საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გაღმა ნაპირზე ერთმანეთის იმედად - რეპორტაჟი ხორხის ხეობიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:16 - 18 დეკემბერი 2019 hits 27287

ორ სახლს შორის ნახევარ კილომეტრზე მეტია. ამ მანძილს 84 წლის ნინო ჟიჟიაშვილი ყოველდღე გადის უსინათლო მეზობლის, 72 წლის ნიკოლოზ კოდაშვილის დასახმარებლად. ერთმანეთის იმედად მყოფი მოხუცები სონდისველას არ ტოვებენ და პრობლემებს ხელჩაკიდებული უმკლავდებიან.

სონდისველა დუშეთის რაიონში ხორხის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სოფელი იყო. 2002 წელს აქ 50 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს მათი რიცხვი 16-მდე შემცირდა, დღეს კი ათს აღარ აღემატება. ძირითადად 70 წელს გადაცილებული მოხუცები არიან. ნიკოლოზ კოდაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია - უსინათლოა. სამი თვეა სოციალური დახმარების დანიშვნას ელის. სოციალური აგენტები რამდენჯერმე მივიდნენ, მაგრამ დახმარება დღემდე არ დაუნიშნავთ.

„წამალია და ვერ ვკითხულობ რომელი დავლიო, როცა ცუდად ვარ, ან თავი მტკივა. ვიცი მიახლოებით რომ ეს არის, ხელის მოსმით, ან კიდო ნინო ბებოსთან მიმაქვს, რომ წამიკითხოს“, - გვეუბნება ნიკოლოზ კოდაშვილი. 

ნინო ბებო ნიკოლოზის თვალებია. საქმეს ერთმანეთის დახმარებით აკეთებენ. 84 წლის მოხუცს ნიკოლოზი შეშის დაჩეხვაში ეხმარება. ხელის ცეცებით შეშის დაჩეხვა ადვილი როდია, თუმცა როცა სხვა დამხმარე არ ჰყავთ, ამასაც ერთობლივად ართმევენ თავს. ქალაქში ცხოვრება ორივესთვის  რთულია - „ხმაურს ვერ ვეგუებითო“. დაცლილი სოფელი და სახურავჩანგრეული სახლები კი მათი ტკივილია.

„განვიცდი ძალიან, ყველა სახლზე, ყველა სოფელზე. აი, ბოლი რომ არ ამოდის, მამალი არა ყივის, ღამე რომ შუქი არ ანთია. ეს რა ცხოვრება მოვიდა, რატომ დაიცალა სახლები? რას ამბობ, დემოკრატია არისო და წადითო ევროპაში. აქ რომ უპატრონოა ეს ყველაფერი?“ - წუხს ნიკოლოზი.

გაღმა სოფელში გამომცხვარი პურის სუნი მათ სახლებამდეც აღწევდა. სკოლაც იყო და სოფელს ბავშვების ხმაურიც ავსებდა. 1985 წელს ჟინვალის წყალსაცავის დაგუბებამ ხეობა დაცალა. ჟინვალში გამავალი გზა დაიტბორა, შემოვლითი გზა კი გრუნტიანი, გრძელი და ძნელად გასავლელია. მოსახლეობის შემცირებას სკოლებიც დახურვაც მოჰყვა. უგზოობისა და უსკოლობის გამო ხორხის ხეობა ბოლო ბავშვიანმა ოჯახებმაც მიატოვეს.

ხორხის ხეობის რვა სოფლიდან ორი - ხირაუშა და უბანი მთლიანად დაცლილია. ლაუშაში 4 ადამიანი ცხოვრობს, ბზიკურთკარში - 1 , მენესოში -2 , ქვემო ხორხში -15, ზემო ხორხში -10. 

2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში მთა ყველაზე მეტად დაცარიელდა. 250-მდე სოფელში ათზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ამდენივე სოფელი კი ნასოფლარად იქცა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში