საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ შეიწირა კორონავირუსმა ჩართოლანებისა და გამყრელიძეების ოჯახი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:41 - 20 სექტემბერი 2021 hits 9898

ამ ოჯახის ისტორია ძალიან მძიმეა. კორონავირუსით სამი და და ორი დისშვილი გარდაიცვალა.

დედა, 77 წლის სუზი ჩართოლანი თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში, კორონავირუსის დიაგნოზით 20 ივლისს შეიყვანეს. მეორე დღეს, 21 ივლისს, კლინიკაში მოხვდნენ სუზის შვილებიც, 44 წლის დათო და 48 წლის ზურა გამყრელიძეები. დათო 1-ელ აგვისტოს გარდაიცვალა, ზურა - 12 აგვისტოს. დედამ შვილების დაღუპვის შესახებ ვერ გაიგო. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ისიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. 16 აგვისტოს დედაც გარდაიცვალა.

„დიდი ოჯახი გვქონდა, ჩემი 2 ძმა და დედა ვცხოვრობდით. პირველად კოვიდი დათოს დაუდასტურდა, ჩემს უმცროს ძმას. შემდეგ დედაჩემს, ბოლოს შუათანა ძმას, ზურას. კლინიკაში გადაყვანიდან მეორე დღეს დათო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. ზურა სულიერად მაშინ გატყდა, როცა გაიგო, რომ დათოს ცუდი მდგომარეობა ჰქონდა. შემდეგ დამძიმდა დედაჩემი. 1-ელ აგვისტოს გარდაიცვალა ჩემი უმცროსი ძმა დათო, 12 აგვისტოს შუათანა ძმა -ზურა, 16 აგვისტოს გარდაიცვალა დედა. ვნანობ, დედას ხშირად არ ვეუბნებოდი, რომ მიყვარს და არ ვეფერებოდი. უსამართლობაა, რომ უფროსი ძმა ცოცხალი იყოს და უმცროსები მიწას მიაბარო, თან შენი ხელით. ეს ღვთის რისხვა თუ მე დამატყდებოდა, ჩემს ოჯახს დაატყდებოდა და ასე შემომეცლებოდნენ ხელიდან, ცუდ ფიქრებშიც ვერ წარმოვიდგენდი. დედა სვანი იყო. ყოველ წელს მიდიოდნენ სვანეთში, იქ სახლის აშენება და საცხოვრებლად გადასვლა უნდოდათ. აუხდენელი ოცნება დარჩათ“, - კორონავირუსით სუზის მესამე შვილიც დაინფიცირდა, ყველაზე უფროსი, მაგრამ სოსო ორჯერაა აცრილი და გადარჩა:

„დედაჩემმა და ჩემმა ძმებმა ვერ მოასწრეს აცრა. აცრილები რომ ყოფილიყვნენ, ასე არ დამთავრდებოდა ყველაფერი. მე „სინოვაკით“ ორჯერ აცრა მოვასწარი. კოვიდი მეორე აცრიდან 5 დღეში დამიდასტურდა, მაგრამ ისე ადვილად გადავიტანე, როგორც ჩვეულებრივი გაციება გადააქვს ადამიანს“.

გამოყენებულია ტვ ფორმულას ვიდეომასალა

ტრაგედია ამით არ დასრულებულა. 6 სექტემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა გარდაცვლილი სუზი ჩართოლანის დას, 71 წლის თინიკო ჩართოლანს. 13 სექტემბერს კლინიკაში დაიღუპა. ის მესტიაში რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. უფრო ადრე, 18 აპრილს, კორონავირუსით გარდაიცვალა სუზის და თინიკოს და, 76 წლის ნერო ჩართოლანი.

ამ უბედურების მიუხედავად, რომლის შესახებაც ზემო სვანეთში ბევრმა გაიგო, მესტიის მუნიციპალიტეტში კოვიდშეზღუდვებს საერთოდ არ იცავენ, დარღვევებზე არც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი სამსახური აქტიურობს და არც პოლიცია რეაგირებს. ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეებს არ ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავალდებულოა და დარღვევა დაჯარიმებას იწვევს. პოლიცია არავის აჯარიმებს, გაფრთხილებასაც კი არ აძლევს.

„სამწუხაროდ, როგორც მთელ საქართველოში, ზემო სვანეთშიც ძალიან ცუდი მდგომარეობაა, კორონავირუსი ძალიან გავრცელებულია. ხალხი არ უფრთხილდება არც საკუთარ თავს და არც ახლობლებს. არ არის იმის შეგნება, რომ ადამიანმა პირბადე ატაროს, ან ინფიცირებული თუ არის, იზოლაციაში დარჩეს.

მთავრობის მხრიდანაც არ ხდება კონტროლი და კარანტინის პირობებს ვინც არღვევს, ამაზეც კი არ რეაგირებენ. წინასაარჩევნოდ არ უნდათ ადამიანების მომდურება. მათთვის უფრო მომგებიანია ის, შეიძლება ძალიან ცუდად ვამბობ, დღეში 80 გარდაცვლილი გვყავდეს, ვიდრე ასობით ოჯახი, რომლიც ხმას არ მისცემ.

დღეისათვის ყველაფერი მიშვებულია“, - კოვიდშეზღუდვებზე უკონტროლო მდგომარეობას 2 ოქტომბერს დაგეგმილ მუნიციპალური ორგანოების არჩევნებს უკავშირებს გეგი გულედანი, მესტიის რაიონული საავადმყოფოს ადმინისტრაციული დირექტორი. ის თავადაც მონაწილეობს არჩევნებში და მესტიის მერობის ერთ-ერთი კანდიდატია.

სტატისტიკური მონაცემებით, 1-ლი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, მესტიაში კორონავირუსის 153 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. გეგი გულედანის თქმით, ზემო სვანეთისთვის, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 10 ათასს აღწევს, ეს ძალიან მაღალი რიცხვია: „50-60 ადამიანი იკეთებს ყოველდღიურად ვაქცინას. ყველაზე მეტი მოთხოვნა პფაიზერის ვაქცინაზეა, მაგრამ შორს მდებარე სოფლებთან კავშირი ჭირს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, ყველას კიდევ საკუთარი მანქანა არ ჰყავს, რომ გადაადგილდეს. მერიას ახლა მაინც ეზრუნა და ამ პერიოდში მაინც დაენიშნა ტრანსპორტი, რომ სოფლებიდან ხალხი ვაქცინაციისთვის მოსულიყო მესტიაში და მერე ისევ უკან დაებრუნებინათ“.

კორონავირუსით ინფიცირებულებს მესტიის საავადმყოფოში ვერ მკურნალობენ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, თუ პაციენტი კლინიკაშია მოსათავსებელი, კატასტროფის ბრიგადას იძახებენ და რომელ საავადმყოფოშიც თავისუფალი ადგილი აღმოჩნდება, იქ აგზავნიან.

„ვისაც ჩვენთან ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდება, მათ მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტროს ვაწვდით, რის შემდეგაც სამინისტრო უკავშირდება ან უმეტეს შემთხვევაში არ უკავშირდება პაციენტებს და ბინაზე ხდება მათი მართვა.

ძალიან მიშვებული სიტუაციაა, პაციენტებს ვერ ექცევათ სათანადო ყურადღება ბინაზე და მერე მოდიან ჩვენთან გართულებებით. მესტიაში კოვიდცენტრი არ გვაქვს და სხვადასხვა ქალაქში გადაგვყავს, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, თბილისში, სადაც თავისუფალი ადგილი გამოჩნდება.

მთავარი პრობლემა, რის გამოც მესტიაში კოვიდცენტრი არ ფუნქციონირებს, ექიმების დეფიციტი და შესაბამისი აპარატურის არქონაა: „კადრების დეფიციტია, ამის გამო ვერ ვხსნით კოვიდკლინიკას. არც არავის აქვს ჩვენთან ჩამოსვლისა და მუშაობის სურვილი. არის რიგი კვლევები, რასაც ჩვენთან ვერ ვატარებთ, არ გვაქვს კომპიუტერული ტომოგრაფია, არც სპეციალისტია. ბევრი რამ არის, რაც ვერ კეთდება. არც კარდიოლოგი გვყავს, არც ტრავმატოლოგი. ერთი რეანიმატოლოგია, რომელიც ძალიან ცოტაა ჩვენი რეგიონისთვის და თითქმის ჩაკეტილი გვყავს, ვერ გადის ვერსად. კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული თბილისში მომუშავე ერთ-ერთ წამყვან კარდიოლოგთან. პაციენტს გადავუღებთ ექოსკოპიას და ონლაინ რეჟიმში ვიღებთ კონსულტაციებს. არ გვყავს ყელ-ყურის ექიმი, თვალის ექიმი. რომ ჩამოვთვალო, იმდენი ექიმი არ გვყავს, რაც გვყავს, ის რომ ჩამოვთვალო, უფრო მარტივია. ვართ პედიატრი, ქირურგი, თერაპევტი, ოჯახის ექიმი, ნეონატოლოგი, გინეკოლოგი. ნეონატოლოგი თბილისიდან გვყავს მოწვეული. ზამთრის სეზონზე მერია გვეხმარება ტრავმატოლოგების დაფინანსებაში. სამთო-სათხილამურო კურორტები როცა იხსნება, მაშინ ჩამოდიან და ადგილზე ვუწევთ პაციენტებს დახმარებას.

მთავრობამ უნდა მიაქციოს ამ პრობლემას ყურადღება. ასეთი რეგიონების მართვა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. რაიმე შეღავათი ან წახალისება თუ არ ჰქონდათ აქ მომუშავე ექიმებს, რამდენიმე წელში უფრო გაჭირდება. ჩვენს კლინიკაში ექიმების 80 % პენსიონერია. სამთო კურორტია სვანეთი, მედიცინას ცოტა სხვანაირად უნდა მიხედონ. საქართველოში არ გვაქვს იმდენი რეგიონი, სადაც მთავრობის ჩართულობა აუცილებელია ასეთი პრობლემის გადასაწყვეტად - მესტია, ყაზბეგი, ფშავ-ხევსურეთი, რომლებიც მოსაზღვრე რეგიონებია თან. ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეეძლოს ადგილზე მიიღოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. მერე, მოსახლეობაც ნაკლებად გაიქცევა ქალაქში. შვილი რომ ცუდად გაუხდება და ადგილზე ვერ მიხედავს, ის რატომ დარჩება აქ?“

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში. მძიმეა 1 253 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 320 ადამიანი; 1 036 პირი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 17 314 ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

20 სექტემბრის მონაცემებით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 947 477 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.2 %-ია. სრულად ვაქცინირებულია 707 563  ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.8 %. 19 სექტემბერს აიცრა 7 720  ადამიანი, რასაც სიმცირის გამო, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საგანგაშო უწოდა.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში