საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორი იქნება რეაბილიტირებული ამღა - ისტორიული სოფლის აღდგენა წელს დაიწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:22 - 09 იანვარი 2021 hits 23653

ხევსურეთში, საქართველო-ინგუშეთის საზღვართან, არხოტის ხეობის ისტორიული სოფლის, ამღას რეაბილიტაცია წელს, გაზაფხულზე დაიწყება. პროექტს ფონდი „ქართუ“ დაახლოებით 2 მილიონი ლარით დააფინანსებს. დაგეგმილია 20-შენობის რესტავრაცია.

„გამოიკვეთა ის შენობები, რომლების აღდგენაც შესაძლებელია და ისეთი შენობები, რომელთა ნაშენი ფრაგმენტულად არის შემორჩენილი და შესაბამისად განხორციელდება მათი კონსერვაცია. საპროექტო ჯგუფის მიერ შენობების რეაბილიტაციის პროექტისათვის შეირჩა რესტავრაციის, კონსერვაციისა და ნაწილობრივი რეკონსტრუქციის მეთოდი.

ნასოფლარის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ავთენტური მასალით, მთის რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მეთოდით.

გამოყენებული იქნება ხის ელემენტები, ხოლო კედლის წყობის აღდგენა დიდწილად მოხდება დუღაბის გარეშე, ფიქალის მშრალი წყობით. სახურავის კონსტრუქციისა და სართულშუა გადახურვისთვის გამოყენებული იქნება ხის კოჭები და ძელაკები, ბურულისთვის კი შესაბამისი ზომის ფიქალის ქვები. იატაკის მოსაწყობად გათვალისწინებულია მორების, კავების, თიხატკეპნილისა და ფიქალის გამოყენება. შენობების ხის კარ-ფანჯრებს უნდა ჩაუტარდეს რესტავრაცია, ან უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს იდენტური ახალი ასლებით“, - უთხრა „მთის ამბებს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და კლიმატური პირობების გამო სოფლის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება.

ისტორიული სოფლის, ამღას გადარჩენის კამპანია „მთის ამბებმა“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, 2019 წლის 24 ივლისს დაიწყო.

ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო. ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა.

ამღას რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს ამღიონებს, გააძლიერებს სოფელს, განავითარებს ტურიზმს, ხალხს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შემოუნახავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.

ამღას კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე „მთის ამბებმა“ ერთ დღეში 1000 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა. კამპანიის ფარგლებში, „მთის ამბებმა“ მოამზადა მოკლე ვიდეოები ჰეშთეგით #გადავარჩინოთამღა, რომლებშიც არხოტიონები, ფილკლორისტები და ექსპერტები სოფელ ამღას გადარჩენის აუცილებლობაზე საუბრობენ.

კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, ამღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩავიდა და ისტორიული სოფლის რეაბილიტაციის შესახებ განცხადება გააკეთა.

ამღას გადარჩენის კამპანიის ნაწილია მთის ფესტივალიც, რომელიც „მთის ამბებმა“ დააფუძნა და პირველად, 2019 წლის 31 აგვისტოს, სოფელ ამღაში გაიმართა. ფესტივალის მიზანი მოსახლეობისგან დაცლილი მთის სოფლების გაცოცხლებისა და გაძლიერების ხელშეწყობაა. ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ყოველ წელს ჩატარდება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, რომელსაც შველა ყველაზე მეტად სჭირდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში