საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთის გზის კომპლექსური რეაბილიტაცია 2020 წლიდან დაიწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:09 - 14 აგვისტო 2019 hits 17188

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მილიონი ლარი გამოყო იმისთვის, რომ თუშეთის გზას, 56-ე კილომეტრზე, მეწყრულ უბანზე, რამე მოუხერხოს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „საქგზამეცნიერებამ“ დეპარტამენტს 7 თვეში უნდა წარუდგინოს პროექტი, როგორ შეიძლება გზის ამ მონაკვეთზე პრობლემის გადაწყვეტა. უახლოეს დღეებში დეპარტამენტი კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადებას აპირებს, ლეჩურიდან - ომალომდე გზის რეაბილიტაციის პროექტირებაზე. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი წერეთელის განცხადებით, თუშეთის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება.

„ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ორ ნაწილად გავყავით. ერთი არის 56-ე კილომეტრზე არსებული პრობლემის გადაწყვეტა, მეწყრულ მონაკვეთს ვგულისხმობ, სადაც მდინარეა დაგუბებული და პერიოდულად გზას წყალი ფარავს. მომავალი წლისთვის უკვე მზად იქნება პროექტი, როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა და მალევე გამოვაცხადებთ ტენდერს სამუშაოებზე.

რაც შეეხება თუშეთის გზის დანარჩენ ნაწილს, 56-ე კილომეტრის გარდა, დოკუმენტაცია მზადაა - დღეს ან ხვალ, საგზაო დეპარტამენტი გამოაცხადებს ტენდერს პროექტის შესყიდვაზე. ვგეგმავთ ამ გზის გაფართოვებას იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, გაუმჯობესებას, წყალგამტარების მოწყობას. როგორც კი მივიღებთ ამ პროექტს, აქაც ექვსი თვე გვექნება ვადა, შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს რეაბილიტაციაზე. ჩვენი მიზანი თუშეთის გზაზე უსაფრთხოების გაზრდაა.

- კონტრაქტორები მოასწრებენ ამ სამუშაოების ჩატარებას, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის პროექტები უკვე გქონდეთ?

- მთავარია, მოასწრონ გადაღება, გეოლოგია, გეოდეზია, სექტემბერში ამას მოასწრებენ. შემდეგ, პროექტირებაზე უკვე ადგილზე იმუშავებენ. გვინდა, რომ ორივე მიმართულებისთვის, 56-ე კილომეტრზე და მთლიან გზაზე, გაზაფხულისთვის პროექტები მზად გვქონდეს, ზაფხულში სარეაბილიტაციო სამუშაოები რომ დავიწყოთ.

- შესაძლოა, რომ საპროექტო გადაწყვეტა აბანოს საუღელტეხილო მონაკვეთზე გვირაბის გაყვანასაც მოიცავდეს?

- თუ საჭირო იქნა და იყო რეკომენდაცია პატარ-პატარა გვირაბების გაყვანაზე, გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს.

- 2019 წლის თებერვალში, როდესაც „მთის ამბებმა“ ინტერვიუ ჩაწერა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ ქარსელაძესთან, მან გვითხრა, რომ ფაქტობრივად ჩავარდა თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რომელიც პანკის-ხადორის გავლით უნდა გასულიყო. მერე, აპრილში, პანკისში უხუცესებთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის მიზნით სამინისტრომ მუშაობა გააგრძელა და ე.წ. ხორვატიულ კომპანიას ვადა მისცა, ივლისის ბოლომდე, საპროექტო გადაწყვეტის წარსადგენად. თუშეთის არსებული გზის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოების დაგეგმვის შესახებ განცხადება, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ალტერნატიული გზის პროექტი საბოლოოდ უიმედოა?

- თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს აქტიურად. შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, სადაც შედიან ინჟინრები, გეოლოგები, დამატებით მიმდინარეობს კონსულტაციები. საბჭოს წევრები საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იყვნენ რთულ მონაკვეთებზე გადაწყვეტების მისაღებად და სავარაუდოდ, აგვისტოში, შეიძლება სექტემბერში პასუხი გვექნება.

ეს თემა არ გადადებულა. გადაწყვეტის გზების ძიება მიმდინარეობს.

ფშაველი–აბანო–ომალოს გზა ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო გზაა საქართველოში. ბოლო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, გზის 23–ე კილომეტრზე, 27 ივლისს მოხდა. „კამაზი“, რომლითაც 12 ადამიანი ქვემო ალვანიდან თუშეთში მიდიოდა, გზიდან ხევში გადავარდა. ორმა მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა ხევში გადავარდნამდე მოასწრო, სამიც გადავარდნისას გადმოხტა და მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, შვიდი ადამიანი კი სატვირთო მანქანამ დაახლოებით 150 მეტრი სიღრმის ციცაბო ხევში ჩაიყოლა. შვიდივე დაიღუპა, მათ შორის 12 და 18 წლის ბავშვები იყვნენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში