საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მეორედ დავიბადეთ - საზღვრისპირა სოფელ ხონეში ინტერნეტი პირველად ჩაირთო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:21 - 23 ოქტომბერი 2019 hits 8124

საქართველოს-ჩეჩნეთის საზღვართან მდებარე ქართულ სოფელში, სადაც შეთეკაურების 4 ოჯახი მუდმივად ცხოვრობს, ინტერნეტი პირველად ჩაირთო.

„მეორედ დავიბადეთ, ბედნიერები ვართ. კავშირი საერთოდ არ გვქონდა. ზამთარში ნახევარი საათით გავდიოდით სოფლიდან, მუხლამდე თოვლში, მთაზე ადგილს ვეძებდით, ტელეფონს თოკით ხეზე ვამაგრებდით. ხან გაგვიმართლებდა, ხან არა, ბევრჯერ უკან ისე წამოვსულვართ, რომ ვერ დაგვირეკავს.

დღეს ოჯახს დაველაპარაკეთ ბარში, ბავშვიც ვნახეთ, შვილიშვილი, მეორედ დაბადებაა რა. გაგვიმარტივებს ცხოვრებას, შვილების ამბავი გვეცოდინება, მართლა კარგი რამეა. ბოლომდე არ გვეგონა რომ გაკეთდებოდა. მადლობა ყველას, ვინც ეს წამოიწყო, ვინც მხარი დაუჭირა და განახორციელა“, - უთხრა „მთის ამბებს“ ხონეში მცხოვრებმა ირაკლი შეთეკაურმა. ვიდეომასალა ინტერნეტით რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ხონედან. 

ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაციის პროექტს ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია „მთის სათემო ქსელი“ ახორციელებს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის მხარდაჭერით. პროექტის განსახორციელებლად 246 ათასი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო, ამდენივე კი ამერიკული ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოების“, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს და რამდენიმე კომპანიის წვლილია. სულ ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის 76 სოფლის ინტერნეტიზაციაა დაგეგმილი. 50-ზე მეტ სოფელში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.

ხონე პირიქითა ხევსურეთში რუსეთის საზღვრისკენ მდებარე ყველაზე ბოლო სოფელია, შატილიდან 20 კილომეტრში. 6 თვე, ნოემბრის ნახევრიდან მაისის შუა რიცხვებამდე გარესამყაროს მოწყვეტილია. უახლოესი პუნქტი, მუცოში, სასაზღვრო პოლიციაა.

ხონესთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა 2015 წელს, ხანგრძლივი წვიმების შემდეგ მოსულმა ღვარცოფმა დაანგრია და მეცხვარე 600 სულ ცხვართან ერთად დამარხა. დუშეთის მერია წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ძველი გზის ადგილას ტრაქტორს გაატარებს ხოლმე, მაგრამ სავალი ნაწილი წყალს მალევე მიაქვს.

ხონეში არც შუქი აქვთ. მთავრობა უშუქოდ დარჩენილ სოფლებს ელექტროფიცირებას რამდენიმე წელია პირდება. წელს ტენდერიც ჩატარდა - იმ სოფლებში მზის ელექტროსისტემების მოსაწყობად, სადაც მუდმივად მცხოვრებლები არიან. სამუშაოები სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჯერ არაფერი ისმის. სავარაუდოდ, ათობით უშუქოდ დარჩენილ სოფელს წლევანდელი ზამთრის გატანაც ბნელში მოუწევს.

 

ამ თემაზე

გარესამყაროს მოწყვეტილი ქართული სოფელი საქართველო-ჩეჩნეთის საზღვართან - რეპორტაჟი ხონედან

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში