საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პირველი მაშველი ქალი საქართველოში - ნატა ჯაფარიძე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:13 - 20 სექტემბერი 2021 hits 13974
ფოტოზე - ნატა ჯაფარიძე, FB გვერდიდან
საზოგადოება
ფოტოზე - ნატა ჯაფარიძე, FB გვერდიდან

„როცა ადამიანი ზვავშია მოყოლილი, დაახლოებით 15 წუთი გვაქვს მის გადასარჩენად - უნდა იპოვო, ამოთხარო და ამოიყვანო. მოტეხილობების შემთხვევაში, თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, ზოგჯერ წამებიც გადამწყვეტია. ქვეყანას კი ერთი სამაშველო ვერტმფრენიც არ აქვს. უშბაზე რომ ვიღაცას შველა სჭირდება, შენ ფეხით უნდა ახვიდე. იმდენ დროს კარგავ, ან გადაარჩენ, ან არა“, - ნატა ჯაფარიძე 21 წლის იყო, საქართველოში პირველი მაშველი ქალი რომ გახდა.

თხილამურზე 3 წლიდან დგას, ბაბუამ ასწავლა: „მიყვარს და მსიამოვნებს ამის კეთება. მთავარი მოტივატორი ეს იყო. 2013 წელს, მთის კურორტების განვითარების კომპანიას სვანეთში მალხაზ უდესიანი ხელმძღვანელობდა. მასთან ვმეგობრობ და ვეუბნებოდი, რომ მინდოდა, მაშველი ვყოფილიყავი. სასაცილოდ ეჩვენებოდა ყველას, გოგო მაშველი არა, კარგი ნატა, ჯიგარი ხარ. კი, კი, როგორ არა... ვაკანსია რომ გამოცხადდა, კონკურსში მონაწილეობა მივიღე. მერე ტრენინგები გავიარე, გამოცდა ჩავაბარე და მაღალი ქულები დავაგროვე. ამიყვანეს სამაშველო სამსახურში. თავიდან სამთო მაშველად ვმუშაობდი. რაღაც პერიოდის შემდეგ მეზვავე მაშველად გადავედი“.

მეზვავე მაშველად მუშაობა კიდევ უფრო რთულია - ყოველწლიურად ზამთრის სპორტის მეტი მოყვარული სრიალებს გაუკვალავ თოვლში, სადაც ზვავსაშიშროება მაღალია.

„ვინც გაუკვალაში სრიალებს, სპეციალური საზვავე აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს. სამი რამ არის აუცილებელი: ბიპერი - საზვავე გადამცემი, საზვავე ზონდი და ნიჩაბი. ბიპერი სულ ჩართული უნდა იყოს, სიგნალს გასცემს. როცა იცი, რომ ვიღაც არის ზვავში მოყოლილი, შენ გადაგყავს ძებნაზე და იღებ ამ სიგნალს. მინიმუმს რომ იჭერ, საზვავე ზონდით, რომელიც 3 მეტრის სიღრმეზე ჩადის, წერტილოვან ძებნას იწყებ. ხვდები, ზონდი სხვა სხეულს თუ მოხვდა და არა თოვლს. ე.ი. ეს ადამიანია, შეიძლება ჩანთა იყოს. მერე ვიწყებთ თხრას ნიჩბებით. 15 წუთია ის დრო, როცა შეგიძლია ადამიანი გადაარჩინო, თუ ის ცოცხალია. ხშირ შემთხვევაში მოტეხილობებისგან შეიძლება მალევე დაიღუპოს. შესაძლოა, უცებ ერთი ზვავი მოწყდა, მიხვედი მოსაძებნად და ამ დროს შეიძლება მეორე ზვავი მოწყდეს. საკმაოდ რთული და სტრესული სამუშაოა, მაგრამ უნდა გიყვარდეს მთაც და ადამიანების დახმარებაც“, - ნატამ მაშველად 5 წელი იმუშავა, 2019 წლის ჩათვლით. რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც სამსახურიდან წამოვიდა - მაშველის რთული სამუშაო გრაფიკი და დაბალი ანაზღაურება:

1000 ლარი იყო ხელფასი. მთელი დღე რომ მთაზე ხარ, ყინვაში, თოვაში, ქარში, ძალიან დაბალი ხელფასია, მითუმეტეს მაშველისთვის, თან სეზონურად“.

ახლა ყველაზე მეტი დამკვეთი თებერვალსა და მარტში ჰყავს, ძირითადად, ავსტრიიდან და გერმანიიდან. საქართველოში გაუკვალავ თოვლში სასრიალოდ ჩამოდიან. სვანეთი და ყაზბეგი ყველაზე პოპულარული მარშრუტებია. ნატას მოხევე ქმარი სანდრო ჩოფიკაშვილიც, სათხილამურო ფედერაციის ლიცენზირებული ინსტრუქტორია.

სკიტურინგი თხილამურით სრიალის ერთ-ერთი მიმართულებაა, რა დროსაც დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მოთხილამურეები საბაგირო გზას არ იყენებენ და აღმართს ფეხით ადიან. სრიალებენ იმ ადგილებში, სადაც ტრასა არავის გაუტკეპნია.

სკიტურის ფუძემდებლად ჯონ სნოუშუ ტომპსონი მიიჩნევა. მას ამანათები მიჰქონდა კალიფორნიის მთიანეთის მოწყვეტილ სოფლებში. კურიერობა 1855 წელს დაუწყია და 20 წელი უმუშავია. რეისს თვეში ორჯერ აკეთებდა, 150 კილომეტრს სამ დღეში გადიოდა და მინიმუმ ასფუნტიანი (45 კგ) ამანათი მიჰქონდა.

არყის ხისგან ხელნაკეთ თხილამურებს დიდი ხნის წინ იყენებდნენ სვანეთში და საქართველოს სხვა მთიან რეგიონებშიც, როცა სანადიროდ წასულ მთიელებს გაუკვალავი თოვლის გადალახვა უწევდათ. თუშეთის ერთადერთი ექიმი, 78 წლის ირაკლი ხვედაგურიძე, ავადმყოფების საშველად ორმეტრიან თოვლში ხელნაკეთი თხილამურებით 2018 წლამდე გადაადგილდებოდა, ვიდრე მისი ამბავი „მთის ამბებმა“ არ გააშუქა და ლევან დადვანმა თხილამურები არ აჩუქა.

სკიტურინგს სვანეთში ახლა ავითარებენ ახალგაზრდები - ნატა ჯაფარიძე, შაკო და მიშა მარგიანები, გოგიტა ჩართოლანი, ლაშა ნიგურიანი, გიორგი და ნიკო ფალიანები, ლაშა ფირცხელანი და სხვები.

„ტურიზმი კარგი შესაძლებლობა იყო ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვისაც ეს საქმე ისედაც გვიყვარს. სამწუხაროდ, ეს ყველა ადამიანის მოწოდება არ არის. მანამდე ახალგაზრდები სკოლას რომ ამთავრებდნენ სვანეთში და თბილისში მიდიოდნენ სასწავლებლად, იქ ეძებდნენ სამსახურს, აღარ ბრუნდებოდნენ. ვისაც ტურიზმი არ იზიდავს, ვინც გიდად არ იმუშავებს, მათთვის დიდად არაფერი შეცვლილა. თუ რამ გაკეთდა, ყველაფერი მესტიაშია თავმოყრილი, სოფლებში ეს შესაძლებლობებიც არ არის. არც მუნიციპალური ტრანსპორტია, რომ მესტიაში მოსვლა და უკან დაბრუნება შეძლონ“, - ნატა ჯაფარიძე მთაში ზამთრის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად სამაშველო ვერტმფრენის არქონას ასახელებს.

„ბევრ ტურისტს უთქვამს, რომ თუ სამაშველო ვერტმფრენი არ არის, ე.ი. უსაფრთხოების კუთხით წესრიგი არ გვაქვს და არ რისკავს წამოსვლას. თეთნულდზე რომ სრიალებ გაუკვალავში და რაღაც დონეზე ყოველთვის უშვებ, რომ შეიძლება ზვავში მოჰყვე. როცა ეს საფრთხე იცი და იქ მერე, არა, რა ვერტმფრენი, არ გვყავს, მაშველმა უნდა მოირბინოს, თუ ისეთ ადგილას ხარ, რომ ვერ ჩამოსრიალდება, რეალურად ამ ყველაფერში ბევრი დრო იკარგება.

ასეთი მთები როცა გვაქვს, როგორ შეიძლება სამაშველო ვერტმფრენი არ გვქონდეს? უშბაზე რომ ვინმეს შველა სჭირდება და შენ ფეხით უნდა ახვიდე იმისთვის, რომ უშველო, იმდენ დროს კარგავ, ან გადაარჩენ, ან არა. სრული არაადეკვატურობაა, მთის ამდენი კურორტი გვქონდეს და ერთი სამაშველო ვერტმფრენიც არ არსებობდეს.

ჯობია არაფერი დაგემართოს, თორემ მესტიის საავადმყოფოში ტრავმატოლოგიც არ არის. ძალიან კარგი მაშველები გვყავს, მაგრამ ტექნიკურად უზრუნველყოფილები არ ვართ“.

საქართველოში, სამთო-სათხილამურო კურორტებზე კიდევ ორი მაშველი ქალია - 23 წლის მარიამ ჯაფარიძე სვანეთში, კურორტ ჰაწვალზე და 37 წლის თეა არჩაია - ბაკურიანში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში