საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მიწის რეგისტრაცია - ბარიერი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც მთაში დაბრუნება უნდათ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:10 - 24 ივლისი 2019 hits 26418

არდოტში მამაპაპისეული მიწა აქვს. რამდენიმე წელია სახლის აშენებას აპირებს, მაგრამ მიწა საკუთრებად ვერ დაირეგისტრირა. წელს გაბედა და სახლის მშენებლობა დაიწყო. 22 წლის ჯოყოლა ზვიადაურს მშობლიურ სოფელში დაბრუნება და მცირე ბიზნესის დაწყება სურს.

ჯოყოლა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობს და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია. მთაში დაბრუნება საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ მოსახლეობას ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი პირიქითა ხევსურეთში, მიღმახევშიც ექნება.

დაბრუნებამდე მიწის რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის სააგენტოს მიაკითხა. უარი მიიღო, დოკუმენტები მოსთხოვეს, ხევსურეთში კი დოკუმენტი თითქმის არავის აქვს.

„დოკუმენტი რომ არსებობდეს, ეს მიწა შენ გეკუთვნის და ეს მიწა შენ, სახელმწიფოსგან მოცემული არასდროს ყოფილა.

სულ ასე იყო. მამა-პაპათაგან ვიცოდით, მშობლებისგან, რომელი მიწა იყო ჩვენი. ასე გადმოგვეცემოდა თაობიდან თაობას. დღეისათვის პრობლემაა შექმნილი და მიწას ვერ ვირეგისტრირებთ, რაც ხელს გვიშლის, რომ რამე საწარმო გავაკეთოთ, სასტუმრო გავხსნათ. ბევრ რამეში გვაფერხებს.

ჩვენი მიწა რომ არ არის, სახლს ვერ ააშენებ, სახლი რომ ააშენო, მერე მოვა და ვინმე მოგედავება, შენ არ გეკუთვნისო, მყარად ვერ გააკეთებ ვერაფერს“, - ამბობს ჯოყოლა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა დუშეთიდან მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ელოდება.

„ყველა სოფელში არიან ახალგაზრდები, ვისაც უნდა რომ დაიწყოს, რაღაც გააკეთოს, თავის კუთხეს რაღაცით წაადგეს, მაგრამ ეს გვაფერხებს. თანამდებობის პირთან, არავისთან გვქონია შეხვედრა, არ მოგვწევია, რომ გველაპარაკა, თორემ სიამოვნებით დაველაპარაკებოდი. ჩემთვის უფრო კარგი იქნებოდა, რომ მოსულიყვნენ, დაინტერესებულიყვნენ და ამაში წაგვდგომოდნენ.

როცა ახალგაზრდას სურს, რომ მთაში დაბრუნდეს და ამაში სახელმწიფო ხელს არ უწყობს, თან ეს ისეთი ტერიტორიებია, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, დაცლილია ხალხისგან. სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ხალხს, უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაბრუნდეს და დასახლდეს, რომ ეს ტერიტორიები არ დავკარგოთ“.

დუშეთის მერიაში საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე 2592-მა ადამიანმა მიმართა. კომისია 9 წევრისგან შედგება და მხოლოდ ერთი ადმინისტრატორი ჰყავს. მისი ხელზე ასაღები ხელფასი 640 ლარია. 2019 წელს, კომისიამ 219 საკუთრების მოწმობა გასცა, 424 განმცხადებელს კი საკუთრების აღიარებაზე უარი უთხრა. კომისიის ოპერატორი ხათუნა მიქაბერიძე ამბობს, რომ მაღალმთიანი დასახლებებიდან მიმართვიანობა ძალიან მაღალია, ადამიანური რესურსი კი არასაკმარისი.

მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობა მამაპაპისეული სახლებისა და მიწის დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, რადგან ამ რეგიონებში არ ჩატარებულა სახლების ინვენტარიზაცია, არ გაიცემოდა სამშენებლო ნებართვები, სახლებს აშენებდნენ პროექტების გარეშე, სათემო ტრადიციების საფუძველზე, მოქალაქეებს არ გააჩნდათ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. დღეს მათი მემკვიდრეებიც იგივე პრობლემის წინაშე დგანან - ვერ ადასტურებენ, რომ მიწაც და სახლიც მათ წინაპარს ეკუთვნოდა, ახლა კი მათი საკუთრებაა.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი, „მთის ამბებთან“ ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, ახორციელებს მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტს, რომლის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში