საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

აიცერით, დაკეტვას ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს - პრემიერი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:21 - 20 ივლისი 2021 hits 4443

„ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ შეზღუდვების შემოტანა მოგვიწია. არც მინდა გავიმეორო სიტყვა დაკეტვა. ერთადერთი მარტივი თხოვნა აქვს მთავრობას, აიცერით. დაკეტვას ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. მოგვიწევს შემდეგ ისევ დაკეტვა, ადამიანები დაკარგავენ სამსახურს და გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო და ქვეყანას აპრილის თვეში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.

„ახლაც, თუ რამეს ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის და მათი ინტერესებისთვის. ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, რა თქმა უნდა, კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილის თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა  45%, რაც იყო მართლაც უპრეცედენტო, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად, შეიძლება ითქვას, ევროპის მასშტაბითაც. მაისის თვეში გვქონდა ასევე ძალიან მაღალი ზრდა 25%-ის ფარგლებში. წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისის თვეშიც გვექნება საკმაოდ მაღალი ზრდა, ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 15-დან 18%-მდე. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12%-ით. ამან, რა თქმა უნდა, დამატებითი  რესურსების მობილიზების საშუალება მოგვცა ბიუჯეტში, ამიტომ, ბატონმა ფინანსთა მინისტრმა მოამზადა შესაბამისი ცვლილებაც და წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი. გაიხსნა თითქმის ყველაფერი ქვეყანაში და მუშაობს წარმატებით. ეკონომიკამ დაიწყო ძალიან სწრაფი ტემპით აღდგენა და გამოცოცხლება, გაჯანსაღება. სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ შეძლეს და იმაზე მეტი ვაქცინა ჩამოიტანეს, ვიდრე საჭირო იყო:

„2 კვირის წინ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა. „ფაიზერის“ მილიონი დოზის შემოტანა დაწყებულია, ყოველ შაბათ-კვირას შემოდის ქვეყანაში, ასევე დაგეგმილია აშშ-ის მთავრობისგან საჩუქრის გადმოცემა რომელიც უახლოეს პერიოდში მოხდება და გუშინ წინ დამატებით ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა, „სინოვაკი“ შემოვიდა- ანუ ვაქცინის მილიონნახევარი დოზა ადგილზეა“.

მთავრობის მეთაურის თქმით, აცრილებში დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა პრაქტიკულად განულებულია.

„თითქმის ყველაფერი გაიხსნა ქვეყანაში და წარმატებით მუშაობს. ეკონომიკამ ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა, გამოცოცხლება და გაჯანსაღება. ჩვენი მოქალაქეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

გუშინ, მაგალითად, ბათუმში როდესაც ვიყავით, თითქმის სავსე იყო ყველა ადგილი, ყველა რესტორანი, კაფე-ბარი. არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით იყო დატვირთული, არამედ ტურისტებით. სავსეა ტურისტებით ბათუმი და ჩვენი ტურისტული ადგილები. აქედან გამომდინარე, მე მინდა ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მივმართო თხოვნით: ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ მოგვიწია ხელახლა შეზღუდვების შემოტანა.

მე არც მინდა სიტყვა გავიმეორო დაკეტვა და აშ.. ყველაფერი მოვხსენით, მოვხსენით ქუჩაში ნიღბის ტარების ვალდებულებაც იმიტომ, რომ გაუსაძლისი იყო სიცხეში ნიღბის ტარება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, თუ ადამიანს სურს, მას შეუძლი ატაროს ნიღაბი ქუჩაშიც, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ დახურულ სივრცეებში, გაჩერებებზე, ტრანსპორტში სავალდებულოა ნიღბის ტარება. მეორე საკითხი, ე.წ კომენდანტი - გადაადგილებაზე შეზღუდვა მოვხსენით და ღამის საათებში ასევე თავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენი მოქალაქეები. ვაქცინები იყო პრობლემა და შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო.

რაც ყველაზე მთავარი არგუმენტია ჩვენი მოქალაქეებისთვის - აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული. ანუ, აცრილი ადამიანის სიკვდილიანობის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ოჯახის წევრების, შვილების  ერთადერთი პრაქტიკული დაცვა. ამიტომ, მე მინდა კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. გუშინ ჩვენ 11000 აცრა ჩავატარეთ, რაც საკმარისი არ არის. ჩვენ თუ არ ავედით დღეში 20 000 -30 000 აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება პროცესის მართვა, მეგობრებო.

დღეს ჩვენ გვქონდა 2600 შემთხვევა. ეს ძალიან საგანგაშოა, მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო მოქალაქეები, ჩვენი მოსახლეობა. ძალიან ცუდი ტენდენციაა. ერთი მხრივ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, გვინდა, რომ ყველა გახარებული და ბედნიერი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს მთავრობას - აიცერით.

მე მგონი ძალიან მარტივია ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველაფერი, ყველა რესურსი, საშუალება იმისთვის, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება, მილიონ-ნახევარი მოქალაქის აცრა. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

19 ივლისს ჩატარებული 36 375 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 1557 შემთხვევა – თბილისში ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 26 ინფიცირებული, 880 კი გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში გაუარესებულია ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდემილოგიურ ვითარებას განსაზღვრავს. მისივე თქმით, საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც განგაშის ერთ-ერთი საფუძველია და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული.

ამ თემაზე:

მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში