საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მოგერიება წირქვალში - პირველი პროტესტი ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ასარიდებლად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:57 - 30 ივლისი 2022 hits 20258
მანგანუმის მოპოვების შედეგად ასეთია დღეს წირქვალის მეზობელი სოფელი თაბაგრები
ახალი ამბები
მანგანუმის მოპოვების შედეგად ასეთია დღეს წირქვალის მეზობელი სოფელი თაბაგრები

ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით.

ყველას აქვს უფლება ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე.

გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 29.

ჭიათურის რაიონში წირქვალი ერთადერთი სოფელია, სადაც ამ კონსტიტუციური უფლების დასაცავად, მოსახლეობა, პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში, წინ აღუდგა მთავრობის მიერ, მათი მონაწილეობის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებას. „ჯორჯიან მანგანეზის“ ორივე მცდელობა, მანგანუმის ამოსაღებად წირქვალიც გადათხარონ, უშედეგოდ დასრულდა. სოფელში შეყვანილი ტრაქტორები და კომპანიის კოოპერატორები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გააძევეს.

34 წლის ვალერი ჭიტაძე წირქვალის მკვიდრია. ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შვიდი წლის განმავლობაში ჭიათურის საჯარო სკოლაში მანდატურად მუშაობდა. სამი თვის წინ, სამსახურზე უარი თქვა და მთელი დრო წირქვალში ბიომეურნეობის განვითარებას დაუთმო, რომელიც მანამდე ჰქონდა დაწყებული. მეურნეობა რამდენიმე ნაწილად აქვს დაყოფილი - ერთ ნაკვეთში სიმინდი მოჰყავს, ცოტა ქვემოთ იმერული სოიო. ორასიოდე მეტრში, ნაკადულზე ძველი წისქვილი აქვს, მარცვალსაც ტრადიციული წესით ფქვავს. წისქვილთან ახლოს ხის პატარა სახლი აუშენებია, იქვეა ყაბაყის ბაღიც - მოსავალი ყველგან სასუქისა და შხამ-ქიმიკატების გარეშე, ბუნების კანონების დაცვით მოჰყავს - გარემოსაც უფრთხილდება და ადამიანების ჯანმრთელობასაც. იმერული სოიოს თესლს, ორი წლის წინ, ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში მიაკვლია. შარშან 30 კილოგრამი აიღო, წელს ბევრად მეტს ელის. სოიოსგან რძეს და ყველს ამზადებს, ვეგეტარიანელებისთვის. წირქვალის თეთრის გაშენებაც აქვს გეგმაში - ვაზის ეს ჯიში ახლა მხოლოდ საკოლექციოა. მისგან თეთრი, ნაზი და ჰარმონიული ღვინო მზადდება. იმ ახალგაზრდებთან ერთად, ვინც წირქვალიდან ემიგრაციაში ჯერ კიდევ არ წასულან, სოფელში აგრო და ეკოტურიზმის განვითარებაზე ფიქრობდა. ტურისტული მარშრუტი ბონდის უნიკალურ მღვიმესაც მოიცავდა, რომელიც ქვის ხანის შემსწავლელმა საერთაშორისო ექსპედიციამ ორი წლის წინ გამოიკვლია. წირქვალელი ახალგაზრდების გეგმები თავდაყირა 7 ივლისის შემდეგ დადგა, როცა „ჯორჯიან მანგანეზის“ კოოპერატორებმა სოფელში ტრაქტორები შეიყვანეს და მანგანუმის ამოსაღებად მიწის გადათხრა დაიწყეს.

„როგორც კი გავიგეთ, ეგრევე ამოვედით. ამ ადგილიდან, სადაც მიწა მოთხარეს, ჩემი ერთი ნაკვეთი 10 მეტრშია, მეორე ცოტა მოშორებით, ალბათ, 100 მეტრში. აქვე დგას სახლებიც. აქედან, 30-40 მეტრში იღებს სათავეს ის პატარა მდინარე, საიდანაც წყალს სარწყავად და სასმელად ვიყენებთ. მთის ძირიდან გამოდის. ჩემი წისქვილიც ამ მდინარის წყლით მუშაობს. თუ გადათხრიან, დიდი რისკია, რომ ეგ მდინარეც დაიკარგება. აქ თუ მანგანუმის მოპოვება დაიწყეს, აზრი აღარ ექნება არაფერს, არათუ რაც გვაქვს დაგეგმილი, არამედ იმის გაგრძელებასაც კი, რაშიც 8 წელია ფიზიკურად ყველა რესურსს ვდებ. ბიომეურნეობა ვეღარ იქნება, ჰაერიც დაბინძურდება, წყალიც, ნიადაგიც“, - ვალერი მეზობელი სოფლების გამოცდილებას იმოწმებს:

დარკვეთი, მღვიმევი, რგანი. უფრო ახლოს, ჩვენ გარშემო - ხალიფაური, თაბაგრები. ხომ ნამყოფი ხართ?! თქვენ ხომ მაინც იცით კარგად, რაც ხდება იქ. არ გვინდა, რომ იგივე საფრთხეებისა და უბედურების წინაშე დავდგეთ.

ეზოებშია უკვე ღია კარიერები გახსნილი, სახლებთან. გარემო ბინძურდება, ტყეები და მინდვრები ქრება, რჩება უზარმაზარი ორმოები. ამის გამო ვართ წინააღმდეგი და არ ვაპირებთ გაჩუმებას.

ამ მხარეში ერთადერთი წირქვალი დარჩა და ზემო სოფლები, რომლებიც ჯერ გადათხრილი არაა, სადაც ბიომეურნეობის მოწყობა შეიძლება. ჩემი მიზანიც სწორედ მაგალითის მიცემაა ადამიანებისთვის, რომლებიც შეაგუეს იმ აზრს, რომ თუ არ იქნება მანგანუმის მოპოვება, ჭიათურა მშიერი დარჩება, სიღატაკე გაიზრდება, რომ სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს“.

ყველა გზა კარიერებთან მიდის - რეპორტაჟი ჭიათურის სოფელ თაბაგრებიდან

კარიერად ქცეული სოფელი მღვიმევი - მანგანუმის უკონტროლო მოპოვება ჭიათურაში

შუქრუთის გოდება - რეპორტაჟი სოფლიდან, რომელიც მიწას ჩააქვს

„მუნჯი ქალაქი“ - ჭიათურა „ჯორჯიან მანგანეზის“ ტყვეობაში

წირქვალიდან 7 ივლისს გაძევებული კოოპერატორები, 8-ში ისევ დაბრუნდნენ უკან და მიწის გადათხრა ახლა სხვა ადგილას დაიწყეს, საცხოვრებელ სახლებთან კიდევ უფრო ახლოს. ადგილობრივებმა „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები მეორედაც მოიგერიეს, სოფლიდან ამჯერადაც გაყარეს.

„ვიღაცისთვის აქაური მჭადი, ტყემალი, სიმინდიც და ლობიოც დასაცინია, მაგრამ ჩემთვის აქაურობა, ეს ბუნება, ეს მინდორი, ეს გარემო ყველაფერია.

65 წლის ვარ, 46 წელია აქ ვცხოვრობ. 1991 წლის აპრილში რომ დიდი მიწისძვრა მოხდა, მაშინ წირქვალშიც დაგვენგრა სახლები. არც მაშინ წავედი აქედან. ღმერთმა აცხონოს ზვიად გამსახურდია, ყველაფრით დაგვეხმარა, ახალი სახლები აგვიშენეს. ახლა რომ მოხვედი ვიღაც კომპანია და გინდა, დამანგრიო იმიტომ, რომ გამდიდრდე, ისიც წამართვა, რაც მაქვს, ვინ ხარ, რომ ჩემს გარეშე, ჩვენს დაუკითხავად ამას აკეთებ? მთელს ჭიათურაში, 16 ათას ჰექტარზე გვაქვსო მანგანუმის მოპოვების ლიცენზია, ხელს ვერ შეგვიშლითო. ვიდრე ფიზიკურად შევძლებ, ვიბრძოლებ, ტრაქტორსაც დავუდგები წინ, თოხსაც ავიღებ და გავრეკავ მაგათ აქედან, რომ ეს გარემო შევინარჩუნოთ“, - მარინა მეცხოვრიშვილი, წირქვალში, „ჯორჯიან მანგანეზის“ კოოპერატორების მიერ ზედიზედ ორჯერ „დალაშქრულ“ ადგილთან ყველაზე ახლოს ცხოვრობს. მეზობლებსაც ის გასძახებს ხოლმე, როგორც კი ჭალაში ტრაქტორს შენიშნავს და წირქვალელ ქალებსა და კაცებს წინ მიუძღვება. საყვედურობს იმ ადამიანებს, ვინც სოფელში მუდმივად აღარ ცხოვრობენ და თავის ნაკვეთებში კომპანიას წიაღისეულის ამოღების უფლება მისცეს.

მოწინააღმდეგეებს შორის ქალები ყველაზე მეტად აქტიურობენ. ამას რამდენიმე მიზეზიც აქვს - „ჯორჯიან მანგანეზის“ სასარგებლოდ ჭიათურის სოფლებში მობილიზებულ კრიმინალებს პროტესტის მონაწილე ქალების დაჩაგვრა უფრო მეტად უჭირთ.

კომპანიას ადგილობრივი მცხოვრებლების იძულებითი დათანხმების კიდევ ერთი გამოცდილი ხერხი აქვს, რომელსაც ჭიათურის ბევრ სოფელში იყენებს. შეახსენეს კიდეც წირქვალელებს: „ისე ნუ იზამთ, იქით შეგვეხვეწოთ, ჩვენც გაგვასახლეთო აქედან“. ეს იმ შემთხვევებში ხდება, როცა კომპანია, ღია კარიერული წესით, დასახლებასთან ახლოს ან პირდაპირ საცხოვრებელ უბნებში მანგანუმის ამოღებას იწყებს, ნელ-ნელა ტერიტორიას აფართოებს, გარშემო უზარმაზარი ორმოები და ხრამები ჩნდება, აღარც ტყეა, ნიადაგიც დეგრადირებულია, ღია კარიერებიდან მანგანუმის დიოქსიდი და სხვა მძიმე მეტალების ოქსიდების მტვერი ქარსა და წვიმას კილომეტრებზე გადააქვს, ჰაერი, წყალი ბინძურდება და იქ ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.

ამ დარღვევების გამო, რასაც მანგანუმის ნარეცხი წყლებით მდინარე ყვირილას დაბინძურებაც ემატება, 2013-2017 წლებში, „ჯორჯიან მანგანეზი“ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, 416 მილიონი ლარით დააჯარიმეს.

ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად, სახელმწიფომ კომპანიაში სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დანიშნა, სამი წლით.

„კომპანია, რომელიც წლებია ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიას და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებასა და გადამუშავების საქმიანობას, სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით. მდგომარეობა, როგორც მდინარის, ასევე, ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით, არათუ გამოასწორა კომპანიამ, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფას სიტუაციას ქმნის“, - ასე ახსნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, 2017 წელს, კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა.

ნიკოლოზ ჩიქოვანი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენის, გიორგი კაპანაძის, მეტსახელად „რიჟას“ მეგობარია. კაპანაძე „ჯორჯიან მანგანეზის“ გავლენიანი აქციონერი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. სპეციალურ მმართველს პრობლემები უნდა მოეგვარებინა, სინამდვილეში კი, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება გაიზარდა და ჭიათურაში არსებული მძიმე ეკოლოგიური ვითარება კიდევ გაუარესდა. კომპანიას დაკისრებული ჯარიმებიც მნიშვნელოვნად შეუმცირეს და გაუუქმეს. 2020 წელს, გარემოს დაცვის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ სპეციალურ მმართველს უფლებამოსილების ვადა კიდევ 3 წლით, 2023 წლის მაისამდე გაუგრძელა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ წილის 100 %-ის მფლობელი შპს „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“-ია, რომელიც ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოშია, ოფშორშია რეგისტრირებული.

„მთის ამბებმა“, გასულ წელს, ჭიათურიდან რამდენიმე რეპორტაჟი მოამზადა, მანგანუმის მოპოვების უკონტროლო და დესტრუქციულ პრაქტიკაზე, უმძიმეს გარემოსდაცვით მდგომარეობაზე, ადამიანების ჩაგვრაზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოვლენილ დარღვევებზე არ რეაგირებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას 2006 წლიდან ამონიტორინგებს, მიიჩნევს, რომ კომპანიის საქმიანობის შემოწმებისგან თავის არიდებისა და მისთვის კომფორტული პირობების შექმნის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს მაღალი თანამდებობის პირების არაფორმალური მითითება:

„აღწერილი მდგომარეობა ელიტური კორუფციის თვალსაჩინო გამოვლინებაა“.

ნინო გუჯარაიძე ადასტურებს, რომ მანგანუმის მოპოვების ლიცენზიის გაცემიდან 16 წლის განმავლობაში, ჭიათურის რაიონში წირქვალი ერთადერთი სოფელია, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს შესანარჩუნებლად, კომპანიის ქმედებებს წინ აღუდგნენ: „არცერთი სოფლიდან არავის მიუმართავს სასამართლოსთვის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. ლიცენზია ისე გაიცა, რომ ჭიათურის სოფლებში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მაშინაც კი, როცა მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებულ აუქციონზე ლიცენზია გაიყიდა, ეს დოკუმენტები ხელმისაწვდომი არ ყოფილა. ადამიანებმა არ იცოდნენ, არც ახლა იციან, ამდენი წლის შემდეგ, რომ ლიცენზია მათ სოფელზეც ვრცელდება და მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა კომპანია მანგანუმის მოსაპოვებლად ტერიტორიის გადათხრას იწყებს. რაც არ უნდა პესიმისტურად ვიყოთ განწყობილი იმის გათვალისწინებით, რაც ხდება სასამართლოში, დავების წარმოება რთულია და საქმის განხილვა წლები იწელება, მაინც სასამართლოს უნდა მივმართოთ. დავების სიმრავლე შექმნის შესაძლებლობას, რომ კომპანია ასე ვეღარ იქცეოდეს. დაითანხმებენ ორ-სამ ადამიანს, იწყებენ თხრას, ხშირ შემთხვევაში კარიერი მოსახლეების ეზოებშია შეჭრილი და ვინც მანამდე უარს ეუბნებოდა, ისიც იძულებული ხდება, რომ დასთანხმდეს. გამოსავალი გასაჩივრებაა. ადამიანებმა უნდა იბრძოლონ თავისი უფლებებისთვის და ჩვენ მზად ვართ, მათ სამართლებრივად დავეხმაროთ“.

ავტორები: გელა მთივლიშვილი, გიორგი ზვიადაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში