საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

Fauna & Flora International ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:27 - 24 თებერვალი 2021 hits 3702

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალი“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს ნამახვანჰესის მშენებლობა, ვიდრე მდინარე რიონის აუზის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები სრულფასოვნად არ იქნება შესწავლილი.

„მთავარ პრობლემად მიგვაჩნია ის, რომ სამინისტრო ზუთხისებრებზე და ზოგადად, იქტიოფაუნაზე არასაკმარის კვლევებზე დაყრდნობით, გასცემს დადებით გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ავალდებულებს კომპანიას შესაბამისი კვლევების განხორციელების დასრულებას. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია მდინარე რიონზე უკვე არსებული ჰესების ზეგავლენაზე და არ არის წარმოდგენილი ის შესაძლო კუმულაციური ზეგავლენა, რაც ახალი ჰესის მშენებლობამ და ფუნქციონირებამ შეიძლება გამოიწვიოს. სამინისტროსთვის კი მისაღებია მშენებლობის დაწყება და შემდგომ, ექსპლუატაციაში შესვლამდე, დამატებითი დეტალური კვლევების წარდგენა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა -

თუ კვლევების შედეგები ცხადყოფენ, რომ პროექტს ექნება მკვეთრი ნეგატიური ზეგავლენა და მშენებლობა უკვე დასრულებული იქნება, რა მოხდება ამ შემთხვევაში?

აღნიშნული საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის და შესწავლილ უნდა იქნას მშენებლობის დაწყებამდე, რათა თავიდან ავირიდოთ შეუქცევადი პროცესები“, - ნათქვამია FFI-ის განცხადებაში.

ზუთხის ყველა სახეობა საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეტანილი, მათ შორის ზოგიერთი, კრიტიკული გადაშენების საფრთხის წინაშეა. ზუთხისებრთა დაცვის ვალდებულება ბევრ ქვეყანას აქვს აღებული, სხვადასხვა კონვენციაზე მიერთებით და საერთაშორისო შეთანხმებებით. მათ შორის არის საქართველოც.

რიონი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთადერთი ფუნქციური მდინარეა ზუთხის გამრავლებისთვის შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. რიონში გავრცელებულია ზუთხისებრთა ექვსი სახეობა. ზუთხის ყველა სახეობა დაცულია ეროვნული კანონმდებლობით.

ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალს მიაჩნია, რომ მდინარე რიონის მართვის მთავარი მიზანი უნდა იყოს ზუთხისებრთა საქვირითე არეალების აღდგენა.

FFI-ის შეფასებით, ქართველი მეთევზეები, შავ ზღვაზე და მდინარეებში არსებული მდგომარეობის გამო, სავალალო მდგომარეობაში არიან. მათი მომავლის უზრუნველსაყოფად კი საჭიროა თევზებისა და ქვირითობის ადგილების დაცვა. თუ თევზი გაქრა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ ექნება საკვები და შემოსავლის ერთ-ერთი წყარო.

Fauna & Flora International დიდ ბრიტანეთში დაახლოებით ასი წლის წინ (1903 წელს) დაფუძნდა და ველური ბუნების დაცვის უძველესი ორგანიზაციაა მსოფლიოში. მისი საქმიანობა ფოკუსირებულია ბიომრავალფეროვნების დაცვაზე, ხოლო მისია - მსოფლიოში საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისა და ეკოსისტემების შენარჩუნებაა. ორგანიზაცია 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. საქართველოში წარმომადგენლობა 2013 წლიდან აქვს.

ნამახვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამახვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

120 დღეზე მეტია რიონის ხეობაში ადგილობრივი მცხოვრებლები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ ნამახვანჰესის მშენებლობის შეწყვეტისა და პროექტის განხორციელებაზე უარის თქმის მოთხოვნით. 

 

ამ თემაზე:

როგორ (ვერ) ჭყლეტს რიონის ხეობის დარაჯებს სახელმწიფო

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში