საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მესტიის საავადმყოფოში დიალიზის ცენტრი გაიხსნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:59 - 30 აპრილი 2022 hits 5601

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის სახელმწიფო პროგრამა პირველად გახდა ხელმისაწვდომი - ზემო სვანეთში მცხოვრები პაციენტები ჰემოდიალიზს 2 მაისიდან მესტიის საავადმყოფოში მიიღებენ. აქამდე ადამიანები იძულებულები იყვნენ მშობლიური კუთხეებიდან აყრილიყვნენ და საცხოვრებლად სხვა ქალაქებში გადასულიყვნენ.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, პირველ ეტაპზე პაციენტებს მოწვეული კადრები მოემსახურებიან - ორი ნეფროლოგი და ორი ექთანი. პარალელურად მოხდება ადგილობრივი კადრების გადამზადება. უკვე შერჩეულია 2 ექიმი და 2 ექთანი.

ზემო სვანეთში დიალიზის ცენტრის გახსნის მოთხოვნით, „მთის ამბებმა“, სვანეთის სათემო ორგანიზაციასთან ერთად, ადვოკატირების კამპანია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მანამდე, დიალიზდამოკიდებული პაციენტების შესახებ სპეციალური რეპორტაჟი გადავიღეთ. „აყრა ან საკვდილი“ სამი ადამიანის და მათი ოჯახების მაგალითზე ჰყვება იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ზემო სვანეთში წლების განმავლობაში იდგა. რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ, „მთის ამბებმა“ პეტიცია  შექმნა, 10 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და ერთდროულად სამ უწყებაში შეიტანა - მთავრობის ადმინისტრაციაში, პარლამენტში და სახალხო დამცველის აპარატში. მთავრობისგან ვითხოვდით, განეხილა აღნიშნული პეტიცია და რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადაედგა, რომ სვანეთის მცხოვრებლებს მესტიის საავადმყოფოში შეძლებოდათ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა; არ გაგრძელებულიყო მათი დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის და გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მიხედვით. ამ პრობლემას აქტიურად აშუქებდა ცენტრალური მედიაც.

სხვა მაღალმთიანი რეგიონებიდან დიალიზდამოკიდებული პირების აქტიური გამოხმაურების გამო, „მთის ამბებმა“ ადვოკატირების კამპანია გააფართოვა და რაჭის სათემო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, დიალიზის ცენტრის გახსნა ამბროლაურშიც მოითხოვა. ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, „მთის ამბებმა“ დიალიზის სახელმწიფო პროგრამაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოს 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში შეისწავლა. დიალიზის ცენტრი არცერთ მაღალმთიან რეგიონში არ ფუნქციონირებდა.

ზოგიერთი მუნიციპალიტეტი დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს ყოველთვიურად, 150, 200, 250 ლარით ეხმარება იმისათვის, რომ პაციენტებმა კვირაში 3-ჯერ სერვისის მისაღებად, საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ქალაქის კლინიკებში ტრანსპორტირება შეძლონ. მაღალმთიან რეგიონებში მუნიციპალური ტრანსპორტის არქონის პირობებში, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები დიალიზდამოკიდებულ პირებს ერთი კვირის განმავლობაშიც არ ჰყოფნით კლინიკაში სიარულისთვის. რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი ბენეფიციარები ამ დახმარებასაც ვერ იღებენ.

„მთის ამბები“ ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში მუშაობს იმისთვისაც, რომ

თვითმმართველობის ორგანოებმა დიალიზდამოკიდებული პირებისთვის გამოყოფილი ტრანსპორტირების თანხები სულ მცირე გააორმაგონ, იმ მუნიციპალიტეტში კი, სადაც ასეთი პროგრამა საერთოდ არ არის, ამოქმედდეს.

2 აპრილს, ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მესტიაში, ამბროლაურში, თიანეთსა და კიდევ 4 ქალაქში დიალიზის ცენტრები გაიხსნება.

დიალიზი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება დაგვჭირდეს. ყველაზე ხშირად ეს თირკმლის უკმარისობის გამო ხდება. დიალიზის დაწყება ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებას გულისხმობს - ადამიანი აპარატზე ხდება დამოკიდებული. თითოეული პროცედურა 3-4 საათს გრძელდება და კვირაში სამჯერ ტარდება. დიალიზის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 1996 წლიდან ხორციელდება. 2022 წლის ბიუჯეტი 53 259 000 ლარია. პროგრამით ქვეყანაში 3400-მდე ადამიანი სარგებლობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში