საით მიიჩქარიო, ვკითხეთ. „რა არის ბიჭებო იცით? ძველ მთვარეზე უნდა გამოწყება ხილს, გამოკრეფა. ახალი მთვარე რომ დადგება, აღარ შეიძლება. შველის ვაშლს, დიდხანს ძლებს“.
81 წლის კოწია სირაძე ვაშლის ხეზე წამებში ავიდა. გაკვირვება რომ შეგვამჩნია, გაეცინა - „ხელოსანი კაცი ვარ, მაღლა მიხდებოდა მუშაობა და ახლაც ვბედავ“.
შხივანა ამბროლაურიდან 18 კილომეტრშია, ველევის თემში. რაჭის სხვა სოფლების მსგავსად შხივანაც დაცლილია, მაგრამ 15-მდე ადამიანი ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. 2002 – 2014 წლების საყოველთაო აღწერებს შორის პერიოდში საქართველოში მოსახლეობა ყველაზე მეტად რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შემცირდა, 37.4 %-ით. რამდენიმე სოფელი მთლიანად გაუკაცურდა. ამბროლაურის, ონის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში სიკვდილიანობა შობადობას თითქმის 200 %-ით აღემატება.
„ადრე ძაან ხალხმრავლობა იყო აქ. 7 შვილზე ნაკლები არავის ჰყოლია, 70 ოჯახი იყო. ახლა ზაფხულობით კი ამოდიან, მაგრამ აგვისტოს ბოლოს წავლენ. ახალგაზრდამ ვერ იშოვა სამუშაო, პაპიროსის ფულს ვერ ახერხებდა და წევიდნენ. მეც კი მყავს შვილიშვილი, მაგრამ აქ არ არის, თბილისშია. 3 შვილი, 7 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი მყავს. ჩვენთვისაც ძნელია, აგვისტოში დეიცალა სოფელი და მიყრუვდა“ - ამბობს კოწია პაპა. ვკითხეთ, ბოლო წლებში მთავრობამ შხივანაში რა გააკეთა: „აქანა მოსაცდელი გააკეთეს, მარშუტკა რომ დეიარება, შეიფარონ თავი, არ დაწვიმოს და არ დასველდნენ. ეგ იყო რა მთავრობა“.
ძალიან ცუდად არისო სოფლის საქმე - „ახალგაზრდებს მუშაობა ეზარებათ. მე ბავშვობაში მამაჩემს უძეხი, ვხნავდით და ვთესავდით. 10 სული საქონელი მყავს ახლა, ვუთიბავ, თივა მომაქვს და ზამთარში ვკვებავ. ჩემზე ახალგაზრდები არიან და 6 და 7 სული ჰყავთ, მოძრავები არიან და მე ასე მოკუტული ვმუშაობ. ბავშვები მეხმარებიან, ხანდახან ჩამოვლენ სათიბავად და შენახვაზე. დანარჩენად, 15 ტონა თივა მინდა, მე ვაკეთებ ყველაფერს“.
შუა სოფელში მარტო ცხოვრობს. აქედან მეორე გლეხი ვარო - არ გამოგვიშვა, ვიდრე სახლში არ შეგვიპატიჟა: „მშვიდობას გაუმარჯოს. პირველ რიგში მშვიდობა იყოს, ყველგან, საქართველოშიც, ამერიკაშიც და ყველგან მშვიდობა ქნას ღმერთმა. მოწმენდილი ცა ჰქონებოდეს ჩვენს პატარებს“.