საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მარტოკაცი ასფარადან - სოფელი, რომელსაც ეპისკოპოსი ოაზისის გასაკეთებლად ყიდულობს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:47 - 24 ნოემბერი 2021 hits 65131
ჰაირაპეტ ისპირიანი
საზოგადოება
ჰაირაპეტ ისპირიანი

მარტო ექვსი წლის წინ დარჩა. ზამთარში გარესამყაროს მოწყვეტილია, ზამთარი კი ჯავახეთის ამ სოფელში ექვსი თვე გრძელდება. ყინვა -40 გრადუსს აღწევს. ჩაკეტილი ასფარადან გაღწევის ერთადერთი გზა ფარავნის გაყინული ტბაა. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპისკოპოსს ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, რომელსაც თითქმის ნახევარი სოფელი უკვე ნაყიდი აქვს, უთქვამს, რომ როცა იქ ოაზისს გააკეთებს, მთიდან ტრასამდე საბაგირო იმუშავებს. მეუფეს ამ სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრების სახლის ყიდვაც განუზრახავს. ეპისკოპოსი დახმარებას ითხოვს „სამშობლოს ყიდვაში, რომ ის არ მოხდეს, რაც დღეს დავით გარეჯში ხდება“.

„30-ზე მეტი სახლი იდგა. ხალხი ცხოვრობდა, სკოლაც გვქონდა. როცა ეს ყველაფერი იყო, ცხოვრება შეიძლებოდა. ახლა, აღარ... რთულია მარტო ცხოვრება. გრძელი ზამთარი იცის, 3 მეტრამდე თოვლი მოდის. მხოლოდ ფეხით შეგიძლია გადაადგილება, ზედ, თოვლზე და მერე ტბაზე. წყალი სულ იყინება. -40, -42 გრადუსი ყინვაა. სახიფათოა ტბაზე გავლა, ზოგჯერ ყინული ტყდება. ბევრი მსხვერპლი გვახსოვს. სხვა საინტერესო აქ არაფერია. ყურადღებას არავინ გვაქცევს.

თითქმის ნახევარი სოფელი უკვე იყიდა მეუფემ. სანატორიუმის, რესტორნების, სასტუმროების გაკეთება უნდა.

ზაფხულში, 5 თვე კარგი ამინდია, სანატორიუმი იმუშავებს, ხალხი მოვა, დაისვენებს. აბულის დიდი მთაა, ახლა არ ჩანს, ნისლია, მთიდან ტრასამდე საბაგირო იმუშავებსო. 3-4 ათას ლარს იხდიან სახლში. მე არ ვყიდი ჯერ. რომ გავყიდო, სად წავიდე? ამ ფასად ვერსად ვერაფერს ვიყიდი“, - 54 წლის ჰაირაპეტ ისპირიანი კარ-მიდამოს გაყიდვის სანაცვლოდ იმაზე მეტ თანხას რომ ითხოვს, ვიდრე მას ეპისკოპოსი სთავაზობს, ამაში ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მედიას ადანაშაულებს:

„იქ 2000 ლარად მაქვს სახლი ნაყიდი და ეს კაცი ითხოვს 25 ათას დოლარს, იგივენაირ სახლში, რაც მე ნაყიდი მაქვს ბევრად იაფად. იმიტომ, რომ ამ კაცმა ახლა უკვე იცის, სხვათაშორის მედიამ კიდევ უფრო გაამძაფრა ამ კაცის ცნობიერებაში, რომ ესე იგი, რაღაცა ძალიან საჭიროა ეს სახლი“.

ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიას 2002 წლის 17 ოქტომბრიდან მართავს. ამ პერიოდში, მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემებით, ასფარაში 107 ადამიანს უცხოვრია. 2013 წლამდე სოფელი დაიცალა. ეპისკოპოსმა სახლებისა და მიწის ნაკვეთების ყიდვა ამ დროიდან დაიწყო. უძრავი ქონების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს მეუფე თვითონ აწარმოებს, რის შემდეგაც სახლებსა და ნაკვეთებს დეკანოზი ალექსანდრე ქასრაშვილი, მონაზონი ლელა ჭინჭარაული და ეპისკოპოსთან დაახლოებული პირი ნატალია სვიმონიშვილი ყიდულობენ. უძრავი ქონების რეესტრში განთავსებული დოკუმენტების მიხედვით, გარკვეული დროის შემდეგ, სამივე პირი, გარიგების საფუძველზე ქონებას ააიპ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრის სახელზე აფორმებს, ოღონდ ეპარქიის სასწავლო ცენტრიდან მიღებული თანხა ზოგიერთ შემთხვევაში ორჯერ აღემატება ქონების შეძენისას გადახდილ ღირებულებას. მაგალითად, 2013 – 2019 წლებში ლელა ჭინჭარაულს ასფარაში 11 მიწის ნაკვეთი აქვს ნაყიდი, რაშიც, ნასყიდობის ხელშეკრულებების თანახმად, 33 ათასი ლარი გადაუხდია. ეპარქიისგან კი მას 63 ათასი ლარი აქვს მიღებული. საეჭვო სქემის შესახებ პირველად მასალა „სამხრეთის კარიბჭემ“ გამოაქვეყნა.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრი, რომლის დირექტორიც პაატა ფაჩუაშვილია (ეპისკოპოსის ერისკაცობის სახელი), ასფარაში 20-ზე მეტი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელია, რაც ჯამში 112 242 კვადრატული მეტრია.

„ერთი მისვლით ხომ ვერ იყიდი სახლს? უნდა მიხვიდე, მოელაპარაკო, მერე კიდევ მიხვიდე, ხომ? ამას თანხები სჭირდება. ესენი თუ 1000, 2000 ლარად მოგვყიდიან, ერთი ამდენი ამ პროცესის დასრულებას სჭირდება. ერთ ადამიანზე და ერთჯერად მოქმედებაზე არ არის საუბარი, ლაპარაკია, რომ ისე ვიყიდოთ ეს სახლები, რომ ამ სოფლელებს არ გაუჩნდეთ ეჭვი, რომლებიც იქ კი არ ცხოვრობენ, ზოგი ერევანში ცხოვრობს“, - ასე განმარტავს ეპისკოპოსი შუამავლების გამოყენების პრაქტიკას.

ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 2080 მეტრზე მდებარე ასფარაში, სადაც  მე-11 საუკუნის ქრისტიანული ტაძრის კედლებია შემორჩენილი, სოფელთან ახლოს კი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით დათარიღებული ციხესიმაგრე „ქოროღლის“ ნანგრევები მდებარეობს, ეპისკოპოსი „ოაზისის“ გაკეთებას აპირებს. ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პირველად ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ერთი წლის წინ ისაუბრა.

„პირველ რიგში აქ სახლებს ავაშენებ. სოფელი შემოსაზღვრული იქნება გალავნით. გათბობა ქარსა და მზეზე იქნება. ნატურალური მეურნეობა იქნება. ყველგან კამერები დაყენდება და სახლის მფლობელს თავისი სახლის კონტროლი შეეძლება. ცხოვრება ყველას შეეძლება, ოღონდ რა თქმა უნდა, აქ სახლები იაფი არ იქნება“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

მეუფემ სახლის ყიდვა ასფარაში მცხოვრები ერთადერთი კაცის ძმისგანაც სცადა. სეირან ისპირიანი იხსენებს, რომ მას დეკანოზი ალექსანდრე ქასრაშვილი ეპისკოპოსთან ერთად შეხვდა და 15 ათასი ლარი შესთავაზა: „არ დავთანხმდი. ჩემი ძმა ასფარაში ცხოვრობს და სახლი რომ გავყიდო, შეიძლება ისიც გააგდონ სოფლიდან. ამიტომაც არ ვყიდი“.

ეპისკოპოსი არ მალავს, რომ მას მთელი სოფლის ყიდვა სურს. 

„სახლებს კი არ ვყიდულობ, მთელი სოფლის ყიდვა მინდა... მე აქ ვყიდულობ სამშობლოს და ყველას მივმართავ, დაგვეხმარეთ სამშობლოს ყიდვაში, რომ ის არ მოხდეს, რაც დავით გარეჯში ხდება დღეს...

ეს არის მხარე, სადაც, სავარაუდოდ 400 წელია, საქართველოს სახელმწიფოს თავისი თანმიმდევრული ნაბიჯები არ გადაუდგამს. ეს არის მხარე, სადაც არცერთი ქართველი არ ცხოვრობს. მე შორს ვარ რაღაც ნაციონალიზმისგან. პირველად რომ ჩავედი აქ და იმ ადამიანს, ვინც იყო გამგებელი, ვუთხარი, რომ სახლის ყიდვა მინდოდა, მითხრა - სანამ ცოცხალი ვარ, აქ სახლს ვერ იყიდიო. რატომ მეთქი? - იმიტომ, რომ ეს არის ჩემი სამშობლოო. გავიდა ორი წელი და თვითონ დამირეკა, ჩემი სახლი იყიდეო. რატომ, შენი სახლი არ არის მეთქი? - ისეთ დღეში ჩავვარდი, მამა გამიხდა ცუდად და სამშობლოს ვყიდიო, მაგრამ რადგან შენი სამშობლოც არის, ვიცი, რომ როგორც სამშობლოს ისე იყიდიო და მე არ მინდა მეზობელმა სოფლებმა იყიდონ, რომლებიც ჩვენს ისტორიულ სოფელს საძოვრად გადააქცევენო, ამიტომ მოგყიდიო. მე ვუთხარი - ვიყიდი ერთი პირობით, თუ მომეხმარები, რომ ყველა სახლი ვიყიდო“, - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა TV პირველის ეთერში.

ეპისკოპოსი დარწმუნებულია, რომ როცა მთლიან სოფელს იყიდის, იქ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრებიც ეპარქიის გახდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში