საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

18 იანვრიდან მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:21 - 17 იანვარი 2021 hits 11353
ფოტოზე - ეკა დგებუაძე, განათლების მინისტრის მოადგილე
საზოგადოება
ფოტოზე - ეკა დგებუაძე, განათლების მინისტრის მოადგილე

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ.

ინტერნეტპროვაიდერები „სილქნეტი“, „მაგთიკომი“ და „ბილაინი“ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია.

განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე აცხადებს, რომ დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20 GB საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტრესურსების მოსაძიებლად.

პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე https://mobile.emis.ge/ მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც აღნიშნული პაკეტის გააქტიურება სურთ. პაკეტის მოქმედების ვადა 30 დღეა, რის შემდეგაც გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება.

„დისტანციური სწავლების“ პაკეტით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 2021 წლის 18 იანვრიდან ივნისის ბოლომდე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.

სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე დღის წინ გააფორმა. მემორანდუმის მიზანია პანდემიის პირობებში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, მაქსიმალურად უზრუნველყოფილები იყვნენ ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მობილური ინტერნეტკავშირით.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის გამო სახლშია 3-17 წლის ასაკის 661 500 ბავშვი. მათგან, 50 400 ბავშვს არ აქვს ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა საცხოვრისში. ქვეყანაში 221 000 ბავშვი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობს. UNICEF-ის კვლევა 2020 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. საქართველოში Covid 19-ის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა შეზღუდვებთან ერთად, სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ. დიდ ქალაქებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შენარჩუნდა ახალი, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყების შემდეგაც.

„მთის ამბებმა“ რეპორტაჟების სერია მოამზადა, ინტერნეტის არქონის გამო როგორ (ვერ) სწავლობენ ბავშვები საქართველოს მთიანეთში.

11 წლის ალექსანდრეს დისტანციური განათლების ქოხი

„ქართული ოცნება“ ქვეყნის სრულ ინტერნეტიზაციას 2014 წელს დაგვპირდა. 2015 წელს მთავრობამ განაცხადა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი დაიწყო, მაღალხარისხიანი და იაფი ინტერნეტი საქართველოს 2000-მდე სოფელში შევიდოდა და მოსახლეობის 91 %-თვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. იგივე დაპირება გაიმეორა მთავრობამ 2016, 2018 წლებშიც.

2020 საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად, დაპირებების ახალი ეტაპი დაიწყო. იანვარში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების სტრატეგია დაამტკიცა და საყოველთაო ინტერნეტიზაციაც ხელახლა დაანონსდა. პროექტს ამჯერად Log In Georgia ჰქვია, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულდეს. Log In Georgia-ს საპილოტე რეგიონად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შეირჩა.

ასე პომპეზურად, არაერთხელ დაანონსებული ინტერნეტიზაცია, სინამდვილეში სულაც არ არის „საყოველთაო“. ეს პროგრამა მხოლოდ იმ დასახლებულ პუნქტებს მოიცავს, სადაც ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში კერძო კომპანია არ გეგმავს ინტერნეტის გაყვანას და სადაც მოსახლეობა მეტია ან ტოლია 200-ის. საქართველოში 1586 ისეთი სოფელია, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 200-ზე ნაკლებია.

საქსტატის 2020 წლის ივლისის მონაცემებით, მოსახლეობის მხოლოდ 61.8 %-ს აქვს კომპიუტერი. ქალაქში მცხოვრებლებთან შედარებით (76.0 %), სოფლებში მხოლოდ 42.4 %-ს აქვს კომპიუტერი. ინერნეტი არასდროს გამოუყენებია 6 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის 24.6 %-ს. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთშია.

„მთის ამბების“ მთიულეთის, პანკისის, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის სათემო ორგანიზაციებთან ერთად, USAID/Georgia-ს პროგრამა EWMI Access-ის მხარდაჭერით, ახორციელებს ადვოკატირების კამპანიას, რომლის მიზანია მაღალი სიჩქარის ხარისხიანი ინტერნეტი ჰქონდეს მთის ყველა დასახლებას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში