფორმატორები ხომ თქვენი კომპანიის ქონებაა. რა გიშლით ხელს, რომ ტრანსფორმატორზე საბალანსო მრიცხველი დააყენოთ, თუ კი ეს პრობლემას გადაწყვეტს.

- რამდენიმე დღის წინ, როცა ელექტროენერგიის პრობლემა შეიქმნა, მესტიაში, ჩვენს ქვესადგურში ადგილობრივი მცხოვრებლები მივიდნენ და დისპეტჩერს ელექტროენერგიის ჩართვა მოსთხოვეს. უსაფრთხოება არ არის დაცული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს პრობლემა გადაჭრადია, თუ „ენერგო პრო ჯორჯიას“ სრულად ოპერირების საშუალება ექნება.

- თუ მოსახლეობა არ გაგიწევთ წინააღმდეგობას, რომ პირველ რიგში თქვენსავე ტრანსფორმატორზე საბალანსო მრიცხველი დააყენოთ?

- რა თქმა უნდა. თუ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება იქნება დაცული. ვერ ვახორციელებთ ღონისძიებებს, რომლებიც კრიპტოვალუტის ფერმების და ქსელზე უკანონო მიერთების აღმოსაჩენად არის საჭირო.

- როგორც თქვენ ამბობთ, რადგან საბალანსო მრიცხველები ასეთი გადამწყვეტია პრობლემის გადასაჭრელად, გქონდათ მცდელობა დაყენების და ვერ მოახერხეთ, საშუალება არ მოგცეს ადგილობრივებმა?

- გასულ წელს დავიწყეთ ეს პროცესი. რამდენიმე ტრანსფორმატორზე დავამონტაჟეთ კიდეც, მაგრამ შემდეგ უკვე ვეღარ მოხერხდა. პრობლემები შეიქმნა, აღარ იყო დაცული ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება.

- ფიზიკურად გიწევდნენ წინააღმდეგობას?

- კი, ფიზიკურადაც.

- იმ ტრანსფორმატორებზე, სადაც ე.წ. საბალანსო მრიცხველები დააყენეთ, დაკვირვებამ რა აჩვენა, რა შეცვალა იმ ზონაში მაინც? მიკვლევადი გახდა კრიპტოვალუტის ფერმები? დავუშვათ, იმ ორმა მრიცხველმა, რაც უკვე დააყენეთ, გიჩვენათ, რომ მოხმარება გაიზარდა, მერე რას აკეთებთ, როგორ რეაგირებთ?

- საბალანსო მრიცხველით ვიგებთ, რომ დრამატულად გაიზარდა მოხმარება. ვიცით, რომ ამ ტრანსფორმატორზეა მომხმარება გაზრდილი.

- „ენერგო პრო ჯორჯიას“ ოფიციალურად მიუმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ ელექტროენერგიის დატაცების ფაქტების გამოძიება მომხდარიყო?

- რა თქმა უნდა. დატაცება რომ ხდება, ისედაც ყველამ იცის. აღმოჩენებიც იყო გასულ წელს, ჩვენც აღმოვაჩინეთ კრიპტოვალუტის ფერმები, პოლიციამაც. ოფიციალურად ახლაც გაიგზავნა შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებში, ასევე, მარეგულირებელ კომისიაში მიმართვები. ერთი კვირის წინ მომხდარ ფაქტზეც მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, როცა ჩვენს დისპეტჩერს მიუვარდნენ და ელენერგიის ჩართვა მოსთხოვეს.

- თქვენი კომპანიის სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში, რამდენიმე წელში, ითვალისწინებს თუ არა იმას, რომ მესტიაში ელექტროენერგია ფასიანი გახდეს?

- არ დგას ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიგში, რადგან უფრო დიდი პრობლემა აქვს კომპანიას, კრიპტოვალუტის ფერმების და ელენერგიის მასობრივი დატაცების სახით.

ზამთარი მესტიაში ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონია. თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტები ვერ იფუნქციონირებს, საბაგიროები არ იმუშავებს, თუ მესტიას ნორმალური ძაბვის ელექტროენერგია არ ჰქონდა. სამთო-სათხილამურო კურორტები თუ გაჩერებული იქნება, მესტიაში ტურისტების რაოდენობა აუცილებლად შემცირდება და სასტუმროებს, საოჯახო სახლებს, რესტორნებსა თუ სხვა ტურისტულ სერვისებს ნაკლები მომხმარებელი ეყოლება. მოსახლეობის ნაწილი ზამთარში გასათბობად ძირითადად ელექტროენერგიას იყენებს. თან მესტიაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე ეცემა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როცა უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინრეჟიმზეა გადასული, ელექტროენერგია თუ არ იქნება, სვანეთში მყოფი სტუდენტები სასწავლო პროცესსაც მოწყდებიან.

კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმები და ამით გამოწვეული უშუქობა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ითხოვენ კიდეც, რომ პოლიციამ ელექტროენერგიის დატაცების ფაქტები გამოიძიოს.

მესტიის მუნიციპალიტეტში წლების მიხედვით ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის სტატისტიკა ასეთია:

2012 წელი - 37,199,070 კვტ.სთ;

2013 წელი - 39,411,787 კვტ.სთ;

2014 წელი - 44,006,849 კვტ.სთ;

2015 წელი - 47,072,131 კვტ.სთ;

2016 წელი - 53,153,799 კვტ.სთ;

2017 წელი - 59,311,54 კვტ.სთ;

2018 წელი - 64,832,376 კვტ.სთ;

2019 წელი - 98,177,40 კვტ.სთ;

2020 წელი - 91 117 245 კვტ.სთ;

მესტიის მუნიციპალიტეტი კრიპტოვალუტის მწარმოებელი ფერმებისთვის ორი რამის გამოა მიმზიდველი: პირველი და მთავარი - ზემო სვანეთში ელექტროენერგია მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეებისთვის არის ფასიანი, მოსახლეობისთვის უფასოა ენგურჰესის მშენებლობის შემდეგ. კრიპტოვალუტის ფერმები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, მეპატრონეები კი გადასახადს არ იხდიან. მეორე ფაქტორი - სვანეთის კლიმატური პირობებია. ამ ფერმებს გამართული მუშაობისთვის სიგრილე სჭირდება, რაც სვანეთში ბუნებრივადაა წელიწადის ყველა დროს.

პრობლემა სულ უფრო მწვავდება, მაგრამ მესტიის პოლიციის მიერ კრიპტოვალუტის ფერმის გამოვლენის ბოლო შემთხვევის შესახებ 2020 წლის დეკემბერში გავიგეთ, როცა სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში აღმოჩენილი ფერმა იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარდა, რამდენსაც 4-5 სოფელი ერთად. ამ ფაქტზეც არავინ დაუსჯიათ.

ადგილობრივი ხელისუფლება მერიის ფეისბუკგვერდზე მოწოდებით შემოიფარგლა: „დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. ჩვენ ვცხოვრობთ პატარა სოციუმში, სადაც ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, გვაქვს ურთიერთობები, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ოჯახებს და შვილებს, გამოვრთოთ მაინერები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სადაც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არავის მოერიდება. მიუღებელია კონკრეტული ადამიანების მიერ „იოლი“ ფულის მიღების სურვილს, მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს“.

სამოქალაქო აქტივისტები საუბრობენ, რომ კრიპტოვალუტის მწარმოებელი დიდი ფერმები მაღალჩინოსნებს ეკუთვნით და გამოვლენაც ამიტომ არ ხდება.

შენიშვნა: სტატიის პირველი აბზაცი შესწორებულია. „ენერგო პრო ჯორჯიაში“ თავდაპირველად გვითხრეს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ქვედა ზონის სოფლებში მოსახლეობას ელექტროენერგია დღე-ღამეში მხოლოდ 8 საათი ექნებოდა, ზედა ზონის სოფლებში 6 საათი. მასალის გამოქვეყნების შემდეგ, რედაქციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიიდან დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით, სვანეთის ქვედა ზონას შუქი არ ექნებოდა 8 საათით, ზედა ზონას კი 6 საათით. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ გადამოწმდა „ენერგო პრო ჯორჯიასთან“, რომელიც რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანიზაციაა. კომპანიაში განმარტეს, რომ მათ მესტიის მერიას მიაწოდეს მონაცემები, როდის ექნებოდა მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია, მერიამ კი გაავრცელა, როდის არ ექნებოდა. „ენერგო პრო ჯორჯიამ“ დაგვიზუსტა ინფორმაცია და სტატია ამის მიხედვით შესწორდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში