საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რაჭის დაცლილი სოფლის მარტოქალი - დაბრუნება ათენიდან ათწლიანი ემიგრაციის შემდეგ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:31 - 06 თებერვალი 2020 hits 52711

დაბრუნებამდე უთხრეს, რომ უკაცრიელ სოფელში დიდხანს ვერ გაძლებდა. მაინც ჩამოვიდა. ხუთი თვეა მარტოა. უკვე მიეჩვია, რომ მისი ეზოს მყუდროებას მხოლოდ მურა დათვი არღვევს.

თეა მესხი 13 წლამდე რაჭაში იზრდებოდა. სკოლა თბილისში დაამთავრა, უნივერსიტეტიც. სამსახური ვერ იშოვა და 2009 წელს სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა. ათენში ჯერ ბავშვების ძიძად, შემდეგ კი სასტუმროს მენეჯერად მუშაობდა. 2019 წლის თებერვალში, 40 წლისამ გადაწყვიტა, მშობლიურ სოფელში დაბრუნებულიყო.

„რამ დამაბრუნა? რაჭის სიყვარულმა. რაჭა ძალიან მიყვარს. მინდა, რომ აქ ვიცხოვრო, აქ დავფუძნდე, აქ ვიყო. თებერვალში რომ ჩამოვედი, ბებია იყო ავად. დედის მხრიდან ქვემო რაჭველი ვარ, ამბროლაურიდან. ბებია ივნისში გარდაიცვალა. მას შემდეგ აქ ვარ, ჩემს სოფელში“ - თეას სოფელი - ბოყვა ონის რაიონშია, კვაშხიეთის თემში, შქმერისკენ მიმავალ გზაზე.

2002 წელს სოფელში 12 ადამიანს უცხოვრია, 2014-ში მხოლოდ ორ მოხუცს, თუმცა მალევე შვილებმა ისინიც ქალაქში წაიყვანეს.

თეამ იცოდა, რომ ბოყვაში ბოლო 4 წელი ზამთრობით აღარავინ რჩება, ზაფხულში კი ხალხმრავალია, თითქმის ყველა სახლი დამსვენებლებითაა სავსე.

ოქტომბრიდან თეა მარტო დარჩა: „მხოლოდ შაბათ-კვირას ველოდები ჩემს დებს, რომლებიც ჩამოდიან და ორშაბათს ისევ თბილისში ბრუნდებიან. რაჭა ისე მიყვარს, რომ მარტოობაც არ მაშინებს“, - ერთადერთი, რაც პრობლემას უქმნის, თოვლისგან გაუწმენდავი გზაა, სადაც მანქანა სრიალებს. „ახლაც ქვემოთ მაქვს მანქანა დატოვილი, ზუდალში, მეგობართან. ვერ ამოვედი აქამდე. ჩასვლით შეიძლება ჩავიდე ფეხით რაიონში, მაგრამ ამოსვლა რთულია. ონიდან 15 კილომეტრია, გადმოსახვევიდან 7, აღმართია“.

ბოყვა ზღვის დონიდან 1060 მეტრზეა. თეას მეზობლები რამდენიმე კილომეტრში ჰყავს. „კვაშხიეთში 3 ოჯახია, ზუდალი უფრო სავსეა. ზვარეთში ერთია, ჯოისუბანშიც ერთი, მეც ერთი ვარ. ქორთა დაიკეტა, დამრჩენი არავინ არის. შქმერში მოხუცები არიან, რამდენიმე ახალგაზრდაცაა. ჩვენთან შედარებით საკმაო რაოდენობის ხალხი ცხოვრობს, 5 -6 ოჯახია“.

რაჭაში დაბრუნების შემდეგ ცდილობს სახლს ხელი შეავლოს, მაგრამ უჭირს როგორც ხელოსნის, ასევე მუშის პოვნა.

„რაც ჩამოვედი და რასაც ვხედავ, ყველას ეზარება მუშაობა. გაზარმაცებული როგორ ვთქვა, მაგრამ ზაფხულიდან მოყოლებული ვეძებ მუშებს, სახლში რაღაც დასამთავრებელი მაქვს, მლესავი მჭირდება, სხვა ხელოსანი მჭირდება. არავის უნდა. ყველა კარგ სამსახურს ეძებს. ისე, რომ მოვიდნენ, იმუშაონ და გადაუხადო, ეზარებათ. ამიტომ ვამბობ, ადამიანმა თუ მოინდომე, ყოველთვის ყველგან რაღაცას მაინც გააკეთებ. თუნდაც მიწაზე მუშაობა, არავის უნდა“, - სოფელში მარტო დარჩენილმა ეზოში ხმელი ხეებიც თვითონ დაჭრა და შეშაც თვითონვე დაჩეხა - „ადვილი არაფერია. ცოტა სხვანაირად, დადებითად ვუყურებ ყველაფერს, არ ვართულებ და არ ვირთულებ“.

სამსახურის მოძებნა გაუჭირდა. ონის მერსაც მიაკითხა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორსაც, მაგრამ ჯერ ვერაფერი.

„ათენიდან რომ მოვდიოდი, ბევრმა მითხრა, ორი თვეც ვერ გავჩერდებოდი საქართველოში იმიტომ, რომ არ არის პირობები, არ არის სამსახური. იქ მუშაობ, შემოსავალი გაქვს, ყველაფერში გყოფნის, უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობ. ყველა ელოდებოდა, რომ ორ თვეში უკან წავიდოდი, მაგრამ არ წავედი, რაჭაში ვარ.

არ მინდა ის პირობა შემექმნას, რომ ისევ წავიდე. როცა ამბობენ, როგორ დავბრუნდე, სამსახური არ მაქვს, თუ მოინდომებ, ყველაფერს გააკეთებ. ნულიდანაც დაიწყებ ცხოვრებას. მონდომებაა, ყველაფერი“.

ზაფხულში ტურისტების მიღებას ფიქრობს. საჩხერე-ონის ახალი გზით ხეორის ხეობის გამოცოცხლებას ელოდება: „ამ გზაზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ. თავიდან ეს გზა ძალიან არ მინდოდა იმიტომ, რომ სოფელი თავის სიმყუდროვეს დაკარგავდა, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან კარგია, ხეობა აღარ ჩაიკეტება, უფრო გამოცოცხლდება, დაბრუნდება ხალხი იმის იმედით, რომ მოწყვეტილი აღარ იქნები. მე რაც ჩამოვედი, ის ორი მოხუციც გაისად აქ დარჩენას ფიქრობს. რაიმე რომ გაუჭირდეთ, იციან გვერდში ეყოლები“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში