ჟუჟუნა ბერიძე პერევის ამბულატორიაში ექთნად მუშაობდა. 30 წლის წინ, იმ დღეს სოფელში შემოვლა ჰქონდა:
„პირველი საათი იქნებოდა. დედა ბავშვით ჯონჯოლის საკრეფად იყო წასული და ველოდებოდი, უნდა მოსულიყო და ბავშვი ეჩვენებინა. უცებ შეზანზარდა. ისეთი საშინელი ხმა იყო, ხელი ხის ღობეზე მეჭირა.
სარდაფი ჰქონდა იმ ქალს და იქ შემაგდო პირდაპირ. როცა აზრზე მოვედი, სახლები ირწეოდნენ. სოფელში უცებ მოვიდა ხმა, რომ ხახიეთი აღარ იყო. მალევე წავედით და მიწასთან გასწორებული დავინახეთ. ორივე მხრიდან მთა იყო მოწყვეტილი და გადმოფარებული“.
ხახიეთი ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფელი იყო მდინარე ხახიეთისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 1090 მეტრზე, მთის ძირში, ვაკეზე მდებარეობდა. სოფელში 20 კომლი ცხოვრობდა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადარჩა, ვინც მიწისძვრის დროს სხვაგან იმყოფებოდა, სამუშაოდ ან სტუმრად.
პერევში მცხოვრები 82 წლის ვალოდია ბერიძე ხახიეთის მკვიდრის ხაჯუმარ გაგიევის ნაამბობს იხსენებს. ხაჯუმარი მეზობელი სოფლიდან ხახიეთში მაშინ ბრუნდებოდა, როცა მიწისძვრა მოხდა. ის ცოცხალი გადარჩა, თუმცა მისი მეუღლე და 18 წლის შვილი დაიკარგნენ:
„სინაგურში ვიყავი, იქიდან მივდიოდი ხახიეთისკენ.
სოფელთან ახლოს რომ მივედი, უცებ რაღაცამ უკან გამისროლა. საშინელი გრუხუნი იყო. რომ გავიხედე, ორივე მხრიდან მთები მოწყვეტილა, ერთმანეთს შეასკდნენ და მდინარის პირას, სადაც სოფელი იყო, ზედ დაეცნენ. სოფელი მთლიანად დაიმარხა“.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, ნასოფლარი ხახიეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კონტროლირებად ტერიტორიაზეა. იმ ადგილას, სადაც სოფელი იყო, ახლა ტბაა, რომლის სიგანეც დაახლოებით 100, სიგრძე კი 300 მეტრია. ეს ტბა მიწისძვრის დროს წარმოიქმნა, როცა თოფარასაბვის ქედიდან კლდე ჩამოიშალა, მდინარე ხახიეთისწყლის ვიწრო ხეობა გადაკეტა და წყალი დააგუბა.
მიწისძვრამ შენობები დაანგრია და ადამიანები იმსხვერპლა საჩხერის სხვა სოფლებსა და რაჭაშიც. განსაკუთრებით ონის რაიონი დაზარალდა.
„მეზობელ სოფელს ჩორდი ერქვა. ზევიდან რომ დახედავდი, გეგონა, სოფელი ისევ იყო, მაგრამ სახურავები იდო მიწაზე. სახლები მიწაში ჩაეფლო. ირში ბარიტის ქარხანა მუშაობდა, მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობები იდგა, ყველაფერი დაიბზარა და ჩამოინგრა. სკოლის დირექტორი და ერთი ბავშვი დაიღუპა. აგერ, ჩვენს სასაფლაოზე ყველა ქვა დამტვრეული და წაქცეული იყო. მახსოვს, 10-15 კაცი ვლაპარაკობდით, როგორ მოვქცეულიყავით, რომ ეს ხალხი აქედან გაგვეყვანა. ამ დროს ხმა იყო დაბლიდან, მიწიდან, ღმუილის ხმა. რომ დაარტყა, აგვწია. მიწამ თითქმის ერთ მეტრზე აიწია და მერე დავარდა უცბად. რომ მოვიხედეთ, ნაპრალი იყო გაჩენილი. ვერაფერი დავინახეთ, ღრმა იყო ძალიან. მაგრად შევშინდით. აქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა“, - სოფელ ირის მკვიდრის, გივი გაგნიძის თქმით, მიწისძვრის შემდეგ ზემო რაჭის სოფლებიდან ხალხი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა.
განმეორებითი ბიძგები რამდენიმე თვე მეორდებოდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 1992 წლის 23 ოქტომბერს, ხევსურეთში, ბარისახოში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6.4 მაგნიტუდა იყო. დაზიანდა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები და შენობები.
„ეს რეგიონი ზუსტად ასეთია, აფხაზეთიდან დაწყებული კასპიის ზღვამდე დამთავრებული. ეს არის გაგრა-ჯავის გარღვევა, კავკასიის მთავარი ქედის, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ტექტონიკური სტრუქტურაა, სადაც ხდებოდა, ხდება და აუცილებლად მოხდება ძლიერი მიწისძვრები. ეს გამონაკლისი არ არის“, - ამბობს საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე.
ჯავა-რაჭის მიწისძვრა დიდია 1988 წლის 7 დეკემბერს, სომხეთის სპიტაკის რეგიონში მომხდარ მიწისძვრაზე, რომლის შედეგადაც 25 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. მთლიანად დაინგრა ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი მის გარშემო; ნაწილობრივ დაინგრა ქალაქები გიუმრი, სტეფანავანი, კიროვაკანი და 400-მდე დასახლებული პუნქტი. 19 ათასი ადამიანი დაშავდა, ხოლო 500 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
„ჩვენთან, 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრიც ხახიეთი იყო, სპიტაკის მიწისძვრაზე დიდია თავისი კლასით. მაგრამ, მისი ეფექტი ზარალთან მიმართებით, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სპიტაკის მიწისძვრისა. სპიტაკის მიწისძვრა რეალურად ქალაქის ქვეშ მოხდა, სადაც მაღალსართულიანი შენობები იდგა და არასწორმა სამშენებლო პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ამდენი, 25 000 ადამიანი შეეწირა. ხახიეთი და მის გარშემო, მეჩხრად დასახლებული რეგიონი იყო.კი, საჩხერესა და ონში მძიმე მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ საბედნიეროდ, დასახლების სიმჭიდროვე ნაკლები გვქონდა.
„ამდენი მიწისძვრა, რაც ახლა ხდება, ამ ტერიტორიაზე არ ხდებოდა. სამეცნიერო წრე ასე ვფიქრობთ, რომ რაჭა-ჯავის რღვევის სეგმენტი გაააქტიურა ე.წ. რაჭის მიწისძვრამ ისე, რომ მომყოლი მიწისძვრები და პროცესები ჯერაც არ მინელებულა. ყოველ 10 წელიწადში მაგნიტუდა 5 და 6 მიწისძვრები ხდება, საკმაოდ ძლიერი. ეს მაჩვენებელია იმისა, რომ მთლიანად ეს რღვევაა საშიში“ -
ეს ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რის გამოც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სპეციალისტებს, რიონის ხეობაში გიგანტური ნამახვანჰესის მშენებლობა დაუშვებლად მიაჩნიათ.
2020-2021 წლებში, რაჭა-ჯავა-ხევსურეთის მონაკვეთზე, მაგნიტუდა 3-ის ზემოთ, სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს 16 მიწისძვრა აქვს აღრიცხული. აქედან, 12 სეისმური აქტივობა რაჭაშია დაფიქსირებული. 2021 წლის 13 მარტს, სოფელ ონჭევში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდა იყო. 2020 წლის 24 მაისსა და 18 აგვისტოს მაგნიტუდა 3.9 მიწისძვრები მოხდა ყაზბეგის სოფელ გველეთსა და აბანოში (თრუსოს ხეობა).
„სამწუხაროდ, ვერც სეისმოლოგები, ვერც გეოლოგები, დღეს ვერ ვფლობთ ინფორმაციას, რომ პროგნოზირება გავაკეთოთ, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს. შესაძლებელია მაგნიტუდა 7 არ იყოს ამ სტრუქტურის მაქსიმალური პოტენციალი, შეიძლება 7.5 მოხდეს, გაცილებით უფრო ძლიერი მიწისძვრა, ვიდრე, ჯავა-რაჭის მიწისძვრა იყო. ზუსტად ამას ვამბობთ, რომ არც შესწავლილია და პროგნოზიც ძალიან მძიმე გასაკეთებელია. წარმოიდგინეთ, ხახიეთში რომ კაშხალი ყოფილიყო, რა მოხდებოდა. ტბის გამო დაიტბორა სოფლები და როცა ხელოვნურად დაგროვილი ძალიან დიდი წყალი გაქვთ, თან ცუდად აშენებული კაშხალი და მიწისძვრის ეპიცენტრი აქ ხდება, ის რომ შესწავლილი არ არის და არ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს, ასე ბრმად, ამხელა სტრუქტურას ვდგამთ და ამხელა საფრთხეს ვუქმნით რეგიონს“, - აღნიშნავს თეა გოდოლაძე.
ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ აშენებს, ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესს - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ არაერთხელ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილია.
ექვს თვეზე მეტია ნამახვანჰესის მშენებლობას რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი და აქტივისტები უწყვეტად აპროტესტებენ. პოლიციამ ისინი არაერთხელ დაშალა, დააკავა და დააჯარიმა. აქციის მონაწილეებს შეუზღუდეს გადაადგილების, გარემოს დაცვის, გამოხატვის და სხვა კონსტიტუციური უფლებებიც. ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე უარის თქმის მოთხოვნით სოფელ ნამოხვანსა და ქუთაისში რამდენჯერმე გაიმართა ხალხმრავალი აქცია. ხელისუფლებამ სამშენებლო სამუშაოების შეჩერებაზეც კი უარი თქვა. თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა 23 მაისს არის დაგეგმილი.
ავტორები: ლაშა ორჯონიკიძე