საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბების“ განცხადება მარტოკაცების კამპანიებზე გავრცელებული ცილისწამების შესახებ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:09 - 06 დეკემბერი 2021 hits 7278

დაინტერესებულ პირთა ჯგუფი, მათ შორის, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და სასაზღვრო პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი ფეისბუკში ავრცელებს „მთის ამბების“ და მისი გუნდის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს მიხა არაბულის მხარდამჭერი აქტივობებით ორგანიზაცია ფულს შოულობს, ბლოელი გოგიასთვის შემოწირულებების სახით შეგროვილი 9339 ლარი კი მივითვისეთ.

საჭიროდ მიგვაჩნია, განვმარტოთ:

„მთის ამბებმა“ ხევსურეთში, სოფელ ზეისტეჩოში მცხოვრები მიხა არაბულის შესახებ პირველი რეპორტაჟი 2017 წლის ზაფხულში მოამზადა. 75 წლის მარტოკაცი წერაქვით გამოთხრილ უკარფანჯრო მიწურში ცხოვრობდა. მის შესახებ იცოდა ყველამ, ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამაც, რადგან არაერთხელ გაშუქდა ტელევიზიებით. რეპორტაჟის გამოქვეყნებიდან მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც არავის არაფერი გაუკეთებია, რომ მიხა პაპა თავშესაფრით ყოფილიყო უზრუნველყოფილი. 2018 წლის ოქტომბერში, „მთის ამბებმა“ მიხა არაბულის მხარდასაჭერად კამპანია დაიწყო. მაყურებლების მხარდაჭერით შეგროვდა 9857 ლარი. აქედან, 6500 ლარი ჩაერიცხა ინდმეწარმე ლ.გ-ს, სახლისთვის ხის მასალის შესაძენად. დანარჩენი თანხა, 3357 ლარი კი მოხმარდა სახლის გადასახურად საჭირო თუნუქის, მცირეოდენი ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სხვა მასალების შესყიდვას, ასევე, ერთი კვირის განმავლობაში, მშენებლობაზე დასაქმებული პირების, მოხალისეების კვების (ჯამში 2547 ლარი) და თბილისიდან ხევსურეთში რამდენჯერმე ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას (343 ლარი). მიხა პაპას 20 წლიანი უსახლკარობა ამით დასრულდა. შემოწირულებებიდან გაუხარჯავი დარჩა 467 ლარი, რომლითაც მიხა პაპასთვის მობილური ტელეფონი ვიყიდეთ და გადავეცით.

„მთის ამბები“, მიხა არაბულს, საკუთარი რესურსებით შეძლებისდაგვარად ყურადღებას აქცევს სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგაც, რაც ძირითადად სურსათით უზრუნველყოფას ან თბილისში გადმოყვანის დროს ზოგიერთი სამედიცინო ჩარევის დაფინანსებას გულისხმობს. ის ახლაც ავადაა, გამოკვლევა და ექიმების დახმარება სჭირდება, თუმცა ბოლო სტუმრობისას, 3 დეკემბერს, უარი გვითხრა თბილისში გადმოყვანაზე. უარს იმით ხსნის, რომ არ უნდა თავისი კარმიდამოს მიტოვება.

რაც შეეხება გოგია გიგაურს (ბლოელ გოგიას) მის შესახებ „მთის ამბებმა“ პირველი რეპორტაჟი 2019 წლის მაისში მოამზადა. ოთხი წლის განმავლობაში, ბლოში, კარავში იზამთრებდა, რადგან ზვავმა სახლი 2015 წელს დაუნგრია. ბლოელი გოგიასთვის ხის პატარა სახლი რომ აგვეშენებინა, „მთის ამბებმა“ ზაფხულში კამპანია დაიწყო. შემოწირულებებით მხოლოდ 2000 ლარამდე შეგროვდა, არადა, სულ მცირე 10 ათასი ლარი მაინც იყო საჭირო, ბლოში ხის პატარა, გამძლე და თბილი სახლი ასაშენებლად. ბლომდე სამანქანო გზა არასდროს ყოფილა, რის გამოც სასაზღვრო პოლიციისგან გვქონდა წინასწარი სიტყვიერი თანხმობა, რომ ბარისახოდან ბლომდე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებაში ვერტმფრენით დაგვეხმარებოდნენ ისევე, როგორც მიხა პაპასთვის სახლის მშენებლობის დროს. იმავე წლის ნოემბერში, ხევსური ახალგაზრდების თხოვნით, ბლოელი გოგიას მხარდასაჭერად კამპანია გავაახლეთ. შემოწირულებების შედეგად, ჯამში 9339 ლარი შეგროვდა. კომპანიაც შევარჩიეთ, რომელიც 11 ათას ლარად ბლოში 20 კვმ-ის ხის სახლს ხუთ დღეში ააშენებდა. სამუშაოები დიდთოვლობამდე უნდა მოგვესწრო, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასალების გადატანაზე მოულოდნელად უარი გვითხრა. შსს-ს უარის შემდეგ ბლოელ გოგიაზე რეპორტაჟი „მთავარმა არხმა“ გადაიღო საკვირაო გადაცემისთვის - „კაცს, რომელსაც ხალხმა სახლის ასაშენებლად ფული შეუგროვა, შსს-მ მასალის მთაში ასატანად ვერტმფრენი არ ათხოვა“. ვიდრე სიუჟეტი გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გავიდოდა, ტელეკომპანია „იმედმა“ 3 საათით დაასწრო და გამოაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოელ გოგიას სიურპრიზი გაუკეთა და ხის სახლს აუშენებს. ამგვარი მოქმედების მიუხედავად, „მთის ამბები“ მიესალმა, რომ ბლოელ გოგიას სახლი ექნებოდა. 25 ნოემბერს, საჯაროდ გამოქვეყნებულ განცხადებაში, „მთის ამბებმა“ დაწერა, რომ მაყურებლების მიერ შეგროვილი 9339 ლარით, სრულად, ბლოელ გოგიას გაზაფხულზე ძველი ხევსურული სახლის აღდგენას ან ბიზნეს იდეას დაუფინანსებდა, რათა ის უფრო მეტად გაძლიერებულიყო და მთაში დაბრუნების სტიმული სხვებისთვისაც მიეცა. სასაზღვრო პოლიციამ ბლოელ გოგიას ხის პატარა სახლი მართლაც აუშენა.

2020 წლის გაზაფხულზე, გოგია გიგაურის და მასთან დაკავშირებული პირების დაჟინებული მოთხოვნის გამო, რასაც თან ახლდა ცილისმწამებლური და მუქარის შემცველი განცხადებებიც, „მთის ამბებმა“ მიიღო გადაწყვეტილება, შეესრულებინა ბლოელი გოგიას მოთხოვნა და შეგროვილი თანხა ჩაერიცხა მის მიერ დასახელებული პირისთვის, რომლისგანაც საქონლის შესყიდვა სურდა.

გოგია გიგაურს შევთავაზეთ, რომ საქონლის შეძენაში და მეურნეობის დაგეგმვა-გამართვაში გამოცდილ ფერმერებს დავახმარდით, მაგრამ მისი ერთადერთი და კატეგორიული მოთხოვნა იყო, თანხა დასახელებული პირისთვის გადაგვერიცხა. სატელეფონო კომუნიკაციისას ამას მოჰყვა ბრალდებები, თითქოს თანხის ჩარიცხვას იმიტომ ვაფერხებდით, რომ ის გახარჯული იყო. მოქალაქე უ.წ-თან გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მას დაეკისრა ვალდებულება, უნაღდო ანგარიშსწორებიდან 5 დღის ვადაში, გოგია გიგაურისთვის გადაეცა 14 სული საქონელი, თითოეული 6-7 თვის ასაკის, ჯანმრთელი და უნაკლო. ორი კვირის შემდეგ, სატელეფონო კომუნიკაციისას, გოგია გიგაურმა დაგვიდასტურა, რომ მას საქონელი მიუყვანეს და ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებაზე პრეტენზია არ გააჩნია. ვაქვეყნებთ თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს, პერსონალური ინფორმაციის გამორიცხვით.

აქვე ინფორმაცია „მთის ამბების“ მიმდინარე კამპანიების შესახებ - დასასრულებელი გვაქვს სამი კამპანია - რაჭველი ექთნის, ხევისჭალაში მცხოვრები ალექსანდრე წოწკოლაურის და ფშავის სოფელ ხომში მცხოვრები ჭიკაიძეების მრავალშვილიანი ოჯახის მხარდასაჭერად. რაჭველის ექთნისთვის ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეგროვილია 8040.87 ლარი, ალექსანდრე წოწკოლაურისთვის 9891.57 ლარი. ორივე მათგანს 2021 წლის 07 ნოემბერს, წერილობით ეცნობა, რომ კამპანიის მიზნების შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, 25 დეკემბრამდე, სამოქალაქო აქტივობების ცენტრს უნდა წარუდგინონ სამშენებლო მასალების ან სხვა აუცილებელი ნივთების შესაძენად ინვოისები, რის შემდეგაც მოხდება უნაღდო ანგარიშსწორება და შეძლებენ პროდუქციის გატანას მათ მიერვე შერჩეული მაღაზიებიდან. რაც შეეხება ჭიკაიძეების ოჯახს, მათთვის შეგროვილია 14 994 ლარი. მათთან შეთანხმებით წლის ბოლომდე შევიძენთ სამშენებლო მასალებს და მიღება-ჩაბარების აქტით გადავცემთ სახლის ასაშენებლად.

Mtisambebi.ge-ს მიზანი საქართველოს მთიან რეგიონებში ადამიანების ცხოვრებასა და პრობლემებზე არა მხოლოდ რეპორტაჟების მომზადება და გავრცელება, არამედ ჩვენი ამბების გმირებისთვის გამოსავლის შეთავაზება და უკეთესი ცვლილებებისთვის ადვოკატირებაა. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამო, ბოლო ოთხ წელში, არაერთ უსახლკარო ოჯახს დავეხმარეთ და მაყურებლების მხარდაჭერით, სახლები ავუშენეთ. სულ ვცდილობთ, რომ გამჭვირვალე იყოს, კონკრეტული კამპანიის შედეგად რა თანხა შეგროვდა და დოკუმენტურად რაში გაიხარჯა. „მთის ამბების“ მკითხველი მიმდინარე კამპანიებზეც მიიღებს დეტალურ ინფორმაციას მათი დასრულებისთანავე. ჩვენ კი, იმედი გვაქვს, რედაქციის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი პოსტების წერის ნაცვლად, „მთის ამბების“ გმირების „გულშემატკივრები“, საკუთარ დროსა და ენერგიას ამ ადამიანების რეალურ მხარდაჭერას მოახმარენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში