საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მაგვიხვე მშვიდობით - 32 წლის შემდეგ ხევსურეთში ბურდულების ნასოფლარი ცოცხლდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:09 - 06 აგვისტო 2019 hits 27055

ბურდულების ხუთი სოფელი იყო პირაქეთა ხევსურეთში - ღელე, ღელისვაკე, ქმოსტი, საბერწე და იღლიაი. ხუთიდან ოთხი ახლა ნასოფლარია, ღელისვაკეშიც ერთი ოჯახიღა ცხოვრობს, 80 წელს მიღწეული ივანე და სამძიმარ ბურდულები. ქმოსტში, მამა-პაპის ნასახლარზე 38 წლის დავით ბურდული დაბრუნდა. სახლის მშენებლობა დაიწყო და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართა, მიწაზე საკუთრების რეგისტრაციის თხოვნით. უარი მიიღო.

დათო მესაზღვრეა. პირიქითა ხევსურეთში, საქართველო-რუსეთის საზღვართან (ჩეჩნეთის მონაკვეთი) მუცოს სექტორზე მსახურობს. სასაზღვრო პოლიციაში მუშაობამაც განაპირობა, თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა ბიჭმა, მთაში, მშობლიურ სოფელში დაბრუნება რომ გადაწყვიტა:

„აქაურობის, ჩემი სოფლის სიყვარულმა დამაბრუნა. ძნელია დაცლილი სოფლის ყურება. როცა ხალხი გაივლის, გამოივლის და იმას კითხულობს,რომ აქ რაღაც იყო ადრე. ნასახლარებია მხოლოდ დარჩენილი“.

დათოს ოჯახიც 1974 წლამდე ქმოსტში ცხოვრობდა. უგზოობის, უშუქობისა და ბევრი სხვა პრობლემის გამო, მერე მშობლები თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. ქმოსტს 1987 წლამდე ერთი კაციღა ასოფლებდა. ისიც კახეთში წავიდა. ქმოსტი სიცოცხლეს 32 წლიანი უხალხობის შემდეგ იბრუნებს.

სახლის მშენებლობაში თანამშრომლები, მერაბ არდოტელი, სოსო ზვიადაური და მეზობლები- როშკიონი მინდია წიკლაური და ბლოელი გოგია (გიგაური) ეხმარებიან. მესაზღვრეები თვეში 15 დღე საზღვარზე არიან, 15 დღე კი ისვენებენ. დასვენების დროს, მერაბი და სოსო პირიქითიდან, სამი დღით გადმოდიან და კედლები ამოჰყავთ. სოსო ქვას თლის, მერაბი აშენებს, დანარჩენ საქმეებს დათო, მინდია და გოგია ინაწილებენ, ხევსურეთში მყოფი ტურისტებიც ეშველებიან. მერაბი ამბობს, რომ კედლების ჭერამდე ასაყვანად, ორჯერ კიდევ დასჭირდებათ მიღმახევიდან გადმოსვლა. დაზამთრებამდე გადახურვის მოსწრებაც სურთ, მაგრამ დათოს სახურავისთვის ხის მასალა და თუნუქი ჯერ არ აქვს.

მესაზღვრის ხელფასი 1000 ლარია. ამ თანხით თან ოჯახს ინახავს, თან აგროვებს, რომ დაწყებული მშენებლობა დაასრულოს.

ქმოსტში არც შუქია, არც სასმელი წყალი იყო, მაგრამ თავისი ძალებით, 700 მეტრი მანძილიდან მიიყვანა. მამაპაპისეულ კერაზე დაბრუნებაში დათოს ვერც ზამთარში მოსული თოვლი აბრკოლებს, რომლის სიმაღლეც ზოგჯერ 2 მეტრს აღწევს - ნოემბრიდან მაისამდე, 6 თვე ქმოსტის გზას კეტავს და სოფლებს გარესამყაროს წყვეტს.

სოფლის დახმარების პროგრამით ქმოსტს წელს 10 ათასი ლარი ერგო. დათომ ამ თანხით უშუქობის პრობლემის გადაწყვეტა აირჩია, მაგრამ დასაფინანსებელი პროექტების ჩამონათვალში მზის ელექტროსადგურის მოწყობა არ იყო. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ შეეძლო, მდინარეზე მცირე ჰესი მოეწყო.

ახლა დათო ინფრასტრუქტურის სამინისტროდან პასუხს ელოდება - მინისტრი მისცემს თუ არა თანხმობას, რომ მდინარეზე ნახევრადკუსტარული მცირე ჰესის მოწყობის ნაცვლად, გამოყოფილი თანხით, ქმოსტში მზის ელექტროსადგური დაამონტაჟოს.

მთავარი პრობლემა, რაც ხევსურეთსა და სხვა მთიან რეგიონებში ადამიანებს დაბრუნებასა და დამკვიდრებაში ხელს უშლის, მამაპაპისეული მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემებია.

„არ არსებობს დოკუმენტაცია, მტკიცებულება, რომ ადრე მამაჩემს, პაპაჩემს ან მათ წინაპრებს აქ უძრავი ქონება ჰქონდათ. მთაში სათემო ტრადიციით იყო ყველაფერი განაწილებული. ბევრ სოფელში, ჩვენთანაც, სახლებიც მთლიანად დანგრეულია“, - ამბობს დათო. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მაინც მიმართა მამაპაპისეული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის. რეესტრმა განცხადება დუშეთის მერიას გაუგზავნა.

მერიაში მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია მუშაობს, რომელსაც 9 წევრი და ერთი თანამშრომელი ჰყავს. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, კომისიას დუშეთის რაიონიდან 2600-ზე მეტმა პირმა მიმართა. ქმოსტში მალევე კი ავიდნენ საკითხის შესასწავლად, მაგრამ დათოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი უთხრეს. დუშეთის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილმა, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს, გვითხრა, რომ რადგან სახლი მშენებარეა, კანონი მათ საკუთრების უფლების აღიარებას უკრძალავს: „კანონის მიხედვით, თვითნებურადდაკავებული მიწა, ესაა თვითნებურად დაკავებული ტერიტორია, რომელზედაც განთავსებულიასაცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, შენობა ამჟამად მშენებარეა, კომისია არ არის უფლებამოსილი აღიაროსმიწის ნაკვეთზე განმცხადებლის საკუთრების უფლება“.

„როცა მესაკუთრე არ ხარ, ეს ბევრ რამეში გაფერხებს. ხელი არ მიგიწვდება საბანკო კრედიტებზე. მაგალითად, სახლით რომ უზრუნველყო სესხი და აქ რამე განავითარო. ვერც სახელმწიფო გრანტს მიიღებ, იქაც ამონაწერს გთხოვენ. შეზღუდული ხარ“, - პრობლემების მიუხედავად, დათო მაინც ქმოსტში აპირებს ცხოვრებას - „ოჯახს პირდაპირ ვერ წამოვიყვან, მშობლები მოხუცები არიან. აქ არც ექიმია, გზაც დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილია. წელიწადში ერთხელ წმენდენ და მაშინაც უნდა სდიო, რომ ტრაქტორმა ნორმალურად გაწმინდოს. ბავშვი თბილისში სკოლაში დადის. აქედან ბარისახოს სკოლა 15 კილომეტრშია. მაგრამ, გადავხურავ თუ არა სახლს, მე მუდმივად აქეთ ვიქნები“.

დათოს სხვებიც აკვირდებიან, მთაში დაბრუნებაზე ვინც ფიქრობენ, ისევე, როგორც თვითონ აკვირდებოდა პირიქითა ხევსურეთის გათითოკაცებულ სოფლებში ნიკოს, სოსოს, ზურას, მერაბის და სხვათა ცხოვრებას. ახალგაზრდები, გული მთაში რომ მიუწევთ, ქმოსტში მიდიან, ეხმარებიან, ამხნევებენ და ეკითხებიან კიდეც - პრობლემების გადაწყვეტაში სახელმწიფოსგან რამე მხარდაჭერა თუ აქვს. დათოცყველას ამ სიტყვებით ხვდება: მაგვიხვე მშვიდობით...

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში