საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ცაგერის კაპიტანი - 24 წლის ფრენბურთელი, რომელიც თბილისიდან ლეჩხუმში დაბრუნდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:56 - 12 ნოემბერი 2019 hits 30487

ერთხელ მაინც თუ მოხვდებით ამ მხარეში, გაიგებთ, როგორ სწყინთ ლეჩხუმელებს, როდესაც იქაურობა ზოგს სვანეთი ჰგონია, ზოგს კი რაჭა; აუცილებლად მოგიყვებიან ხვამლის მთისა და ღირსი მაქსიმეს შესახებ და შეიტყობთ იმასაც, როგორ ამაყობენ  „უსახელოურით“ და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ლეჩხუმის ფრენბურთის გუნდით.

ფრენბურთი წლებია, ლეჩხუმში მეტად პოპულარული სპორტია. კლუბი „ცაგერი“ ზედიზედ მეორე წელია, საქართველოს ფრენბურთის უმაღლესი ლიგის ჩემპიონია.

„ცაგერს“ 24 წლის კაპიტანი ჰყავს - თომა კალანდაძე, რომელმაც თბილისში სწავლის დასრულების შემდეგ, დედაქალაქში ცხოვრებასა და მუშაობას ცაგერში დაბრუნება ამჯობინა. 

დაბრუნება მარტივი არ აღმოჩნდა. ერთი წელი დასჭირდა სამსახურის მოსაძებნად. ახლა თომა ცაგერიდან შვიდი კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლუხვანოს სკოლაში სპორტის მასწავლებელია.

„ხშირად ფეხით დავდივარ, ხანაც გამვლელი წამომეწევა, მაგრამ გამვლელის იმედად არ ვარ, სოფელში ცოტა მანქანა დადის, ვიცი ბავშვები მელოდებიან და მანქანის ლოდინში გაკვეთილს ვერ გავუცდენ“, -  გვიყვება თომა.

სკოლაში მუშაობა არ გასჭირვებია, რადგან ბავშვებს ფრენბურთში მანამდეც ავარჯიშებდა, ზაფხულობით.

სკოლაში სულ რვა ბავშვია. თომას გული სწყდება, რომ მოსწავლეების სიმცირის გამო, სკოლა გუნდურ შეჯიბრებებში ვერ მონაწილეობს.

თანატოლების ნაკლებობასაც განიცდის და ცაგერის მთავარ პრობლემად ახალგაზრდების მიგრაციას მიიჩნევს.

„ერთი მე ვარ და ერთი ჩემნაირი კიდევ. ძალიან ცოტანი ვართ. ნადი რომ ნადია, ნადს ვერ კრავ, ნადი რომ შეკრა და აი, ერთ დღეში რომ გააკეთო ერთად საქმე მე რომ ერთი კვირა დავჭირდები.

მიდიან და მიდიან. აი, ბავშვებიც, ერთი სული აქვთ, სკოლა დაამთავრონ და თბილისში წავიდნენ. ყველას ვეუბნები ვინც თბილისშია წასული რომ ჩამოვიდნენ ერთად დავდგეთ და საქმეს გავაკეთებთ...

ერთობა თუ იქნება მართლა შეიძლება რაღაცის გაკეთება ისე ძალიან ძნელია...", - გვეუბნება თომა და თავის პირველ „უსახელოურს“ გვათავაზობს.

ვენახის მოვლა და ღვინის დაწურვა ცაგერში დაბრუნების შემდეგ დაიწყო, წელს პირველი მოსავალი აიღო. აპირებს, მომავალ სეზონზე, ბოთლებშიც ჩამოასხას, სახელიც შერჩეული აქვს, „დედული“, რადგან სოფელი ოყურეში, სადაც ვენახი აქვს, მისი დედულეთია.

24 წლის კაპიტანი ფრენბურთის მწვრთნელობის, მასწავლებლობისა და მეღვინეობის გარდა, მსახიობიცაა.  მუხლის ტრავმის გამო თვითონ ვარჯიშს ვერ ახერხებს, თუმცა იმედი აქვს მალე ჩადგება ფორმაში და საკუთარ გუნდს დაეხმარება, მანამდე კი ცაგერის თეატრის დასთან ერთად დეკემბრის პრემიერისთვის ემზადება.

ავტორი - ლევან ონიანი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში