საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გიგლას დაუჯერებელი ამბავი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:03 - 16 ნოემბერი 2023 hits 3042

„ერთი წლის და 11 დღის შემდეგ როგორც იქნა შუქი ჩაირთო ჭიმღაში, რომლის იქითაც ქართული მიწა აღარ არის!“, - დაწერა გუშინ სოციალურ ქსელში გიგლა ოჩიაურმა.

საქართველო-რუსეთის საზღვართან, არხოტში მცხოვრები მარტოკაცი ამ ზამთარსაც რომ უშუქოდ არ ყოფილიყო, დუშეთის მერიაში, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ეკონომიკის სამინისტროში, ენერგეტიკის განვითარების ფონდში, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში 8 განცხადების და 2 საჩივრის, თბილისის და მცხეთის სასამართლოებში კი 3 სარჩელის შეტანა დაგვჭირდა.

არხოტის ჯერ კიდევ სამ ცოცხალ სოფელში მუდმივად მხოლოდ ხუთი ადამიანიღა ცხოვრობს. გიგლა ოჩიაური ჭიმღის ერთადერთი მოსახლეა. ამღას და ახიელს შუქი 1990-იან წლებში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დავალებით აშენებული ჰესიდან ჰქონდა, რომელიც 30 წლის განმავლობაში მოძველდა და მწყობრიდან ხშირად გამოდიოდა. ჭიმღა უშუქო სოფელი იყო.

2017 წლამდე არხოტს დანარჩენ საქართველოსთან სამანქანო გზა არ ჰქონდა. სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობასთან მხოლოდ 28 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი გვაკავშირებდა. 1994 წლამდე კი არხოტის მცხოვრებლები ინგუშეთიდან შემომავალი საავტომობილო გზით სარგებლობდნენ.

ამჟამად არხოტთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მდებარე უღელტეხილზე გადის. დიდთოვლობის, ნამქერის, ყინვისა და ზვავსაშიშროების გამო ეს გზა უმეტესად ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის პირველივე რიცხვებში იკეტება და მაისის ბოლოს ან ივნისში იხსნება.

7 თვის განმავლობაში, ვიდრე გზას არ გაწმენდენ, ხეობაში შესვლისა და იქიდან გამოღწევის ერთადერთი საშუალება ვერტმფრენია, ისიც უღრუბლო ამინდში. უღელტეხილზე კი ხშირად არასაფრენი ამინდია.

ამიტომაც ადგილობრივებს არაერთი ადამიანი ახსოვთ, რომელთა დაღუპვის მიზეზიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობის არქონა გახდა. არხოტში არც ექიმია და არც ექთანი, იქ მყოფი ადამიანებიდან სამედიცინო განათლება ან პრაქტიკული უნარებიც არავის აქვს.

2019 წელს, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“, რომლის აქციების 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა, ბიუჯეტიდან 2 606 881 ლარი დახარჯა არხოტის სოფელ ახიელში ახალი, 200 კვტ-იანი მცირე ჰიდრო ელექტროსადგურის მშენებლობაზე. ჰესს ელექტროენერგიით არხოტის სამივე სოფელი უფასოდ უნდა მოემარაგებინა.

2020 წელს, „ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“  ისევ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 302 201 ლარით დააფინანსა ხევსურეთის სოფლებში (არხოტი - ახიელი, ჭიმღა, ამღა) და როშკაში (პირაქეთა ხევსურეთი) ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობა.

შპს „ქსელმშენთან“ დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხაზი ისე უნდა აეშენებინათ, რომ ხეობაში არსებული მკაცრი კლიმატური პირობებისთვის გაეძლო და უწყვეტად ემუშავა.

შუქი ჭიმღაშიც აინთო პირველად, ოღონც მარტოკაცის სიხარულმა და იმედმა დიდხანს ვერ გასტანა. რამდენიმე თვეში ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა და გიგლა ისევ უშუქოდ დარჩა. შეაკეთეს, ისევ დაზიანდა. 2022 წლის ნოემბრიდან გიგლას შუქი აღარ ჰქონდა.

„მთის ამბებს“ მარტოკაცების მხარდასაჭერად სპეციალური ფონდი აქვს. დეკემბერში გიგლასთვის ორი მძლავრი აკუმულატორი შევიძინეთ და 5 იანვარს, მესაზღვრეების როტაციის დროს, ვერტმფრენს გავატანეთ - მარტოკაცს გარესამყაროსთან კავშირი რომ შეენარჩუნებინა.

წესად გვაქვს, მაღალმთიან რეგიონებში ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ უღელტეხილები რომ გაიხსნება, საზღვრისპირა სოფლებში მარტოკაცები მოვინახულოთ. გიგლას ივნისის ბოლოს ავაკითხეთ. ერთადერთი რამ გვთხოვა - გაგვეგო, რატომ არ ჰქონდა შუქი და დავხმარებოდით, ნათურა ისევ აენთო.   

ხევსურეთიდან დაბრუნებისთანავე, 5 ივლისს, ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან არხოტში ახალაშენებული ჰესისა და გადამცემის ხაზების შესახებ დოკუმენტაცია სრულად გამოვითხოვეთ.

იმავე დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ წერილობით მიმართა დუშეთის მერს მანანა ნარიმანიძეს და სთხოვა, გიგლა ოჩიაურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უმოკლეს ვადებში აღედგინათ. მერიამ წერილი უპასუხოდ დატოვა.

კანონით დადგენილი ვადების უხეში დარღვევით, 24 ივლისს, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა მოგვწერა, რომ ფონდი საჯარო დაწესებულება არ არის და მოთხოვნილი ინფორმაცია კომერციული საიდუმლოებაა. ფონდმა არ განიხილა ჩვენი ადმინისტრაციული საჩივარიც, რის შემდეგაც უარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გავასაჩივრეთ.  

11 სექტემბერს, წერილობით მივმართეთ დუშეთის მერიას, ენერგეტიკის ფონდს და ეკონომიკის სამინისტროს იმის დასადგენად, ვის ბალანსზეა ახიელის ახალაშენებული ჰესი და ელექტროგადამცემი ხაზები, ვინ არის მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი.

დუშეთის მერიამ 14 სექტემბერს გვაცნობა, რომ ახიელის ჰესი სახელმწიფოს ბალანსზეა, ხაზებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ეკონომიკის სამინისტრომ წერილი უპასუხოდ დატოვა, ენერგეტიკის განვითარების ფონდმა კი, რომლის მიმართაც უკვე სასამართლო დავა გვაქვს დაწყებული, მოგვწერა, რომ არც ჰესი და არც ელექტროგადამცემი ხაზები ფონდის ბალანსზე არ ირიცხება.

2 ოქტომბერს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვეთ. ათი დღის შემდეგ გვაცნობეს, რომ არხოტის ელექტროგადამცემი ხაზები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაა 2021 წლიდან, რაც შეეხება ახიელი ჰესს, ამჟამად მიმდინარეობს მისი გადაცემა ენერგეტიკის განვითარების ფონდისთვის.

გიგლას ხმა დეპუტატებმა თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ და თეონა აქუბარდიამ მთელ პარლამენტს გააგონეს.

1-ელ ნოემბერს, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გიგლა ოჩიაურის სახელით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს მიმართა. მოსამართლეს დროებითი განჩინება უნდა გამოეცა და დუშეთის მერიისთვის დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენა დაევალებინა. მოსამართლე ია ლაბაძემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„სასამართლო სრულად იზიარებს განმცხადებლის განმარტებას ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში სახელმწიფოს ვალდებულებასთან, მათ შორის, სიცოცხლის უფლების და ღირსეულად ცხოვრების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენად აღსრულებადია დროებითი განჩინებით მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება და რამდენად მიღწევადია განმცხადებლის მიერ მითითებული ინტერესი - მართალია, ელექტროგადამცემი ხაზების მესაკუთრე მუნიციპალიტეტის მერიაა, თუმცა ბუნდოვანია გარდა ნებისა, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“, - ნათქვამია განჩინებაში.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა მიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს დავით ნოზაძესაც:

„გიგლა ოჩიაური 68 წლის არის. 43 წელია ის ჭიმღაში, ხევსურული ტიპის სახლში ცხოვრობს, რომლის ნახევარიც მიწაში დგას. ბოლო პერიოდში მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, თუმცა უგზოობის გამო გადაუდებელი სამედიცინო დახმარებითაც კი ვერ სარგებლობს. ნოემბრიდან მაისამდე მასთან ახლოს მესაზღვრეებიც არ არიან. თოვლის მოსვლამდე ჭიმღის საზაფხულო სექტორი მუშაობას წყვეტს და ჭიმღისწყლის ხეობაში გიგლა ოჩიაური სრულიად მარტო რჩება. მისთვის ელექტროენერგია უკიდურესად აუცილებელია, რათა საკომუნიკაციო და გადაუდებელი დახმარების სერვისებზე მაინც მიუწვდებოდეს ხელი - არხოტში სატელეფონო კავშირი არ არის და მხოლოდ „მთის სათემო ქსელის“ უკაბელო ინტერნეტია, რომლის მიღებას და ფუნქციონირებას ელექტროენერგია სჭირდება; გადაუდებელ შეთხვევებში, ავადმყოფობის დროს ადამიანმა სულ მცირე ექიმის სატელეფონო კონსულტაცია რომ მიიღოს და არ მოკვდეს, გადარჩენის მეტი შანსი რომ ჰქონდეს.

სახეზეა უკიდურესი აუცილებლობა, რადგანაც გიგლა ოჩიაურს შუქი სჭირდება არა კომფორტისთვის, არამედ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. თუ ეს საკითხი სასწრაფოდ არ მოგვარდა, რამდენიმე კვირის შემდეგ, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს რეაგირებას, რადგანაც კლიმატური პირობების გამო, სპეციალისტები ვეღარ შეძლებენ არხოტში გადასვლას, სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, ახიელიდან ჭიმღამდე ტერიტორიაზე, თოვლით დაფარულ და გაყინულ მიწაში ჩადებული ელენერგიის გადამცემი ხაზის შესაძლო აღდგენას.

გიგლა ოჩიაური როგორც სამართლებრივად, ასევე, მორალურად იმსახურებს, რომ მას ჰქონდეს სათანადო პირობები. ის სახელმწიფოსგან მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი დაიხარჯა. უკვე მრავალი წელია ის ჩვენი ქვეყნის საზღვარს იცავს!“.

გუბერნატორის დავალებით, სამი დღის წინ, არხოტში სპეციალისტები გადავიდნენ და ჭიმღაში ნათურა ისევ აინთო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში