საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბლოელი გოგია - მარტოობისა და თავისუფლების 22 წელი მთაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:35 - 11 მაისი 2019 hits 52749

45 წლისაა. ცხოვრების ნახევარი სრულიად მარტომ გაატარა. ხევსურეთში, არხოტის უღელტეხილს ქვემოთ, გიგაურების ბუდეში, სოფელ ბლოში ცხოვრობს. მეოთხე წელია კარავში იზამთრებს.

ძველი ხევსურული, ბანიანი სახლი ზვავმა 2015 წელს დაუნგრია. უსახლკაროდ დარჩენილი გზას ეძებდა ბლოში ცხოვრების გასაგრძელებლად. სოფლამდე სამანქანო გზა არ მიდის, არც არასდროს ყოფილა, როშკასთან წყდება. როშკიდან ბლომდე 5 კილომეტრია. საფეხმავლო გზა ტყეში, ციცაბო მთასა და მდინარეზე გადის. ბლოსწყალზე არც ხიდებია.

რკინის კარკასი, ტენტი რომ გადაეფარებინა და შიგ ეცხოვრა, ბარისახოდან ბლოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გასულ წელს აიტანა.

„აქ ცხოვრება კომფორტული არ არის, მაგრამ შეიძლება.

ხომ არ მივატოვებ აქაურობას! ან სად წახვალ, სად უნდა იყვე? სხვაგან არ მიცხოვრია, სხვა სახლი არ მქონია. მე აქ ცხოვრება და აქ ყოფნა მირჩევნია. მთა ჩემთვის თავისუფლებაა, მომავლის იმედია“.

გოგია გიგაური ბლოში დაბადებულ-გაზრდილია. 1997 წლამდე მათი ოჯახიღა შემორჩა გიგაურების სოფელს.

„ჩემს ბავშობაში ერთი სახლი მახსოვს, რომელიც დანგრეული არ იყო. სახურავი ჰქონდა. მეზობელი არ გვყოლია. აქედან სამნი დავდიოდით ბარისახოს სკოლაში - მე, ჩემი ძმა და ჩემი და. მამა თოვლში ბილიკს გაგვიკვალავდა და ნაფეხურებში უკან მივყვებოდით. ჩემი და პატარა იყო და უფრო ზურგით უწევდა სიარული, მხრებზე დამჯდარს. ბარისახოდან შაბათ-კვირას ამოვდიოდით, კვირა საღამოს უკან ვბრუნდებოდით. ბარისახოში ინტერნატი იყო და იქ ვსწავლობდით. 300-ზე მეტი ბავშვი ვიყავით მაშინ სკოლაში. ახლა? ახლა 50-მდე ბავშვია, დაიცალა ხევსურეთი“.

როშკიდან ბლოსკენ მიმავალი ბილიკიდან ნასოფლარებიც ჩანს - ხორნაულთა და აბაბუხნა.

„არსად არავინ აღარაა. გზა არ არის და აღარავის აქვს მოსვლის სურვილი. რა უნდა გააკეთო აბა. ვერაფერს მოიტან, ვერც ვერაფერს გააკეთებ“.

წელს, ზამთარში, თოვლმა მისი კარავი თითქმის დაფარა. უზარმაზარი ზვავების გამო, რამდენიმე კვირა მოწყვეტილიც იყო გარესამყაროს. სნოუბორდი აქვს, გადაკეთებული. დიდთოვლობის დროს იყენებს. როშკაში ან ბარისახოში ჩასასვლელად, მთის კალთაზე შეფენილი ბლოდან სნოუბორდით ეშვება და ქვემოთ, ხეობაში, მდინარის პირას ისე ჩადის.

ბლოში ნათურა პირველად წელს აანთო. მზის ორი ბატარეა სოფლის დახმარების პროგრამით შეიძინა.

ცოტა კი არის ფული, მაგრამ მაინც იმედით უყურებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამას - ჩვენვე ვწყვეტთ, რაც გვინდაო.

„წელსაც არის, 10 ათასი ლარია გამოყოფილი. გზის გაჭრას ვითხოვდით, მეც და აქედან წასულები ვინც არიან, ისინიც. გზა გვინდა როშკიდან.

სხვანაირად უნდა შველა მთას. ხელი უნდა შეუწყონ იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს მთაში თუნდაც ზაფხულობით დაბრუნდეს, მხოლოდ სურვილი არა, შეუძლია კიდეც მთაში ყოფნა. სოფელიც გადარჩება და ხალხიც იცხოვრებს აქ. დახმარება უნდა საცხოვრებლით, გზა, შუქი უნდა“.

უახლოესი მეზობლები ზეისტეჩოსა და როშკაში ჰყავს. ბლოდან არცერთი სოფელი არ ჩანს, ორივე მთების გადაღმაა, თუმცა ტელეფონი იჭერს და ერთმანეთს ეხმიანებიან.

„იქით მიხა მყავს მეზობელი. აქედან ალბათ ერთი საათი მინდა მიხა პაპამდე. როშკამდეც იგივე მანძილია. ადრე, როცა ტელეფონი არ იყო, დავიძახებდით და ისმის ხმა ჩვეულებრივად. მეზობელი უფრო მოგეხმარება აქ. ყველაფერი უფლის ნებაა. რა ვქნა, როცა რამე იქნება უსაშველო, ვერაფერსაც ვერ იზამ. თუ მიაწვდენ ხმას და ღრუბელი არ იყო, ვერტმფრენით მოვლენ და მოგაქცევენ ყურადღებას“.

გადაწყვეტილი აქვს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ბლოში უნდა იყოს. სჯერა, რომ სხვა გიგაურებიც დაბრუნდებიან.

ძვირფასო გულშემატკივრებო, თქვენი მხარდაჭერით, გასულ წელს, ჩვენ ერთ მარტოკაცს, მიხა პაპას ხის თბილი სახლი ავუშენეთ. ეს არ იყო მარტივი, მაგრამ ერთად შევძელით. „მთის ამბები“ იწყებს კამპანიას ბლოელი გოგიასთვის, უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისთვის. ვეცდებით, სახლი ბლოშიც დავდგათ!

  • ანგარიშის ნომერი: GE51LB0115195065049003
  • ბანკის კოდი: LBRTGE22
  • მიმღები: ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  • დანიშნულება: #ბლოელიგოგიასთვის

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში