საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ინტერნეტი მთაში - უკანაფშავისა და პირაქეთა ხევსურეთის 9 სოფელი უკვე Online არის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:06 - 06 ივლისი 2019 hits 15143

უკანაფშავში - ხომში, შუაფხოში, თხილიანაში, მუქოში, ხოშარაში, ახადში, ვაკისოფელში; პირაქეთა ხევსურეთში - ბარისახოსა და კორშაში მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. შემდეგი ადგილი - არხოტის უღელტეხილი და არხოტის სოფლებია - ახიელი, ამღა და ჭიმღა. 

ეს იყო დიდი ხნის ოცნება და ახდა. ოთხი-ხუთი წელია ვითხოვდით, რომ უკანაფშავსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში ყოფილიყო ინტერნეტი და გაჩენილიყო ინტერნეტზე დაფუძნებული სატელეფონო კავშირი. უკანაფშავი Online! ახლა დაიწყო Wi-Fi-ის ერა. ხარ სადღაც მთებში და შეგიძლია მისწვდე მთელ მსოფლიოს. შეგიძლია განათლება მიიღო, პრობლემების შესახებ აცნობო მუნიციპალიტეტის მერიას თუ სხვა სტრუქტურებს, ტურიზმი შეგიძლია განავითარო. 21-ე საუკუნეში ინტერნეტი ყველაფერს მოიცავს. ჰაერი და ინტერნეტი თითქმის თანაბარია და დღეს ორივე გვაქვს“, - ამბობს ეკობიჭად ცნობილი ნოდარ ტოხოსაშვილი, რომელიც ვაკისოფელში ცხოვრობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს. 

ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაცია (მთის სათემო ქსელი) ინტერნეტით ფშავ-ხევსურეთ გუდამაყრის 76 სოფელს დაფარავს. არცერთი სოფელი, სადაც ერთი ადამიანი მაინც ცხოვრობს, ინტერნეტის გარეშე არ დარჩება. 20-ზე მეტ სოფელში, მათ შორის საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე მაღალმთიან დასახლებებში, ტელეფონით დარეკვა პირველად გახდება შესაძლებელი.

ნახეთ რომელ სოფლებს დაფარავს ინტერნეტი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მიერ 2017-2018 წლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სატელეფონო კავშირსა და ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობას, მთიდან მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მიგრაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდნენ ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის სოფლებში მცხოვრებნი. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიან დასახლებებში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტის ფარგლებში იკვლევდა. პროექტი, რომლის მიზანიც მთაში პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა იყო, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ხორციელდებოდა. 

სატელეფონო კავშირისა და ინტერნეტის გარეშე იყო დარჩენილი თუშეთიც. 2017 წელს, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ და თუშეთის განვითარების ფონდმა, ამერიკული ორგანიზაციის, ISOC–ის ფინანსური მხარდაჭერით, თუშეთის ინტერნეტიზაცია დაიწყეს. პროექტმა გაამართლა. ზამთარში, დიდთოვლობისას მცირე დაზიანებები იყო, თუმცა თუშეთი კომუნიკაციის გარეშე ხანგრძლივად აღარ დარჩენილა. ინტერნეტმა თუშეთში ტურიზმიც განავითარა.

თუშეთის ინტერნეტიზაციას 40 ათასი დოლარი დასჭირდა, ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ინტერნეტიზაციისთვის კი დაახლოებით 400 ათას ლარზე მეტი იყო საჭირო. პროექტი მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ მოამზადა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექორი უჩა სეთური მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ინტერნეტიზაციის მიზნით. იმავე დროს, სამოქალაქო აქტივობების ცენტრისა და მთის ამბების“ მხარდაჭერით, ფშავ-ხევსურეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სათემო ორგანიზაცია დააფუძნეს და ადვოკატირების კამპანია დაიწყეს. ამ კამპანიის ნაწილი იყო ქვებთან მოლაპარაკე“ ნიკო არდოტელის, ლია შეთეკაურის, მარიამ მინდიკაურის, პაატა ხახიაურის და სხვების ვიდეომიმართვები, რომლებიც „მთის ამბებმა“ მოამზადა.

ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ ISOC-ის, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა, პროექტის განსახორციელებლად დანარჩენი თანხა, 246 ათასი ლარი კი საქართველოს მთავრობამ გამოყო. 

 
ინტერნეტით მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მცხოვრები ისარგებლებს. ფიზიკური პირებისთვის წამში 10 მეგაბიტი სიჩქარის ინტერნეტის ყოველთვიური ღირებულება 25 ლარი იქნება, იმაზე იაფი, ვიდრე ბარშია. Wi-fi ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება დათვიჯვრისა და არხოტის უღელტეხილებზეც.

პროექტი ითვალისწინებს ფიქსირებული IP სატელეფონო ქსელის მოწყობასაც 50 აბონენტისთვის. ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია სექტემბერში უნდა დასრულდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში