საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რაჭა საოკუპაციო ხაზთან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:57 - 17 ივლისი 2020 hits 30061

ირში ჩასულს, ვასილ მაისურაძის სახლის ცნობა არ შეეშლება. ღობეზე დიდი ლურჯი დროშაა გამოფენილი, ოქროსფერი ვარსკვლავებით. თუ მიზეზს ჰკითხავთ, გიპასუხებთ - „დროშას იმისას კიდებენ, ვინც გინდა რომ აქ იყოს. მე იმის დროშას ნამდვილად არ გამოვკიდებ, ვინც იარაღითაა შემოსული.“

იარაღით რუსეთი მოვიდა, 2008 წელს. ირიდან 3 კილომეტრში საოკუპაციო ხაზი გაავლო და სოფელი ჩიხად აქცია. უძრაობამ ირი ახალგაზრდებისგან დაცალა და ახლა მხოლოდ სამოცდაათს გადაცილებული შვიდი მოხუციღა სახლობს. „ჩვენ რომ არ ვიყოთ აქ, ეს მოხუცები, აგერ ჩამოვიდოდნენ რუსები თუ ონში არა.“

ომამდე ირი მრავალკომლიანი სოფელი იყო, სკოლა - ბაღით, კულტურის სახლით. უფრო ადრე, 1991 წლამდე, ბარიტის ქარხანა ფუნქციონირებდა, რომელიც მიწისძვრამ დაანგრია. ფაბრიკაში 300-მდე ადამიანი ყოფილა დასაქმებული ირიდან და მეზობელი სოფლებიდან. 

„მდიდარი სოფელი იყო. როგორც ქალაქი, ისე ვცხოვრობდით. ონიდანაც იყვნენ სამუშაოდ ამოსულები, ცხინვალიდანაც. ამ გზის გასწვრივ, ახლა რომ ნანგრევებს ხედავთ, მაღაზიები იყო, სპორტული დარბაზი, კლუბი, საავადმყოფო. ქართველები და ოსები თანაბრად ვსარგებლობდით. 

1990-იანი წლების არეულობის მიუხედავად, მივდიოდით, მოდიოდნენ, კარგი მეზობლობა გვქონდა. რუსები რომ შემოვიდნენ, მერე ჩაიკეტა ყველაფერი. რუსი რომ არ იდგეს, დღესაც რომ გადავიდეთ იმ ხალხთან, ისევ აღდგებოდა მეზობლობა“.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა, კვაისასთან, ონი-ცხინვალის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ააფეთქეს და ჩაკეტეს. ამ გზით, კვაისას და ცხინვალის გავლით, ირიდან თბილისში, ავტობუსით 3 საათში ჩადიოდნენ. ახლა, ონის, ამბროლაურის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხაშურისა და გორის გავლით, ირიდან თბილისამდე, მანქანით თითქმის ორჯერ მეტი დროა საჭირო.

ირში იმ დროს იგონებენ, როცა გზა ღია იყო. პროდუქტით მოვაჭრე ოსები მანქანებით გადმოდიოდნენ, სოფელში კარდაკარ ჩამოივლიდნენ და სურსათს ყიდდნენ. ურთიერთპატივისცემა ჰქონდათ და ერთმანეთსაც უნათესავდებოდნენ.

საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს, იქით ქართველი და აქეთ ოსი, ახლო თუ შორეული ნათესავი. 

ირის მახლობლად, სოფელ წედისში, ახლაც ცხოვრობს ჯავას სოფელ ყორსევიდან მაისურაძეებში გამოთხოვილი ტატიანა თედეევა. წედისიც დაცლილია. 150-დან 15 ოჯახიღა შემორჩა. „აქაური ხალხი ძალიან მიყვარან. 52 წელია აქანა ვარ და არც შინაურისგან და არც გარეულისგან ერთი უშნო ქართული არ მომაგონდება, მიყვარს აქაურობა. რუსები არიან, რაც არიან, ამრევები. ეგენი რომ არა, აღდგებოდა ურთიერთობა, ახლა ოსები თვითონაც არ არიან კაი დღეში.  მარა ეს რუსები რომ არიან, არ ვიცი რა იქნება...“

ირიდან და წედისიდან ბევრი ოჯახი რუსი ოკუპანტების შიშით აიყარა და წავიდა. ორივე სოფელთან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზი იმ მინდვრებზე გაავლეს, ოსებიც და ქართველებიც სათიბ-საძოვრად რომ იყენებდნენ. ომის მერე, ირსა და წედისში, ნახირს უდანაკარგოდ ვეღარ აბალახებდნენ. 2009 წელს, წედისელი აბესალომ მაისურაძე შვილთან ერთად თივის ჩამოსატანად იყო წასული. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სათიბში რუსები დაუხვდნენ. იარაღის მუქარით ორივე ხეზე მიაბეს და ხარები წაართვეს. ხალხი დაშინდა და სათიბს აღარ ეკარებიან.

რამდენიმე ოჯახი სოფლებს ჯიუტად არ ტოვებს. „დაცლილი რომ იქნება სოფელი, აგერ ჩამოვა. ჯერ ხალხი ვართ და გვეშინია, არ გადმოვიდნენ და ხალხი რომ არ იქნება, თავისთავად გადმოვლენ, აბა რას იზამენ, წინააღმდეგობას ვინ გაუწევს,“- ჩივის მამუკა მეტრეველი და ბრაზობს, რომ ხელისუფლებას საკუთარი სოფლები იარაღის პირისპირ უყურადღებოდ ჰყავს დატოვებული - „უნდა ამოდიოდნენ, ვალდებულები არიან. „მოსაზღვრე“ სოფელია, უნდა მოწმდებოდეს ე.წ. საზღვრები. ჩვენ აგერ ვსაუბრობთ, ვლაპარაკობთ და ვინ რა იცის იქ ეხლა რა ხდება. ვინმე იყო წასული და შეამოწმა? არავინ არ იყო, არავის არაფერი შეუმოწმებია.“

საღამოობით, წედისში, სანახშოზე, მამუკა მეტრეველთან ერთად, კიდევ ორ ახალგაზრდას თუ მოკრავთ თვალს. ახალგაზრდების წასვლის მიზეზი სკოლა-ბაღის, ინტერნეტის არ არსებობაცაა. ირიდან და წედისიდან სასკოლო ბავშვებით ბევრი ოჯახი მხოლოდ რუსეთის შიშით არ წასულა - ბავშვებს განათლება სჭირდებათ. მათ რაჭა საერთოდ დატოვეს და დიდ ქალაქებს მიაშურეს, რადგან ონშიც ვერ დასახლდებოდნენ, სამუშაო არაა და ოჯახმა ბინის ქირა ხომ უნდა იხადოს, ბავშვები ხომ უნდა გამოკვებოს. ახლაც წედისში ერთი ოჯახია, 5 და 3 წლის ბავშვებით. სკოლა რომ მოუწევთ, ისინიც აიყრებიან და დატოვებენ სოფელს. 

სკოლა 2012 წლამდე იყო. ყოფილი დირექტორი მედიკო მაისურაძე ყვება, რომ ბოლოს ერთადერთი მოსწავლე ჰყოლია, 9 კლასი დაამთავრა და სკოლაც დაიხურა.

„სასკოლო ასაკის ბავშვი აღარ იყო სოფელში, უჯაროდ დარჩენილი გენერალივით ვიყავი. ჩემთვის ეგ იმხელა ტრაგედია იყო, დედმამიშვილების სიკვდილთან გამითანაბრდა სკოლის გაუქმება. სკოლა სხვანაირად აცოცხლებს და ახალისებს სოფელს, სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს. „მოსაზღვრე“ სოფელია და აქ თუ ხალხი არ იქნა, კარგი ამბავი არ გველის“.

სკოლას მოხუცებს ხომ არ გაუხსნიან, ახალგაზრდა უნდა დასახლდეს. 30 წლის საბა ჩიხრაძე რუსთავიდან წედისში, მოხუცი მშობლების საპატრონოდ, 5 წლის წინ დაბრუნდა. საკუთარი მანქანა არ ჰყავს და ყოველი საჭიროებისას ონიდან ქირაობს, რაც 60-დან 80 ლარამდე უჯდება. ყოველ ჯერზე ამხელა თანხაც არ აქვთ სოფელში, სადაც ხალხი თავს რძის პროდუქტის გაყიდვითა და პენსიით ირჩენს.

„უტრანსპორტობა დიდი პრობლემაა, აქაურობას კლავს. ცხენით ხომ ვერ ვივლით ონში. აქ არც მაღაზიაა, არც აფთიაქი, არაფერი, ყველაფერი რაიონშია. კვირაში ორჯერ მაინც რომ იყოს ნორმალური მუნიციპალური ტრანსპორტი, ცოტა გამოცოცხლდებოდა სოფელი“. 

90-იანებიდან მოყოლებული მუნიციპალური ტრანსპორტი არც ირს ემსახურება. აქ ავტობუსის ნახვას რომ გადაეჩვივნენ, ვასილ მაისურაძე რაჭული ენამახვილობით გეტყვით -„ახლა, ავტობუსს რომ დავინახავთ, ქვებით დავდევთ, ე, რა მხეცი შემოვიდაო“. 

რამდენიმე წლის წინ, კონფლიქტის ზონის მომიჯნავე სოფლებს, გაერომ მაღალი გამავლობის მანქანა აჩუქა. მანქანა მუდმივად ადგილზე უნდა ჰყოლოდათ და საჭიროებისამებრ გამოეყენებინათ. გაეროს საჩუქარი ონის გამგეობამ დაიტოვა - სოფელში ვერ მოუვლიანო. ახლა მას კვირაში მხოლოდ ერთხელ, ოთხშაბათობით - ბაზრის დღეს უგზავნის. ერთ მანქანაში განა რამდენი ჩაეტევა და უადგილოდ დარჩენილები ისევ სოფლის მოსაცდელში რჩებიან. 

მთის სოფლებში, იაფი, მუნიციპალური ტრანსპორტის დასანიშნად ახალდაფუძნებული რაჭის სათემო ორგანიზაცია იბრძვის - „ხალხი პესიმისტურადაა განწყობილი, აი, ხუთი ადამიანი ვართ სოფელში და ტრანსპორტს ვინ დაგვინიშნავსო. სანამ არ დაინიშნება არ გავჩერდებით. ხალხის ხმას ცენტრალურ მთავრობას აუცილებლად გავაგონებთ“.

ავტორები: ლაშა ორჯონიკიძე, ქეთი მაღრაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში