საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ჩვენთვის ჭიათურაში მანგანუმი სიმდიდრე არ არის, წყევლაა“ - აქციის 256-ე დღე შუქრუთში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:30 - 23 ნოემბერი 2024 hits 779

გიორგობის დღესაც შუქრუთი პროტესტის კერაა - 256 დღეა ადგილობრივ მცხოვრებლებს კოროხნალის მაღაროს შესასვლელი უწყვეტად პიკეტირებული აქვთ. დაზარალებული ხალხი „ჯორჯიან მანგანეზისგან“ სამართლიანი კომპენსაციის გადახდას ითხოვს, რომ ცხოვრება მეზობელი რაიონის უსაფრთხო სოფლებში გააგრძელონ და არა ლონდონში, ნიუ-იორკში, პარიზში, როგორც ამას პროტესტის მონაწილეების დისკრედიტაციისთვის მილიარდერი კომპანიის მესვეურები ამბობენ.

„ჩვენთვის ჭიათურაში მანგანუმი სიმდიდრე არ არის, წყევლაა. ერთეულებისთვისაა მხოლოდ სიკეთე, ვინც სხვა რაიონებიდან არიან ჩამოსულები, აქ ხელმძღვანელებად მუშაობენ და მათი ჯიბე სქელდება ჩვენი გაჭირვების ხარჯზე“, - სწორედ აქციაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს გიორგი ცარციძე „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი ერთ-ერთი კომპანიიდან. მასთან ერთად, სხვადასხვა დროს კიდევ 6 დასაქმებული დაითხოვეს - რეალური მიზეზი ყველა შემთხვევში ერთი და იგივეა, ისინიც შუქრუთელები არიან და არასამუშაო დროს პროტესტში მონაწილეობდნენ.

სამსახურიდან გათავისუფლება და საარსებო წყაროს გარეშე დატოვება, შუქრუთის პროტესტის ჩასახშობად, მონაწილეთა მიმართ ერთადერთი წნეხი არ ყოფილა:

  • აქციაში მონაწილეობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს კიდევ 5 ადამიანი.
  • „ჯორჯიან მანგანეზის“ საჩივრის საფუძველზე, აქციის სამი მონაწილე პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიება მათ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, მასში აქტიურ მონაწილეობას და საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება. „ჯორჯიან მანგანეზი“ ჩივის, რომ საწარმოს 5,5 მილიონი ლარის ზიანის მიადგა. დანაშაული სასჯელის სახით ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს გიორგი ნეფარიძეს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა მას შემდეგ, რაც მან აქციის გამართვა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სახლთან დაანონსა.
  • „ჯორჯიან მანგანეზის“ მოთხოვნით, საჩხერის რაიონულმა სასამართლომ შუქრუთის მცხოვრებლებს, კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან პროტესტის გამოხატვა აუკრძალა.
  • საგანგებოდ მობილიზებულმა პირებმა და პოლიციამ შუქრუთელებს ჩაუშალეს მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სოფელში. ჭორვილაში აქციის არცერთი მონაწილე არ შეუშვეს.
  • 11 სექტემბერს, შუქრუთის პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისში, პარლამენტთან გადმოინაცვლა. ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე პირამოკერილი მოშიმშილეები, ქალები და ბავშვები დღე და ღამ პარლამენტთან იმყოფებოდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ კონსტიტუციის დარღვევით, კარვის დადგმის საშუალება არ მისცა.
  • „ჯორჯიან მანგანეზის“ მოთხოვნით, საჩხერის სასამართლომ შუქრუთელების აქციის მონაწილეთა მშობლებს, ოჯახის სხვა წევრებსა და ახლო ნათესავებს სახლები და მიწის ნაკვეთები დაუყადაღა.

„პარლამენტთან რომ ვითომ სახალხო დამცველი მოვიდა და აპელირებდა, თურმე ჩვენს პროტესტთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ ჰქონდა, მთელი ტომი ინფორმაცია მივაწოდეთ, 2 თვე ხდება და არანაირი რეაგირება არ ყოფილა“, - გვეუბნება გიორგი ნეფარიძე.

შუქრუთელებმა შიმშილობა და აქცია პარლამენტთან მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მივიდა და კომპანიასთან მოლაპარაკება შესთავაზა. სამი შეხვედრა შედგა, სამივე უშედეგოდ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების თანახმად, 1-ელი ნოემბრიდან ჭიათურაში ყველა მაღარომ და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ, რომელიც ასევე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებაშია, მუშაობა ოთხი თვით შეაჩერა. მიზეზად შუქრუთის მოსახლეობის ხანგრძლივი პროტესტი დაასახელეს. „მთის ამბებმა“ გამოიკვლია, რა ხდება სინამდვილეში კომპანიაში, რომლის მართვის უფლებაც „ქართულმა ოცნებამ“ 2017 წელს შეუზღუდა უკრაინელ ოლიგარქს და იქ სასამართლოს სპეციალური მმართველი დაანიშნინა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სოფლებში ღია კარიერული წესით მადანს ახლაც მოიპოვებს. „ჩვენ რომ აქედან წავიდეთ, სამუშაო პროცესს ერთ საათში აღადგენენ და რვათვიანი ბრძოლა წყალში ჩაგვეყრება. მაღარომ რომ მუშაობა განაახლოს, დაჩქარდება ნგრევის პროცესი, მთლიანად მიწასთან გასწორდება მთელი სოფელი. რაც მოხდა ითხვისში, ზუსტად იგივე საფრთხის ქვეშ ვართ ჩვენც“, - ნეფარიძის თქმით, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ იქამდე,  ვიდრე სახელმწიფოს ჩართულობით კომპანია დაზარალებულებთან წერილობით ხელშეკრულებას არ გააფორმებს და სამართლიანი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას არ აიღებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში