საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თბილისიდან ზემო სვანეთში დაბრუნებული ხარძიანების ექვსშვილიანი ოჯახი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:45 - 03 ივლისი 2021 hits 24549
ფოტო © სვანეთის სათემო რადიო
საზოგადოება
ფოტო © სვანეთის სათემო რადიო

სოფო გულბანმა და ედუარდ ხარძიანმა თბილისი პანდემიის დროს დატოვეს და 5 შვილთან ერთად, სვანეთს დაუბრუნდნენ. 40 წლის შემდეგ, ხარძიანების მამაპაპისეული სახლი კალს თემის სოფელ ვიჩნაშში, დანგრეული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი დახვდათ, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილება სვანეთში დაბრუნებაზე იმდენად მტკიცე იყო, რომ უსახლობამ ვერ შეცვალა. მეზობელ სოფელ ლალხორში დამკვიდრდნენ, სადაც მეექვსე, ნაბოლარა თამარიც შეეძინათ.

„არ არის ეს დროებითი ან იძულებითი გამოქცევა. მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. განა არ მეშინოდა, ცხოვრება ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ. არ ყოფილა აქ ცხოვრება ისეთი რთული, როგორიც ქალაქიდან ჩანს. ადვილია მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი, მაგრამ შრომისმოყვარე ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. ხანდახან უკვე მიკვირს კიდეც, თბილისში როგორ ვცხოვრობდი“ - სოფო გულბანი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მეუღლე, ედუარდი კი ერთი წლის იყო, როცა მისმა ოჯახმა სვანეთი დატოვა.

მშობლიური კუთხის სიყვარული ამ ოჯახში დიდსა და პატარას აერთიანებს. იხსენებენ, რომ სადღაც გულის სიღრმეში ამაზე სულ ფიქრობდნენ და ოცნებობდნენ, მაგრამ რაკი მამაპაპისეულ სახლში არ იცხოვრებოდა, ფეხს ითრევდნენ. ზოგი ჭირი რომ მარგებელია, ეგ ამბავი დატრიალდა - გადაწყვეტილების მიღებაცა და სისრულეში მოყვანაც კოვიდპანდემიამ დააჩქარა, როცა თბილისში ცხოვრება ოჯახისთვის თითქმის გაუსაძლისი გახდა.

„ქალაქში როდესაც ცხოვრობ, სამსახურზე ხარ დამოკიდებული, ხელფასს ელოდები. მეც და ჩემი მეუღლეც ვმუშაობდით, მაგრამ ფული არაფერში გვყოფნიდა. ყველაფრის ყიდვა გიწევს. აქ თვითონ მოგვყავს. ძროხა შევიძინეთ, მიწას ვამუშავებთ, კარტოფილი დავთესეთ, ბოსტანი მაქვს. ვცდილობთ, ფუტკარიც მოვაშენოთ. ჩემი მეუღლე ხეზე კვეთს. კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია აქ ახალგაზრდა ადამიანს. მაგალითად, სათბურის. ზოგი პროდუქტი, კიტრი და პომიდორი საერთოდ ვერ მოდის. სიცივეა და ამიტომ. სათბურით მარტო ოჯახს კი არა, სოფელსაც დავეხმარებოდით“, - ხარძიანების მთაში დაბრუნება მეზობლებს გაუხარდათ და გაუკვირდათ კიდეც. ამ დიდმა ოჯახმა შეავსო და აახმაურა დიდწილად დაცლილი სოფელი.

16 წლის მარიამი, 14 წლის სალომე, 12 წლის მართა, 10 წლის ანა, 6 წლის გვანცა და 10 თვის თამარი სვანეთის მთების ძირში ჩამალულ ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში იზრდებიან.

ლალხორი კალის თემის ადმინისტრაციული ცენტრია, მდინარეების ენგურისა და ხალდეჭალის შესართავთან, ზღვის დონიდან 1760 მეტრზე.

ლალხორში მუდმივად 7 ოჯახი ცხოვრობს, ვიჩნაშში 5, დავბერში  4. იფრარშიც 4, თუმცა მე-2 წელია, ზამთარში მხოლოდ 1 ოჯახი რჩება. ხეში 2 მუდმივად მცხოვრები კომლია,  ხალდეში მხოლოდ ზაფხულობით ცხოვრობს 4 ოჯახი. აგრაი და ლასკრალი მოსახლეობისგან მთლიანად დაცლილია.

ლალხორში, ხარძიანების ახალდაბრუნებულ ოჯახში, ქალაქის გაწამაწიასა და პანდემიის ალიაქოთს გამორიდებულები, უფროს-უმცროსიანად, მუხლჩაუხრელად შრომობენ მოსაღონიერებლად, რამაც მათი სვანეთში დარჩენა უნდა უზრუნველყოს. სახელმწიფოც ეხმარებათ. მრავალშვილიანი ოჯახი ყოველთვიურად 660 ლარს იღებს.

სვანეთის მეჩხრად დასახლებულ სოფლებში მოსახლეობამ პანდემია თითქმის ვერ იგრძნო. ბუნებრივად დაცულმა სოციალურმა დისტანციამ და გართულებულმა მიმოსვლამაც განაპირობა, რომ კალის თემში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბავშვებისთვისაც ნაკლებად დამთრგუნველი აღმოჩნდა ქვეყანაში არსებული სიტუაცია და არც სწავლა-განათლებაში შეშლიათ ხელი, რაც თბილისში შეუძლებელი იქნებოდა ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად საჭირო ტექნიკის არქონის გამო.

„პანდემიის პერიოდში პატარა ხანს მომიწია თბილისში ცხოვრება და ძალიან რთული იყო. მრავალშვილიანი ოჯახი ვართ და ყველას გვჭირდებოდა სათითაოდ ეს ლეპტოპი, ტელეფონი და არ გვქონდა ამდენის საშუალება. ხანდახან გაკვეთილზე ვერ შევდიოდით და ვერც ვსწავლობდით. აქეთ რომ წამოვედით, დამავიწყდა ვირუსის არსებობა. სკოლა ძალიან მოკლე პერიოდით დაიკეტა. მასწავლებლები ჩამოსულებიც გვყავს და ადგილობრივებიც. სწავლა სადაც გინდა, ყველგან კი ისწავლი, მაგრამ აქ მაინც უფრო მეტ ცოდნას გაძლევენ. იცით რატომ? ცოტანი ვართ და ინდივიდუალური მიდგომა აქვთ მასწავლებლებს, მეტ დროს გვითმობენ“, - ამბობს 16 წლის მარიამი.

ლალხორში ხარძიანების მრავალშვილიანი ოჯახის დაბრუნებამდე, კალის თემის ერთადერთ საჯარო სკოლაში სულ 12 მოსწავლე სწავლობდა. ახლა 16-ნი არიან. სკოლაში მე-2, მე-8 და მე-10 კლასები არ აქვთ. სექტემბერში, ახალი სასწავლო წლისთვის, პირველ კლასში 2 ბავშვს ელოდებიან. მათ შორის, ერთი სოფო გულბანისა და ედუარდ ხარძიანის მეხუთე შვილი, 6 წლის გვანცაა.

საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, რა თქმა უნდა, სირთულეებსაც უკავშირდება. სოფელი ლალხორი მესტია-უშგულის გზის პირასაა. ამ გზის რეაბილიტაცია მესტიიდან მულახის ჩათვლით, 2012 წლამდე განხორციელდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 9 წელში, ბეტონის გზა მხოლოდ მულახიდან კალამდე დაიგო. კალას ზემოთ უშგულამდე ისევ გრუნტის გზაა. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ადგილობრივებს ჰპირდებიან, რომ რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება. მანამდე ავტომობილებს გადაადგილებაც უჭირთ და მათ ყოველ გავლა-გამოვლას, მტვრის აუტანელი ბუღი მოსდევს.

მთავარი ბარიერები, რაც მთაში დამაგრებისას გეღობება, უგზოობასთან ერთად, საბავშვო ბაღის, მუნიციპალური ტრანსპორტის არქონა და ჯანდაცვის სერვისებზე დაბალი ხელმისაწვდომობაა. კალის თემში ბავშვებს არ შეუძლიათ ცეკვისა და სიმღერის, ხატვის, ქარგვის, სპორტის რომელიმე სახეობის შესწავლა და ამ კუთხით განვითარება. კალის სოფლებში არც ინტერნეტია, ზოგან გამართული მობილური კავშირიც არ არის.

„თბილისში რომ ვიყავი, ცეკვაზეც დავდიოდი, სიმღერაზეც, ფანდურზეც. აქაურ ბავშვებსაც ხომ უნდათ? 16-ნი კი ვართ სკოლაში სულ, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?! ცუდია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ასეთი განსხვავება რომ არის.

ბიბლიოთეკა გვაქვს, მაგრამ წიგნის მოყვარული ადამიანი ერთ წელში მოახერხებს ყველაფრის წაკითხვას, ცოტა წიგნია. მინდა, რომ ჩემი უმცროსი დები მოკლებული არ იყვნენ ყველაფერს. იქნებ, ნელ-ნელა რამე შეიცვალოს, თუ არა, სტუდენტი რომ გავხდები და თბილისში წავალ, ამათაც წავიყვან, რომ იქ შეძლონ სხვადასხვა წრეზე სიარული. ზამთარში ძალიან ხშირად მიდის შუქი. ტელეფონიც თუ დაგიჯდა, სამყაროს მოსწყდები“, - მარიამ ხარძიანის ეს სიტყვები განსაკუთრებით საგულისხმოდ ისმინება მიტოვებული და გავერანებული ნამოსახლარების ფონზე. მალე სტუდენტი გახდება, მაგრამ სწავლის შემდგომ ფიქრებში მაინც ისევ სვანეთს დასტრიალებს.

„იქით მირჩევნია თუ აქეთ? ისეთი კითხვაა, დედა უფრო გიყვარს თუ მამა? ხანდახან ზღაპარი მგონია, აქ რომ ვარ. სწავლის დასრულების შემდეგ, ალბათ, ისევ აქეთ წამოვალ და ჩემს წვლილს აუცილებლად შევიტან, რამე ახალს აუცილებლად გავაკეთებ, რომ ჩემი თემი და სოფელი წინ წავიდეს“.

მთის იმედად რჩება, რომ ხარძიანების მრავალშვილიანი ოჯახი საკუთარ მომავალს სვანეთს უკავშირებს.

ავტორები: ნინო ბაიდაური, გიორგი ბოლქვაძე

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში