საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბერჩლიანების საგვარეულო მაჩუბს ძეგლის სტატუსი მიენიჭა და რეაბილიტაცია დაიწყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:45 - 11 სექტემბერი 2021 hits 37708
ფოტოზე - ლოლა ბერჩლიანი
კულტურა
ფოტოზე - ლოლა ბერჩლიანი

ზემო სვანეთში, ბეჩოს თემის სოფელ ტვებიშში ბერჩლიანების საგვარეულო მაჩუბს, რომელიც მე-18 საუკუნეშია აგებული, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მაჩუბის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 64 380 ლარი გამოიყო. სარესტავრაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

რეპორტაჟი - სვანეთის უკანასკნელი ბერჩლიანი „მთის ამბებმა“ 2020 წლის 23 ოქტომბერს გამოაქვეყნა. 83 წლის ლოლა ბერჩლიანი ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელია.

ლოლა ბერჩლიანი ორსართულიანი მაჩუბის გადარჩენაზე ოცნებობდა. წლების წინ, საცხოვრებლად ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში გადასულან, მაგრამ გაზაფხულიდან დაზამთრებამდე მაინც ბეჩოშია, თავს ნათესავს აფარებს. ავადმყოფობის გამო ვერაფერს აკეთებს, ყოველდღე მაჩუბთან და ახლომდებარე მშობლების საფლავთან მიდის, იტირებს და უკან ბრუნდება:

„ეს სახლი რომ გადაარჩინონ, კიდევ გავძლებ ერთი-ორი წელი, ასე მგონია. თუ ამას გავიგებ, რომ აღადგენენ, იცით, რამდენს ნიშნავს ჩემთვის? ეს ენით გამოუთქმელი იქნება შვილო. სახლი თუ იცოცხლებს... ის მაინც თუ იცოცხლებს... მამის პატარა სურათით ქვას დავდებ, ცოტა ხანს კიდევ იცოცხლებს გვარიც.

ამას რომ ვუყურებ, ამ ნანგრევს, აღარ შემიძლია, მეც მანგრევს და მკლავს. მოცეკვავე ვიყავი, ახლა ფეხები აღარ მივარგა, მაგრამ მაინც ვიცეკვებ. რა ვქნა, სიხარული როგორ გამოვხატო შვილო...

დავიჯერო? დავიჯერო? უნდა ვიცოცხლო იმის გულისთვის, რომ ვნახო. თუ მოვესწარი... არა, ეს კი მინდა, მაგრამ ვერავის ვთხოვ. მაპატიეთ შვილო“.

რეპორტაჟს სოციალურ ქსელებში მილიონამდე ნახვა აქვს. გასული წლის დეკემბერში „მთის ამბების“ წარმომადგენლები შევხვდით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკა ანთიძეს და ბერჩლიანების საგვარეულო მაჩუბის რეაბილიტაციაში დახმარება ვთხოვეთ. მაჩუბისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და რეაბილიტაციის თხოვნით, 2021 წლის 22 იანვარს სააგენტოს წერილობითაც მივმართეთ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის 2021 წლის 06 მარტის N02/13 ბრძანებით, ბერჩლიანების საგვარეულო მაჩუბს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც მისი რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო.

2021 წლის 1-ელ ივნისს, გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ენ. აი. ჯი“-სთან ბერჩლიანების საგვარეულო მაჩუბის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად. კომპანიის დირექტორის ნუგზარ ჩართოლანის განცხადებით, რეაბილიტაცია მოიცავს მიწის გაწმენდას, საძირკვლების გამაგრებას კირდუღაბით, ჩამოშლილი კედლების აღდგენას, კედლების შელესვას კირის ხსნარით, ხის ძელებისგან იატაკის მოწყობას, სახურავის მოწყობას ყავარით, ხის კარის ჩასმას. კონტრაქტის მიხედვით, რეაბილიტაცია 2022 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

„მთის ამბებმა“ ბერჩლიანების მაჩუბთან დაკავშირებით დაწყებული კამპანიის ფარგლებში შემოწირულებებით 4513 ლარი შეაგროვა. ეს თანხა ლოლა ბერჩლიანის ინტერესების გათვალისწინებით, საგვარეულო მაჩუბში ერთი ოთახის საცხოვრებლად მოწყობას მოხმარდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში