საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის მიზნით სამინისტრომ მუშაობა გააგრძელა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:35 - 15 აპრილი 2019 hits 9790

„პანკისისა და თუშეთის დაკავშირება პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის გზა, რომელიც საჭიროა ხეობისთვის. ხორვატიულ კომპანიას, რომელიც ამ გზას აპროექტებს, ვადა გაუხანგრძლივდა და პროექტს, რთული მონაკვეთის საინჟინრო გადაწყვეტით ივლისის ბოლოს ველოდებით“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პანკისში, უხუცესებთან გამართულ შეხვედრაზე.

პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით თუშეთთან დამაკავშირებელი გზის პროექტი იყო შეხვედრის მთავარი თემა. მინისტრი უხუცესებს 12 აპრილს შეხვდა.

„გზების დეპარტამენტიდან მივიღეთ წერილი, სადაც მოყვანილი იყო არგუმენტები, რაც ხელს უშლის ამ გზის გაყვანას. ეს არგუმენტები ჩვენთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი. ყველაზე მეტად სამწუხაროა, რომ წერილი ასე მთავრდებოდა - პანკისიდან თუშეთში ვინმეს ასვლა თუ სურს, არსებობსო მოასფალტებული გზა ახმეტამდე, იქიდან ალვნებამდე და შემდეგ ფშაველზე გამავალი გზით შესაძლებელიაო ასვლა თუშეთში. ეს შეურაცხმყოფელი იყო. ამ ხალხს არ ჰქონდა გათვალისწინებული, რომ აქ მხოლოდ მოგზაურობაზე არ არის საუბარი. საკითხი დგას პანკისის ხეობის ჩიხიდან გამოყვანაზე. თუ ახალი გზა გაიხსნება, აქ მოძრაობა იქნება, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ივლიან, უცხოელები ჩამოვლენ, უფრო მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა გაჩნდება.

სხვა უპირატესობებიც  არსებობს. 350 მეტრით დაბალია ხადორის უღელტეხილი აბანოსთან შედარებით, სადაც ახლა თუშეთის გზა გადის. თანაც, ეს გზა უფრო მოკლე იქნება. თუ ფშაველიდან ომალომდე გზა 72 კილომეტრია, აქედან, ახალი გზის გაყვანის შემთხვევაში, მანძილი დაახლოებით 30 კილომეტრი იქნება“, - მიმართა მინისტრს პანკისის უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

„ჩიხურ მდგომარეობაში მყოფი პანკისისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ გზის მშენებლობა. ვიცით, რომ ხეობაში არსებობს უამრავი პრობლემა, მათ შორის რადიკალური ისლამის გავრცელება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ხეობის შემობრუნებაზე, სწორედ შემობრუნების ხაზი გადის ამ გზის მშენებლობაზე,

რა თქმა უნდა სხვა საკითხებთან ერთად: ახალგაზრდების ჩართულობა, განათლების ხელშეწყობა, კულტურისა და სპორტის განვითარება და ა.შ. მხოლოდ ამ ერთობლიობით შეიძლება გადავჭრათ ის პრობლემა, რაც ევროპული სახელმწიფოებისთვისაც პრობლემაა“, - აღნიშნა უხუცესთა კავშირის ხელმძღვანელმა ზაურ გუმაშვილმა.

მისივე თქმით, უხუცესები ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრსაც შეხვდნენ. ამასთან, მათივე თხოვნით, მეცნიერებათა აკადემიაში მოეწყო პანკისი-თუშეთის გზის საჭიროების საკითხის განხილვა და აკადემიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობითი დასაბუთებაც გაუგზავნა: „გზების ინსტიტუტმა, რომლის ხელმძღვანელიც არის აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, თანხმობა გამოთქვა დაპროექტებასთან დაკავშირებით. დღესაც მქონდა მასთან საუბარი. ბატონი თამაზი გამოთქვამს მზაობას, დაპროექტებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს ან თვითონ დააპროექტოს“.

მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უხუცესებს უთხრა, რომ პანკისი-თუშეთის გზაზე საპროექტო სამუშაოები გრძელდება.

„ჩვენი დიდი სურვილიც არის, მთავრობის მხრიდან. ჯერ კიდევ წინა პრემიერის დროს მოხდა ამ გზის მშენებლობის დაანონსება და მხოლოდ პანკისისა და თუშეთის დამაკავშირებელი გზა არ არის. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც მთიანი რეგიონების შემაერთებელ გზას. 20 მილიონი ლარი ჩაიდო ამ გზების დაპროექტებაში, ამ კონცეფციაში.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ გზა არის სიცოცხლე, რომელსაც მოჰყვება ბიზნესი, ტურისტი. ახალგაზრდებისთვის და ჩვენთვისაც უფრო ადვილია დაკავშირება ცენტრთან, გზა არის დიდი განვითარება.

ამიტომაც წამოვიწყეთ ეს დიდი პროექტი და ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მას, რომ სნოდან თუშეთამდე იქნებოდა შესაძლებელი გზის გაყვანა. ეს იყო ჩვენი ხედვაც და კონცეფციაც, რომელიც ერთი მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურებოდა და მეორე მხრივ, იქნებოდა ტურისტულად ძალიან საინტერესო გზა. ასეთი გზები საშუალებას აძლევს იმ ტურისტებს, რომლებიც საქართველოში დიდი ხნით არ ჩამოდიან, 3-4 დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ადგილი მოიარონ, რომ ბევრგან დატოვონ შემოსავალი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება. ამიტომ გვინდა ამ გზის გაკეთება.

არსებული გზაც არის გასაკეთებელი. მარტო ერთი შესასვლელი არ უნდა იყოს, სადაც ეს შესაძლებელია. წრიული მარშრუტი რომ იყოს ტურისტებისთვისაც, ერთი გზით ავიდეს და მეორეთი ჩამოვიდეს. ამის ამბიცია და სურვილი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან კუპატაშვილის განმარტებით, პანკისი-თუშეთის გზის ყველა მონაკვეთი დამუშავებულია, ორი მონაკვეთის გარდა.

„მთლიანად 36 კილომეტრზე გვაქვს საუბარი. 14 კილომეტრია ვიდრე შავწყალამდე მივალთ და შავწყალას შემდეგ 22 კილომეტრი. შავწყალა გადადის ზღვის დონიდან 2500 მეტრ ნიშნულზე. აქ გზის სიცოცხლისუნარიანობა მინიმალურია. იგივე ნიშნული გვაქვს ჩვენ არსებულ გზაზე და 5 თვე მუშაობს. არის გადაწყვეტა, რომ ჯერ გზით გადავიდეთ, თუმცა 111 მილიონი ჯდება მხოლოდ მეორე მონაკვეთი. მეორე ვარიანტია გვირაბის გაკეთება, რომელიც 6 კილომეტრიანია. დაახლოებით 300 მილიონი გვირაბი ჯდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვაჩერებთ. ჩვენ ამას ვამუშავებთ. ვნახავთ როგორი იქნება პროექტი და როგორ დავაპროცესებთ, ეს მეორე ეტაპია. ყველაზე დიდი პრობლემაა თვითონ შავწყალამდე მისვლა. 14 კილომეტრიანი მონაკვეთი გვაქვს, რომელიც ვერ გავიარეთ. რა ვარიანტებიც იყო წარმოდგენილი, თანხასთან დაკავშირებული არ არის, საინჟინრო გადაწყვეტაზეა საუბარი. ვიწრო ხეობაა და ნიშნულების ცვლილება ძალიან დიდია. როცა ასეა, ან სერპანტინებით უნდა დავეწიოთ, იმიტომ რომ 14-16 % ქანობზე ვსაუბრობთ, რომელიც გზების სტანდარტში საერთოდ არ შეიძლება, ვერც გაივლის მანქანა. 12% შეიძლება მხოლოდ, ისიც 200 მეტრიან მონაკვეთზე. ასეთი გზა უბრალოდ არც გამოდგება. რაც აქამდე წარმოდგენილია, არ შეესაბამება არც სტანდარტს, არც უსაფრთხოა, აშენებაც განსაკუთრებულად რთულია. გადაჭრის საშუალებებს ეძებენ ახლა, როგორ გადავჭრათ“.

2019 წლის თებერვალში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, „მთის ამბებთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პანკისი-თუშეთის მიმართულებაზე ვერ მოხერხდა შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილების მიღება, რთული რელიეფიდან გამომდინარე და გეოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში