საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შატილი საფრთხეშია!

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:03 - 25 ივნისი 2017 hits 14183

შატილში ჩამონგრეული კოშკის აღდგენა რამდენიმე დღეში დაიწყება, თუმცა შატილიონების აზრით, ერთი კოშკის განახლებით ქვეყანა ისტორიულ ციხე–სოფელს ვერ შეინარჩუნებს. საუკუნოვან კოშკებში წყალი ჩადის და კედლები იშლება. სტრატეგიული მნიშვნელობისა და კულტურული ღირებულების გარდა, კოშკები პირიქითა ხევსურეთისთვის შემოსავლის ერთ–ერთი მთავარი წყაროა.

„აქაურობის დაცვის და შენარჩუნების სურვილი რომ არ იყოს, რა გაგვაჩერებდა აქ? რუსის ჯარი აქედან ორ კილომეტრში დგას. როგორც კი დავტოვებთ აქაურობას, მოვა და აქ გამაგრდება. დავტოვეთ ფიჭვის ტერიტორია, გადმოვიდა. გავალთ აქედან, აქაც მოვა. გადავალთ უღელტეხილზე, უღელტეხილთან გამაგრდება. რა ვქნათ? წავიდეთ?“

ნოდარ ჭინჭარაული უხუცესი შატილიონია. უკვე რამდენიმე წელია მის ოჯახს შატილის კოშკში საოჯახო სასტუმროც აქვს გახსნილი.

პირიქითა ხევსურეთში ტურისტები ძირითადად შატილის კოშკების დასათვალიერებლად მიდიან და ღამის გათევაც უმეტესად კოშკში სურთ. ზუსტ მონაცემებს არავინ ითვლის, თუმცა 2016 წლის სეზონზე, ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, შატილის მხარეს არანაკლებ 3000–მდე ტურისტი ეწვია.

საოჯახო სასტუმროებზე, კვების ობიექტებზე, ცხენების გაქირავების და სხვა სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ხელი შეუწყო საზღვრისპირა სოფლებში მნიშვნელოვნად შემცირებული მოსახლეობის შენარჩუნებას, შატილიონების დაბრუნებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

ამ სეზონზე საგვარეულო კოშკის განახლებას და იქ ტურისტების მიღებას გეგმავდა მაყვალა დაიაურ-ჭინჭარაული. ბარიდან სამშენებლო მასალა აიტანა, წაიყვანა ხელოსნებიც, რომლებიც უკვე მუშაობდნენ კიდეც კოშკში, მაგრამ 23 მაისს ღამით, სწორედ მათ გვერდით, ერთ–ერთი კოშკის დასავლეთი კედელი თითქმის მთლიანად ჩამოინგრა. ამან საფრთხე სხვა კოშკებსაც შეუქმნა, რის გამოც ჭინჭარაულებმა სამუშაოები შეაჩერეს.

„ყოველი წვიმა საშიშია შატილისთვის, როგორც აქ წვიმს, თითქმის ისევე წვიმს კოშკებშიც. ეს წვიმა და წყალი ქმნის მთავარ საფრთხეს. ზამთარში შატილში კოშკებიდან თოვლის გადამხვეტიც ნაკლებად რჩება. გაზაფხულის პირზე თოვლი დნობას რომ იწყებს, წყალი სახურავიდან დღისით კედლებში ჩადის, ღამით კი იყინება და კედლებს ბერავს, რაც კოშკის ნგრევას იწვევს“, - გვიხსნის ნოდარ ჭინჭარაული.

რეკლამა

„თუ ასე გაგრძელდა, შატილის ყველა კოშკი განწირულია დასანგრევად. ერთი კოშკი რომ ჩამოინგრევა, თუ მხოლოდ ის აღვადგინეთ, არ იქნება სწორი მიდგომა. ეს არაფერს მოგვცემს. ხვალ მეორე დაინგრევა, ზეგ მესამე. შატილის ციხე-სოფლის გადარჩენას კომპლექსურად თუ არ მივუდექით, ძეგლს ვერ შევინარჩუნებთ“.

ამ კოშკების სანახავად მოდის აქ ადამიანი, ამიტომ არის შატილი პოპულარული. ჩვენი ძალები აღარ ყოფნის შატილის დაცვას“, - ამბობს ნოდარ ჭინჭარაული.

შატილიონები კოშკების არასწორ რესტავრაციაზეც საუბრობენ. შოთა ჭინჭარაული მშენებელია. მისი თქმით, რესტავრაციის დროს, ძეგლს მხოლოდ გარეგნულად ამსგავსებენ ძველებურს, – „ის ადამიანები, რომლებიც ადრე აშენებდნენ ამ კოშკებს, დღეს ცოცხლები აღარ არიან. ეს ცოდნა და გამოცდილება ნაწილობრივ დაიკარგა კიდეც. ჩამოდიან სპეციალისტები, რომელთაც ერთი სული აქვთ, სამუშაო მალე დაასრულონ, ფული იშოვონ და წავიდნენ“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ შატილის კომპლექსის დღევანდელი მდგომარეობის ერთ–ერთი მიზეზი, ათწლეულების წინ არასწორი მეთოდით მოწყობილი ბანიანი სახურავებია: „სახურავიდან კედლებზე დადენილი ნალექი ტემპერატურის ცვალებადობის დროს ასუსტებს ფიქალის ქვებს და იწვევს მათი სიმკვრივის მოშლას“.

სააგენტოს დირექტორის ნიკა ანთიძის განმარტებით, სავარაუდოდ, 10 დღეში დაიწყება დაზიანებული კოშკის აღდგენითი და სხვა პროფილაქტიკური სამუშაოებიც. ეს სამუშაო წელსვე, ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, სააგენტოს უკვე მომზადებული აქვს შატილის სრული რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2.5 მილიონი ლარია. პროექტი დასაფინანსებლად მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გადაცემული.

ბოლო კომპლექსური სამუშაოები კოშკებში 2000 წელს ჩატარდა. დაზიანებული კოშკი 2012-2013 წლებშიც შეაკეთეს.

შატილის ციხე–სოფელი შუასაუკუნეების ძეგლია. კომპლექსი 60–ზე მეტ კოშკს აერთიანებს. მდებარეობს მდინარე არღუნის და შატილისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, თბილისიდან 160 კილომეტრში, ჩეჩნეთის საზღვართან.

შატილი სტრატეგიულ ადგილზეა გაშენებული. ისტორიული წყაროებით, აკონტროლებდა ჩეჩნეთ-ინგუშეთიდან, ნაწილობრივ დაღესტნიდანაც საქართველოში შემოსაღწევ ბილიკებს და გადმოსასვლელებს. კოშკი ერთდროულად პირუტყვის სადგომიც იყო, საცხოვრებელიც და თავდაცვითი ნაგებობაც.

შატილის კოშკები 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.

ისტორიული წყაროებით, მე–19 საუკუნის ბოლოს ხევსურეთში 5300 ადამიანი ცხოვრობდა, აქედან 524 შატილის თემში. მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემებით, შატილში 68 ადამიანი იყო რეგისტრირებული, 2014 წლის მონაცემებით კი 22 ადამიანიაღაა დარჩენილი.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში