საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორ უხმობენ ებუთში მოსახლეობას - უინტერნეტო სოფელი სვანეთიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:40 - 10 აგვისტო 2021 hits 9524

იფნის ხის ტოტზე დაკიდებულ რკინის ბორბალს ქვას მაშინ ურახუნებენ, როცა სოფლის ცენტრში ხალხს უნდა მოუხმონ. რახუნის ხმა და ექო ებუთის ყველა უბანში აღწევს. ოციოდე ადამიანი წყაროსთან 5-10 წუთში იკრიბება. სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის გარეშე დარჩენილები ერთმანეთს ეკითხებიან, რა მოხდა.

„სტუმრები გვყავს სოფელში. კავშირი რომ არ გვაქვს, ზუსტად ეგ აინტერესებთ, როგორც იქნა“, - პასუხობს 38 წლის გია სუბელიანი თანასოფლელებს.

ცენტრში გამოსულ დიდსაც და პატარასაც ხელში ტელეფონი უჭირავს. ბარემ, შემთხვევით უნდა ისარგებლონ და ვისაც სად აქვს დასარეკი, დარეკოს - შვილი, მშობელი ან ახლობელი მოიკითხოს. ფატი ჭკადუა თავის დასთან რეკავს, ლახამულაში. დაკონტაქტებას ადრე დილიდან ცდილობდა. ტელეფონი სახლის ფანჯრის ზედა კუთხეში მიამაგრა, სადაც ზოგჯერ სიგნალს იღებს, ამჯერად ვერ მიიღო. სოფელში, სახლის საქმეებით გადატვირთულმა ცენტრში გამოსვლა ვეღარ მოახერხა. რკინის ბორბალზე რახუნის ხმა რომ გაიგო, ეგრევე წყაროსკენ მიაშურა. იცის, რომ ტყუილად არ მოიხმობდნენ.

იფნის ხის ძირში ტელეფონმომარჯვებული ადამიანების რიგი დგას. პირველივეზე თუ არა, მეორე ან მესამე მცდელობაზე გაგიმართლებს და სიგნალს მიიღებ. კავშირს სადაც დაიჭერ, იქვე უნდა იდგე, გადადგამ ნაბიჯს და საუბარი დამშვიდობების გარეშე შეწყდება.

ასე დგანან ზამთარშიც - ზამთარი კი ებუთში 5 თვე მაინც გრძელდება და მკაცრი იცის. მწვერვალ უშბასთან ახლოს, ზღვის დონიდან 1770 მეტრზე შეფენილ პატარა სოფელში მაღალი თოვლი მოდის და ყინავს. გრძელი ზამთრის სუსხიან დღეებში გარეთ ყოფნა ადვილი არ არის, მითუფრო, ონლაინგაკვეთილზე, ლექციაზე ან ტრენინგზე დასასწრებად. ამიტომაც, მეორე წელია, რაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, კომუნიკაციის არქონა კიდევ უფრო მეტად გაუჭირდათ. უნივერსიტეტში ონლაინსწავლებაზე გადასვლის გამო, თბილისიდან ებუთში დაბრუნებული 19 წლის ანრი სუბელიანი, რამდენიმე დღეში იძულებული გახდა ისევ თბილისში წასულიყო - ზამთარში, სამი-ოთხი საათი ხის ქვეშ დგომა გაუსაძლისია.

მთაში, იმ სოფლების მცხოვრებლებს, სადაც ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის, პანდემიის პირობებში მხოლოდ სასკოლო ან უმაღლესი განათლების მიღებაში კი არ ექმნებათ პრობლემები, ისინი ვერც სხვა სიკეთეებით სარგებლობენ.

ებუთიდან 2020-2021 წლებში არცერთი განაცხადი არ არის შესული მცირე და მიკრო მეწარმეობის განვითარებისთვის სახელმწიფო გრანტების პროგრამაში. არც ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯფუფის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიუღია ვინმეს მონაწილეობა.

არადა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, 300-ზე მეტი საქმიანობისთვის, როგორიცაა საკვები პროდუქტების წარმოება, მცირე სასტუმრო სახლები, ტურისტული მიმართულებები და სხვა, დაინტერესებულ პირებს 5 ათასიდან 30 ათას ლარამდე გრანტებს სთავაზობდა. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კი ეკონომიკური განვითარებისთვის, სოციალური და არაკომერციული პროექტების დასაფინანსებლად, სვანეთის მცხოვრებლებს 3 ათასიდან 25 ათას ევრომდე მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევდა.

„გვიან ვიგებთ, როცა კონკურსი უკვე დასრულებულია ან საერთოდ ვერ ვიგებთ. ინფორმაცია რომ მოგვაწოდოს, ამ სოფელში არავინ მოდის, ამოსასვლელი გზა არ ვარგა და ჩვენ ინტერნეტი არ გვაქვს. ამ ხის ძირში ხომ არ ვიჯდებით სულ? მესტიაში თუ არ ავედით, ისე ვერაფერს ვიგებთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ არის.

უნდა ჩახვიდე გზაზე 3 კილომეტრი და ელოდო, ან წახვალ, გაგიჩერებს ვინმე, ან ვერა და უკან უნდა ამოხვიდე ციცაბო აღმართი“, - გია სუბელიანის თქმით, სოფელი მობილური კავშირგაბმულობის დაფარვის ზონაში რომ არ არის და არც ინტერნეტია, ვერც ტურიზმს ავითარებენ: „აქედან საფეხმავლო ბილიკი მიდის უშბისკენ, მაგრამ იშვიათ ადგილას იჭერს ტელეფონი. ტურისტებიც მოწყვეტილები არიან. კავშირი კი აუცილებელია, მათ შორის, უსაფრთხოებისთვის“.

ებუთი, დიზი, ხევრა, თოთელეში, ჰამაში, ჰეშკილი, ადიში, ხალდე - სვანეთის ამ და კიდევ რამდენიმე სოფელში ინტერნეტი საერთოდ არ არის ან დაბალი სიჩქარისა და ხშირი წყვეტის გამო, გამოყენება შეუძლებელია. მცირე სატელეკომუნიკაციო ოპერატორი „სქაიტელი“ მხოლოდ მესტიის, ბეჩოსა და უშგულის ნაწილს ფარავს. „მაგთიკომის“, „ჯეოსელის“ და „ბილაინის“ მობილური ინტერნეტი სვანეთის 70-ზე მეტ სოფელში ხარვეზებით მუშაობს.

„ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სრულ ინტერნეტიზაციას 2014 წლიდან ჰპირდება. მრავალი პომპეზური დაპირების შემდეგ, გასულ წელს მთავრობამ ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის განხორციელება მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო. დაანონსებული „საყოველთაო ინტერნეტიზაციის“ პროგრამა მხოლოდ იმ დასახლებულ პუნქტებს მოიცავს, ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში კერძო კომპანია რომ არ გეგმავს ინტერნეტის გაყვანას და მოსახლეობა მეტია ან ტოლია 200-ის. საქართველოში 1586 ისეთი სოფელია, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200-ზე ნაკლებია.

„მთის ამბები“ მთის სათემო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს კამპანიას #ინტერნეტიმთისსოფლებს რომლის მიზანია მაღალი სიჩქარის ხარისხიანი ინტერნეტი ჰქონდეს მთის ყველა დასახლებას. ადვოკატირების კამპანია USAID/Georgia-ს პროგრამა EWMI Access-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში