საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

236 უშუქო სოფელი - მინისტრის თქმით, ელექტროფიცირება 2025 წელს დაიწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:37 - 04 აპრილი 2024 hits 1387

საქართველოში 236 სოფელია, რომელიც დღემდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. უშუქობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ეს სოფლები მოსახლეობისგან დაიცალა და იქ მუდმივად მხოლოდ 102 ადამიანი ცხოვრობს. უშუქო სოფლების უმეტესობაში ხალხი მომთაბარე ცხოვრებას ეწევა - ზაფხულში, რამდენიმე თვით ბრუნდებიან და გვიან შემოდგომაზე ტოვებენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს პარლამენტში ამ საკითხზე კითხვები დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ და მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა შალვა კერესელიძემ დაუსვეს.

„გასულ წელს წერილობითაც მოგმართეთ, გელაპარაკეთ კიდეც. თქვენს ანგარიშში საუბარია, რომ ხელახლა დაიწყო ამ საკითხის შესწავლა და ალტერნატივებზე მსჯელობთ, მაგრამ

არაფერი შეცვლილა, რომ ხევსურეთის 29 სოფელში მოსახლეობას სინათლე ჰქონდეს და ლამპის შუქზე არ უწევდეთ ცხოვრება.

სოფელ როშკასთან ადგილობრივმა მოსახლეობამ ორჯერ გზაც გადაკეტა იმიტომ, რომ ითხოვდნენ ადამიანის უფლებების მთავარ საკითხს, ჰქონდეთ ელექტროენერგია. რას აპირებთ“, - ჰკითხა მინისტრს აქუბარდიამ.

მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატის შალვა კერესელიძის განცხადებით, ხევსურეთთან ერთად უშუქო სოფლები არის ფშავის და გუდამაყრის ხეობებში, თიანეთის რაიონშიც. „ახალგაზრდა კაცმა შალვა ხორნაულმა გადადგა ნაბიჯი და სოფელ საჭურეში მამაპაპისეულ სახლ-კარს დაუბრუნდა, დაოჯახდა, მაგრამ შვილი რომ შეეძინა, იძულებული გახდა დაეტოვებინა სოფელი, რადგან უშუქოდ ჩვილის აღზრდა შეუძლებელი იყო. რატომ შეჩერდა მცირე ჰესების მშენებლობა; ელექტროსადენების მიყვანა იქ, სადაც ეს რელიეფურად შესაძლებელია; რატომ შეჩერდა მაღალი სიმძლავრის მზის პანელების გადაცემა, როგორც მუდმივი, ასევე, სეზონურად მცხოვრებლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს, რომ თავის მამაპაპისეულ სახლს დაუბრუნდეს? რატომ ხდება ისე, რომ ფშავ-ხევსურეთის ნახევარზე მეტი სოფლები სინათლის გარეშეა დარჩენილი და მთავრობა თავს უფლებას აძლევს, ხევსურეთში, როშკაში, ვიღაცას მისცეს იმის უფლება, რომ ჰესები ააშენეოს და ბიტკოინების ბიზნესით მილიონები იშოვოს. რატომ ხდება, რომ საზღვრისპირა სოფელ ჭიმღაში მარტოკაცს 8 თვე შუქი არ აქვს ტექნიკური პრობლემის გამო“, - იკითხა შალვა კერესელიძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ „ქართულმა ოცნების“ მმართველობის პირობებში მოხდა უშუქო სოფლების ნაწილის ელექტროფიცირება.

„ამჟამად იდენტიფიცირებულია 236 დასახლებული პუნქტი, სადაც არის 102 მუდმივი მცხოვრები. შეფასდა მათთვის საჭირო ელექტროენერგიის მოცულობა. ეს დაახლოებით 556 კვტ სთ, სეზონური და არასეზონური კომლების წლიური მოხმარება. იმისათვის, რომ საკითხი სრულყოფილად გადაწყდეს, საჭიროა ელექტროგადამცემი ხაზების მოწყობა. ხშირ შემთხვევაში დროებითი გადაწყვეტები, მათ შორის, მზის პანელები არ არის პრობლემის მოგვარების ადეკვატური გზა. იდენტიფიცირებულია 1000 კმ-მდე სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის საჭიროება. პირველ ეტაპზე მოხდება 440 კმ-ის ინფრასტრუქტურის მოწყობა, მეორე ეტაპზე 530 კმ-ის მოწყობა და ეს პროცესი 2025 წელს დაიწყება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„სინათლე ყველა სოფელს“ პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება იყო ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში