საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს, პროტესტი შეთანხმების გაფორმებამდე გაგრძელდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:25 - 14 ოქტომბერი 2024 hits 854

საქართველოს პარლამენტთან ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა საპროტესტო აქცია კომპანიასთან შეთანხმების გაფორმებამდე გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება შუქრუთელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც აქციის მონაწილეებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მივიდა და მათ „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკებებში შუამავლობა შესთავაზა. აქციის ის მონაწილეები, რომლებიც 43 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ და არაერთხელ დასჭირდათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რეაბილიტაციისთვის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

„სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩაერთო ამ პროცესებში. მოხდა უკვე შეხვედრა და შევთანხმდით, რომ

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ჩვენი, კომპანიის და სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობით. ეს ჯგუფი მოამზადებს სამართლიან ხელშეკრულებას.

ამ პროცესს კოორდინირებას გაუწევენ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები. მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია 15 ოქტომბერს და მეტი დეტალი გახდება ცნობილი“,- უთხრა „მთის ამბებს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ნეფარიძემ.

17 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პარლამენტთან შუქრუთელების სოლიდარობის აქცია გაიმართება.

შუქრუთის მცხოვრებლები ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ საპროტესტო აქციას 13 მარტიდან მართავენ. პროტესტის დაწყებამდე სოფლის შუაგულში, თითქმის 2 კილომეტრ სიგრძეზე მიწა გაიხსნა. ნაპრალი მთელ სოფელს გასდევს, სულ უფრო იზრდება და ღრმავდება, საცხოვრებელი სახლები ინგრევა.

იმის გამო, რომ დაზარალებულებმა ვერც ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება მიიქციეს და არც არავინ ახდენდა რეაგირებას „ჯორჯიან მანგანეზის“ უკონტროლო საქმიანობაზე, 1-ელი სექტემბრიდან აქციის 5-მა მონაწილემ პირი ამოიკერა. პროტესტმა 11 სექტემბერს, თბილისში, პარლამენტთან გადმოინაცვლა, სადაც 12 ადამიანი შიმშილობდა, მათ შორის, ქალებიც. აქციის მონაწილეები 24 საათის განმავლობაში, თავსხმა წვიმაშიც, ღია ციქ ქვეშ არიან შეკრებილი, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ კარვის განთავსების საშუალება არ მისცა, სასამართლო კი კანონით დადგენილ ვადაში არსებითად არ იხილავს სარჩელს, რომლითაც შუქრუთელები ითხოვენ, დაევალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელი არ შეუშალოს კარვის დადგმაში.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ აქციის მონაწილეებსა და მათ ნათესავებს სასამართლოში უჩივლა და ითხოვს, 5,5 მილიონი ლარის გადახდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების სახით და ამავე დროს, პირველივე მოთხოვნისთანავე კომპანიას გადაეცეს მათი ეზოები და ნაკვეთები გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, ანუ დაზიანებული, ნგრევის პროცესში ან საფრთხის ქვეშ მყოფი სახლები უნდა დაანგრიონ, ტერიტორია გაასუფთაონ და კომპანიას ისე გადასცენ. სასამართლომ პროტესტის მონაწილეთა და მათი ახლობლების ქონება დააყადაღა. პროტესტის მონაწილე ყველა ის პირი, ვინც „ჯორჯიან მანგანეზში“ ან მის მიერ დაფუძნებულ და კონტრაქტორ კომპანიებში მუშაობდა, სამსახურიდან დაითხოვეს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმს 2007 წლიდან მოიპოვებს. როგორც სოფელ შუქრუთში, ასევე, მეზობელ დასახლებებში, ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაციაა შექმნილი. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა 2017 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიყვანა, რომელიც საწარმოს დღემდე მართავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში