საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფშავ-ხევსურეთში 27 ბავშვი სკოლის გარეშე დარჩა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:18 - 24 სექტემბერი 2018 hits 60343

ფშავ-ხევსურეთის 10-ზე მეტ სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილ ბავშვებს სასკოლო განათლებაზე ხელი აღარ მიუწვდებათ. შატილის, ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონებმა, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა, სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს. დუშეთის მერიას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 4 თვის განმავლობაში, ვიდრე სკოლაში არდადეგები იყო, პანსიონებში პირობების გასაუმჯობესებლად არაფერი გაუკეთებიათ. სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების ოჯახები მთიდან ასაყრელად ემზადებიან.

გიორგი წიკლაური ბარისახოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ის ერთადერთი ბავშვია არხოტიდან, რომლის ოჯახიც მუდმივად სოფელ ამღაში ცხოვრობს. არხოტი საზღვრისპირა ხეობაა და ინგუშეთს ესაზღვრება. მთელ ხეობაში ზამთარში 4-5 ოჯახი რჩება. ბარისახოს პანსიონი არხოტიონებისთვის საშუალო განათლების მიღების ერთადერთი შესაძლებლობა იყო. ბარისახოდან ამღამდე 30 კილომეტრზე მეტია. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, არხოტის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო საცალფეხო ბილიკიც იკეტება და მაისის ბოლომდე არხოტში გადასვლა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. სწავლის პერიოდში გიორგი ბარისახოს პანსიონში ცხოვრობდა.

17 სექტემბერს გიორგი არხოტიდან ბარისახოში ჩამოსულა, მაგრამ როცა უთხრეს, რომ პანსიონი დაკეტილი იყო, უკან, ამღაში დაბრუნდა.

თეონა და ნოდარ წიკლაურები კაწალხევიდან არიან. თეონა ბარისახოს სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა, გიორგი მე-10-ში გადავიდა. მანძილი მათი სოფლიდან ბარისახომდე 20 კილომეტრს აღემატება. ბავშვებს არც სასკოლო ტრანსპორტი ემსახურებათ. ესეც რომ იყოს, მოსწავლისთვის, ყოველდღიურად 40 კილომეტრის გავლა (წინ და უკან), თან დაზიანებულ გზებზე, ძნელია.

სკოლის გარეშეა დარჩენილი ლიქოკის ხეობაში მცხოვრები 5 ბავშვიც. ჭალისოფლიდან ბარისახომდე 8 კილომეტრია. ბარისახოს სკოლის დირექტორმა, იმ იმედით, რომ პანსიონი მუშაობას გააგრძელებდა, ერთი კვირა ბავშვების ტრანსპორტირება კერძო მანქანით უზრუნველყო. სკოლას ერთი მანქანა ჰყავს და სხვადასხვა სოფლიდან ბავშვების ტრანსპორტირებას ვერ ასწრებს.

განათლების სამინისტრომ, ბარისახოს, მაღაროსკარის და შატილის პანსიონების ბენეფიციარი ბავშვებისთვის სასკოლო ტრანსპორტიც რომ დაამატოს,

ოქტომბრის ბოლოდან ფშავ-ხევსურეთის ხეობებში მისასვლელი გზები თოვლის, ყინვისა და ზვავსაშიშროების გამო იკეტება და საავტომობილო ტრანსპორტი ვეღარ მოძრაობს. ამ ბავშვებისთვის პანსიონი საშუალო განათლების მიღების ერთადერთი შესაძლებლობაა.

ახალი სასწავლო წლისთვის, თბილისიდან სასწავლებლად ბარისახოს სკოლაში გადავიდა მე-9 კლასელი ნიკოლოზ არაბული. ოჯახის ხევსურეთის სოფელ ხადუდანაა და მთაში დაბრუნება გადაწყვიტეს. ბავშვი პანსიონში იცხოვრებდა, შაბათ-კვირას კი მშობლებთან, ხადუში. გეგმა ჩაეშალათ. არავის ეგონა, რომ პანსიონები დაიხურებოდა.

სამივე პანსიონი დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ „მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრი“ მართავს. 2018 წელს ცენტრი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 121 ათასი ლარით ფინანსდება. აქედან, პანსიონებში რეგისტრირებული 27 ბავშვის კვებისთვის 19 ათასი ლარია გათვალისინებული, ერთ ბავშვზე ყოველდღიურად 3.25 ლარი. ცენტრის დირექტორის ნინო ვერძეულის თქმით, პანსიონებში მუშაობის განახლება ხვალვეა შესაძლებელი, მაგრამ შესაბამისი ნებართვა არ აქვთ.

საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 22 აგვისტოს N 508 დადგენილებით, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები შეცვალა. ახალი სტანდარტებით ბავშვთა მომსახურებისთვის განკუთვნილი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ნორმებს: ფიზიკური გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად მიმსგავსებული ოჯახურ პირობებს; უზრუნველყოფილი უნდა იყოს სეზონის შესაბამისი ტემპერატურა (მათ შორის, ზამთრის პერიოდში არანაკლებ 18 გრადუსისა, ხოლო ზაფხულის თვეებში არაუმეტეს 25 გრადუსისა).

სამზარეულო და სასადილო აღჭურვილი უნდა იყოს სამზადითა და სამრეცხაოთი, ჰქონდეს ადგილი მშრალი პროდუქტებისთვის, მაცივარი, გამწოვი ვენტილაცია; ბენეფიციართა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი, სასადილო მაგიდასთან ბენეფიციარის ინდივიდუალური ადგილი და სკამი, სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭელი.

24-საათიანი მომსახურებისას – საძინებელ ოთახში ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 6 კვ.მ ფართობი უნდა იყოს; ერთ ოთახში უნდა განთავსდეს არაუმეტეს 3 ბენეფიციარი; თითოეული ბენეფიციარისთვის უნდა იყოს ცალკე ლოგინი, საწოლი, ტუმბო და ერთი კარადა, არაუმეტეს სამი ბენეფიციარისთვის. ყოველ 5 ბენეფიციარზე უნდა იყოს ერთი საშხაპე, საპირფარეშო (ვენტილაციით), პირსაბანი ცივი/ცხელი წყლით.

პანსიონი ვალდებულია, პერსონალს, გარდა ტექნიკური პერსონალისა, გავლილი ჰქონდეს სატრენინგო კურსი, რომელიც შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

პანსიონში, რომელიც 24-საათიან მომსახურებას ახორციელებს, ყოველ 5 ბენეფიციარზე მინიმუმ ერთი აღმზრდელი უნდა იყოს. მომსახურების ადგილზე (ცალკე გამოყოფილ ფართზე) ბენეფიციართა საერთო რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს, არადა, ბარისახოს პანსიონში 12 ბავშვი ირიცხება.

ფშავ-ხევსურეთის პანსიონებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობა მაღაროსკარის პანსიონშია. კარ-ფანჯარა დაზიანებულია, აბაზანა არ არის და ბავშვები, რომლებსაც სკოლასთან ახლოს ნათესავები არ ჰყავთ, მთელი კვირის განმავლობაში დაბანას ვერ ახერხებენ.

ამ თემაზე „მთის ამბებმა“ რეპორტაჟი 2017 წლის აპრილში გამოაქვეყნა. ბავშვთა უფლებების დამცველები მაშინვე აფრთხილებდნენ მთავრობას, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ისევ ბავშვები დაზარალდებოდნენ. ასეც მოხდა. იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის პანსიონებში არსებული მძიმე, ზოგ შემთხვევაში კი ღირსების შემლახველი პირობების შესახებ ცნობილი იყო, არც მერიამ და არც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეაბილიტაციაზე არ იზრუნეს.

განათლების სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ პანსიონების მოვლა-პატრონობა მისი უწყების ვალდებულებებში არ შედის, თუმცა რადგან საქმე განათლების ხელმისაწვდომობას ეხება, სამინისტრო პროცესში ჩართულია და საკითხს განიხილავენ: „დუშეთის მერიის პასუხისმგებლობა იყო, რომ სავალდებულო ლიცენზიის მისაღებად, პანსიონებში პირობების გაუმჯობესებაზე სასწავლო წლის დაწყებამდე ეზრუნა. ჩვენ რაც ვნახეთ პანსიონებში, იმ პირობებში ცხოვრებას, ჯობია საერთოდ არ დარჩნენ იქ ბავშვები, მაგრამ ჩვენი ინტერესიც არის მათი განათლება. ველოდებით მუნიციპალიტეტიდან გარანტიებს, რომ დაფინანსებას გამოყოფს და პირობებს გააუმჯობესებს. ინსტიტუციაში ბავშვის ყოფნა ისედაც არ არის მიზანშეწონილი და ასეთ პირობებში მითუმეტეს“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში