საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შატილის სკოლა-პანსიონი მესამედ დაიწვა - იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:01 - 19 ოქტომბერი 2019 hits 7779

შატილის ახალრეაბილიტირებულ სკოლა-პანსიონში, რომელიც 17 ოქტომბერს, რამდენიმე წუთში მთლიანად დაიწვა, არ ყოფილა ჩატარებული ექსპერტიზა, რაც შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და უსაფრთხოებას შეამოწმებდა. დუშეთის მუნიციპალიტეტს უფლება არ ჰქონდა რეაბილიტირებული სკოლა-პანსიონი ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გარეშე მიეღო. აღმოჩნდა, რომ 16 სექტემბრიდან ხანძრამდე, ერთი თვის განმავლობაში სკოლა-პანსიონში სასწავლო პროცესი ისე მიმდინარეობდა, რომ შენობა ჩაბარებულიც არ ყოფილა. ხანძარი, რომლის გამომწვევ მიზეზადაც, წინასწარი ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობა სახელდება, მეორე სართულზე გაჩნდა. ამავე სართულზე იყო სამი საძინებელი, სადაც ორშაბათიდან პარასკევამდე ხუთი ბავშვი და ერთი აღმზრდელი ცხოვრობდა. სკოლა-პანსიონი დღისით დაიწვა და ბავშვებმა და მასწავლებლებმა შენობის დატოვება მოასწრეს.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამილა ნადირაშვილი იხსენებს, რომ ცეცხლი დაახლოებით 15:10 საათზე შენიშნეს.

„გაკვეთილების მერე მოხდა. პანსიონის ბავშვებს სამიდან ოთხის ნახევრამდე აქვთ სადილი. ჯერ ყველა ისევ სკოლაში ვიყავით. უცებ გაიყარა ნაპერწკლები... სახურავში გაჩნდა ცეცხლი და აალდა. მარტო იმას ვყვიროდი, ბავშვებო, ჩქარა გარეთ გავიდეთ მეთქი. რაც მოვახერხე, ელექტროენერგია გამოვრთეთ, იქნებ რაღაც გვეშველა. ტოლს წაეკიდა ზემოთ. ქარმა ხომ უცებ იცის, გადაიტანა, გადმოიტანა და... ყველა მოვარდა, მესაზღვრეები, მუშები, ჩვენც, მაგრამ ვერაფერი გავაკეთეთ“.

ხანძრის თვითმხილველია შატილის თემის ექიმი, მიხეილ ჭინჭარაულიც.

„ამბულატორიაში მივდიოდი, ავადმყოფი უნდა გამესინჯა. ცეცხლის საშინელი კორიანტელი იყო ავარდნილი. გავიქეცი, მაგრამ რომ მივედი, ისეთი ცეცხლი იყო, იქ შესვლა არაფრით შეიძლებოდა“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ხანძრის შესახებ შეტყობინება 15:21 საათზე შევიდა. სახანძრო-სამაშველო მანქანამ, რომელიც დუშეთიდან მაშინვე გავიდა, შატილში 18:05 საათზე მიაღწია. ცუდი გზის გამო შემთხვევის ადგილას მაშველების მისვლას 2.44 საათი დასჭირდა. მთელ ფშავ-ხევსურეთში, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტზე მეტ ტერიტორიას და 77 დასახლებას მოიცავს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და მაშველების არცერთი ჯგუფი არ არის განთავსებული.

შატილის სკოლა-პანსიონის შენობა, რომელიც ხის იყო, ხანძრის გაჩენიდან დაახლოებით 5-10 წუთში მთლიანად ცეცხლში გაეხვია, ერთ საათში კი სულ ჩაიწვა.

ეს სკოლა 2005 წელს გერმანელების ფინანსური მხარდაჭერით იყო აშენებული.  შატილი მაშინაც სკოლის გარეშე იყო დარჩენილი, ისევ ხანძრის შედეგად. ახალი სკოლაც დამწვარი სკოლის შენობის ადგილას ააგეს. ინიციატორი წარმოშობით შატილიონი ლელა ჭინჭარაული იყო.

„იმ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. ერთ-ერთ შეხვედრაზე გერმანელი ქალი გავიცანი, საქსონიიდან, გუდრუნ ვალტერი. მან შეაგროვა სკოლის ასაშენებლად საჭირო თანხა. იცით რამდენი დაჯდა ამ სკოლის მშენებლობა? 27 ათასი ევრო, რადგან არცერთი თეთრი სახლში არავის წაუღია. ყველაფერი ხარისხიანად გაკეთდა. იმის გათვალისწინებით, რომ წინა სკოლა სადაც იყო განთავსებული, ის შენობაც ხანძრის შედეგად დაიწვა და ვარაუდობდნენ, რომ ცეცხლი მაშინაც ელექტროსადენებიდან გაჩნდა, ახალ სკოლაში ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ. გერმანულმა მხარემ ელექტროგაყვანილობისთვის მაღალი ხარისხის მასალები გერმანიიდან გამოგზავნა“, - უთხრა ლელა ჭინჭარაულმა „მთის ამბებს“.

მისივე თქმით, ბოლო 5 წელში, გუდრუნ ვალტერმა, წერილობით სულ მცირე ხუთჯერ მიმართა საქართველოს განათლების სამინისტროს, შატილის სკოლა-პანსიონის რეაბილიტაცია რომ მომხდარიყო. „დიდი ხანია სკოლას მიხედვა სჭირდებოდა. კარ-ფანჯარა დეფორმირებული იყო, ქარი უბერავდა შიგნით. სველი წერტილები ამორტიზებული. ერთადერთი რისიც არ გვეშინოდა, ელექტროობა იყო. იცით თქვენ შატილში როგორი შუქია, ხშირად წყდება და ძაბვაც ცვალებადია, ზოგჯერ ძალიან მაღალი და ზოგჯერ დაბალი. შეიძლება ამ მხრივაც ყურადღება იყო საჭირო“.

შატილის სკოლა-პანსიონის რეაბილიტაციისთვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 162 268 ლარი წელს გამოიყო. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება 26 აგვისტოს შპს „ელ ინდასტრი ჯორჯიასთან“ გააფორმა (კომპანიის მისამართია - დუშეთის რაიონი, დაბა ჟინვალი. დირექტორი და 27.75 % წილის მესაკუთრეა ემზარ ჩაჩხიანი). დოკუმენტის მიხედვით „ელ ინდასტრი ჯორჯიას“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 დღეში უნდა დაესრულებინა შატილის სკოლა-პანსიონის რეაბილიტაცია. კომპანიამ შეცვალა შენობის სახურავი თვითწებადი რულონური მასალით, ე.წ. „ტოლით“. მანამდე შენობა აზბესტცემენტის სახურავით იყო გადახურული. იატაკი ლამინირებული პარკეტით მოეწყო, ხის კარფანჯრები მეტალოპლასტმასით შეიცვალა. ახლიდან მოეწყო აბაზანა-ტუალეტი და და ნაწილობრივ ელექტროგაყვანილობა. დამონტაჟდა სახანძრო სიგნალიზაციაც.

„სკოლა-პანსიონის სრული რეაბილიტაცია 15 სექტემბერს დავასრულეთ. დარჩენილი გვქონდა სასადილო, რომელიც გვერდით უნდა დამონტაჟებულიყო ხის კოტეჯის სახით. 16 სექტემბერს დაიწყო სასწავლო პროცესი. ბავშვები აქ სწავლობდნენ და თან ცხოვრობდნენ. ხანძრის წინა დღეს დავამონტაჟეთ საქვაბე, რომელიც ბრიკეტებზე და შეშაზე მუშაობს. აქამდე შეშის ღუმელებით თბებოდნენ, ახლა კი ცენტრალური გათბობაც ჰქონდათ. ფაქტობრივად სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი ამბავი მოხდა“, - უთხრა „მთის ამბებს“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, შალვა კერესელიძემ, რომელიც 17 ოქტომბერს, გვიან საღამოს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „ელ ინდასტრი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, კომპანიის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად მიიჩნევა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

ასეთი დასკვნა კი არ არსებობს, რასაც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორიც ადასტურებს: შენობა ჯერ ჩაბარებული არ იყო. დასრულებული არ იყო იმიტომ, რომ გუშინ მოხდა გამათბობლის დამონტაჟება. ექსპერტი ამის მერე უნდა მოსულიყო შესამოწმებლად“.

კითხვაზე, რატომ განახლდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შენობაში, რომელიც ექსპერტის მიერ შემოწმებული და მერიის მიერ ჩაბარებული არ იყო, პასუხის მიღებას განათლების სამინისტროდან ვცდილობთ.

(გასული წლის სექტემბერში, იმ მიზეზით, რომ ფშავ-ხევსურეთის სკოლა პანსიონებმა სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს, 27 ბავშვი ორი კვირით სკოლის გარეშე დარჩა. მოგვიანებით სამივე პანსიონმა მუშაობა განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით გააგრძელა, თუმცა პანსიონების მართვა მუნიციპალიტეტიდან სამინისტრომ გადაიბარა.)

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახური განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ამოწმებდა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს, რის შემდეგაც მერია კომპანიას თანხებს ეტაპობრივად ურიცხავდა, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, შენობის უსაფრთხოების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობდა.

ჩვენ იოსებ ღარიბაშვილსაც ვესაუბრეთ, დუშეთის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს. „შატილის სკოლა-პანსიონში შევამოწმეთ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გავზომეთ. მათ შორის ელექტროგაყვანილობაც, რომლის ნაწილიც შეიცვალა - მუშაობდა. პოლიციას ჯერ არ დავუკითხივარ“.

შატილის სკოლის დაწვის ფაქტზე გამოძიება დუშეთის პოლიციამ დაიწყო.

შატილის მცხოვრებლებმა „მთის ამბებს" უთხრეს, რომ მათ რამდენჯერმე გამოთქვეს შენიშვნა სკოლაში ელექტროგაყვანილობის შეცვლასთან დაკავშირებით. „გვინდოდა, რომ თუ ცვლიდნენ, ბარემ სრულად შეეცვალათ, ნაწილი ძველი დატოვეს, ნაწილი გარეთ გამოიტანეს და კედლებზე საკაბელო არხში მოაქციეს. გადააბეს. სხვენში რა ხდებოდა, არვიცით, იქ არ ავსულვართ".

შატილში სკოლის დაწვას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა პირობა დადო, რომ შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება, სამშენებლო სამუშაოები კი კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება. მისივე თქმით, სკოლის აშენებამდე სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და მოსწავლეები სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ.

შატილთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა, დათვიჯვრის უღელტეხილზე თოვლის მოსვლის და ზვავსაშიშროების გამო, ნოემბერში იკეტება და აპრილის ბოლოს იხსნება.

შატილის სკოლას სულ 8 მოსწავლე ჰყავს. აქედან 5 ბავშვი მიღმახევის სოფლებიდანაა და ისინი ორშაბათიდან პარასკევამდე პანსიონში ცხოვრობდნენ. სკოლის დირექტორი მაყვალა ჭინჭარაული ამბობს, რომ ბავშვები დროებით მასთან და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის დირექტორთან იცხოვრებენ.

პირიქითა ხევსურეთის ერთადერთი ექიმის, მიხეილ ჭინჭარაულის ორივე შვილი შატილის სკოლის მოსწავლეა. „ერთი მე-9 კლასშია, მეორე მე-7 კლასში. თუ არ აშენდება სკოლა, დაიცლება ეს სოფელი ხალხისგან“.

შატილში ბევრისგან მოისმენთ, რომ იმ ადგილას, სადაც სკოლა იყო, ხანძარი მესამედ გაჩნდა და შენობა სამჯერვე მთლიანად დაიწვა.

„ამ ტერიტორიაზე, სადაც სკოლა იყო, ხატის ყანები ყოფილა. საერთოდ, ხატის ყანებში არ შეიძლება არც სახლის ჩადგმა, არც აშენება და არაფერი. განათებები პირდაპირ ხატისკენ იყო მიმართული. აქ, მაგალითად, ღამე ფარანი რომ მიანათო, ეგეც არ შეიძლება. ზუსტად მაგ ადგილას სამჯერ დაიწვა შენობა. ერთხელ კოლმეურნეობის ადმინისტრაცია იყო, მეორედ ეუთოს ოფისი. რაღაც პერიოდში სკოლაც იყო განთავსებული და მესამედ ახლა. ხატის ტერიტორია დაცული უნდა იყოს. აგერ, ხატთან ახლოს ალექსი შეთეკაურის ბინა იყო, მაგასაც ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა. ამიტომ, გაფრთხილება უნდა ძალიან. ახლაც ყველა იმას ლაპარაკობს, რომ ხატთან ახლოს და ამიტომ მოხდაო ეს ყველაფერი“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში