საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჩვენს შემდეგ რა იქნება უკანაფშავში? ჯურღმული - ნაზი ბუჩუკური ჩალახევიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:39 - 04 ნოემბერი 2019 hits 17626

„ამ ხელისუფლებიდან, არც მთის კანონით ჩემთვის არაფერი შეცვლილა. არც იციან ალბათ თუ ვარსებობ. ერთი ქალი ამ სოფელს ვინახავ, ამ ჩალახევს მე ვასოფლებ. 12 წელია სულ მარტო ვარ“, - ნაზი ბუჩუკური უკანაფშავში, სოფელ ჩალახევის ერთადერთი მკვიდრია. 65 წლის არის.

ამბობს, რომ ფიზიკურად აღარ შეუძლია, თორემ ვაკისოფლიდან ჩალახევამდე გზას თვითონ გაიყვანდა: „აქ გინდა გზა, შუქი და ტელეფონი. ის, რასაც გზას ეძახიან, მდინარეში გადის, ადიდდება წყალი და მიაქვს, ცხენითაც ვერ გაივლი. ვაკისოფლიდან აქამდე გორაზეც გადმოდის ბილიკი, ცოტა გაფართოვება უნდა. კლდე არ არის დასანგრევი, რბილი მიწაა გამოსახვეტი. 10 წლის წინ რომ ვიყავი, ისევ ისეთი ჯანი რომ მქონდეს, მე თვითონ გადავთხრიდი წერაქვით“.

ორი დღის წინ, ჩალახევსა და უკანაფშავის კიდევ რამდენიმე სოფელში ინტერნეტი პირველად ჩაირთო. მანამდე ამ სოფლებში არც სატელეფონო კავშირი იყო.  

„წინა ზამთარს წელამდე თოვლი მოვიდა. სამი თვე ტელეფონზე დასარეკად არ გავსულვარ. მთაზე ავდივართ და იქ ვეძებთ ხოლმე ადგილს, რომ სიგნალი მიიღოს მაგთიფიქსმა. გადარეული იყო ხალხი, ტყის ნადირი ხომ არ ვარ, ნათესავები ხომ მყავს. სად არის, ხომ არ მოკვდაო. შუაფხომდე ამოსულან კიდეც და ზევით ვეღარ წამოსულან უგზოობისა და თოვლის გამო. არ მჯეროდა, რომ ინტერნეტი მექნებოდა“.  

ფშავ-ხევსურეთის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი „მთის სათემო ქსელმა“ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის, საქართველოს მთავრობის, ამერიკული ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოების“ და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა.

უკანაფშავის სოფლების უმეტესობა დაცლილია: „ელიაგზაში ერთადერთი გიორგი ბობღიაშვილია, ჩალახევში მე ვარ, ვაკისოფელში ამ ზამთარ ალბათ ერთი კომლიღა დარჩება - წელაურები, ხოშარაში არავინ, მუქოში წოწკოლაურები დარჩებიან, ჭიჩოში ჩემსავით მოხუცი - 80 წლის კაცია, გოგოლაურთაში აღარავინ, ზარისჭალაში თეაა და ეგ არის მთელი უკანაფშავი“.

ჩემს შემდეგ რა იქნება აქ? აი, გახედეთ გაღმა, ეგ იქნება, ტყე, ჯურღმული. რა უნდა იყოს, ვინ იცხოვრებს აქ?

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში