საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთის ფესტივალი ამღის გადასარჩენად - სრული ვიდეო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:49 - 08 სექტემბერი 2019 hits 27644

დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სტუმრებს ინგუშეთიდან და პანკისიდან, ადგილობრივებსა და ბარიდან ამოსულებს შებინდებამდე არ მოუცვლიათ ფეხი ამღის აქეთ მდებარე მყუდრო ჭალაკიდან, სადაც 31 აგვისტოს დაუვიწყარი ღონისძიება გაიმართა.

ეს საღამო ბევრი რამით იყო მნიშვნელოვანი. რად ღირდა თუნდაც მეუფე ზენონისა (იარაჯული) და ლელა თათარაიძის სიმღერა ეთერ თათარაიძის ლექსზე „მწირულაო, ამოვალი-დ“! ანდა ლეილა აჭიშვილის ქისტური სამგლოვიარო საგალობელი! გნებავთ სვანების ანსამბლ „რიჰოს“ (ხელმძღვანელი ვახტანგ ფილფანი) „ლილე“! თორნიკე სხიერელის სახატო სადიდებელი და დები გოგოჭურები!.. გარდა ამისა, ისა კაძოევისა და ხასო ხანგოშვილის ემოციური საუბარი კავკასიელთა ერთობის იდეისა თუ ქისტებისა და ქართველების სამაგალითო მეგობრობის შესახებ! და კიდევ: მხცოვანი ალპინისტის შოთა მირიანაშვილისა და თორელთ ჩუას (გოგი წიკლაური) გულითადი სიტყვები და გიორგი ჭოლიკაურის დამბურძგლავი ლექსის ბაბუა ალუდაურისეული დეკლამაცია!...

არხოტიდან წამოსულებს მადლიერების განცდა მოგვყვებოდა და მოგვაცილებდა; მადლიერებისა, ქორძო ნაროზაულის ზედამრჩოთა დიდი ოჯახის წევრების, პირველ რიგში კი მათი პირღიმილიანი რძლის ფიქრია ჭინჭარაულის დაუღალავმა დიასახლისობამ რომ გაგვიჩინა და გვაგრძნობინა, რომ აქ, საბედნიეროდ, ისევ არსებობს სამშობლოს თანდაყოლილი სიყვარული; არსებობს ცოდნა და ერთგულება ნამდვილი სტუმარ-მასპინძლობის ნიუანსებისა, წესისა და საუკუნოვანი ადათისა...

აქეთობას, სახვევიან გზასა და ჭიმღის კლდეს შორის ჩაფენილ ბალახიან ფერდობზე, ელპიდე კურელას ეული სამარეც ვინიშნეთ, თუმცა ვერ მოვინახულეთ (შეგახსენებთ და გირჩევთ, ერთხელ კიდევ წაიკითხოთ გურამ რჩეულიშვილის „სიკვდილი მთებში“)...

მზის არილში გამკრთალ საჯუთო უღელტეხილისკენ უწურთნი არწივები კრავდნენ ირაოს. ცირცლოვანს, ნიშნად სთვლის სიახლოვისა, აქა-იქ ხაკისფერი შეჰპარვოდა, თუმცა მის უბე-კალთებზე დეკის გამყავრებული საფარი კვლავაც მდიდრული ხავერდივით ხასხასებდა...

მოვდიოდით და ალექსი ოჩიაურის მიერ პირველ მსოფლიო ომში ფრონტზე ნათქვამი ნატვრისა თუ აღსარების წრფელ, ბოლო ბგერის ჩათვლით სანდო სიტყვებს ჩამოგვჩურჩულებდა წელთგზის მსუსხავი სიმაღლეებიდან მონაბერი ნიავი: „არხვატო, ჩემო სამშობლოვ, ჯიხვ-არწივების ბინაო, მიამც კი შენ მტერს შამაკლა, შენ მკერდზე დამაწვინაო!..“

ამირან არაბული

 

მთის ფესტივალი ნაწილია კამპანიისა #გადავარჩინოთამღა, რომელიც „მთის ამბებმა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, 2019 წლის 24 ივლისს დაიწყო.

ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო. ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. იმისთვის, რომ ამღა გადარჩეს, სულ რაღაც 20-მდე ხევსურული სახლია აღსადგენი, ეს კი მთელი სოფელია.

ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე „მთის ამბებმა“ ერთ დღეში 1000 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა. 15 აგვისტოს არხოტში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამღის რეაბილიტაციისთვის თანხა 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

მთის ფესტივალის მიზანი მოსახლეობისგან დაცლილი მთის სოფლების გაცოცხლებისა და გაძლიერების ხელშეწყობაა. ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ყოველ წელს ჩატარდება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, რომელსაც შველა ყველაზე მეტად სჭირდება.

 

„მთის ამბები“ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:

ფესტივალის მონაწილეებს: ლელა თათარაიძეს, დებ გოგოჭურებს, თორნიკე სხიერელს და ანსამბლ „სახიობას“ რაჭიდან; ლეილა აჭიშვილს პანკისიდან; მეუფე ზენონს - დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპისკოპოსს; ანსამბლ „რიჰოს“ - მის ხელმძღვანელს ვახტანგ ფილფანს; ცნობილ ინგუშ მწერალს - ისა კაძოევს, რუსლან ტიბოევს და სხვა საპატიო სტუმრებს ინგუშეთიდან; ქისტ უხუცესებს - ხასო ხანგოშვილს, ზაურ გუმაშვილსა და ზელიმხან წუწაშვილს; შოთა მირიანაშვილს - მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტს; გოგი წიკლაურსა და ბაბუა ალუდაურს; მთის სათემო ქსელის წარმომადგენლებს - გაგა ცისკარაულს, ჯეკო დამაცალაშვილს, დავით ჯაბუშანურს, გიორგი თადიაურს, ბესო ხოსიშვილს; საინფორმაციო ცენტრების ქსელის მულტიმედია კონსულტანტს შოთა გოგიშვილს; კომპანია „ზედაზენს“ და მის წარმომადგენელს ლევან შერმადინს; ზაზა გორელიშვილს - ჟინვალის კულტურის სახლის წარმომადგენელს; კახა ჟორჟოლიანსა და დავით ნავერიანს - მესტიის მუნიციპალიტეტის მერს და კულტურის სამსახურის წარმომადგენელს; შოთა და ბერდია არაბულებს - კორშაში მდებარე საოჯახო სასტუმროს მეპატრონეებს.

განსაკუთრებული მადლობა არხოტიონებს სანდუა, გიგი და ვადიმ წიკლაურებს; ელისო, იმედა, დაჩი, გურამ და ომარ ნაროზაულებს; ფიქრია ჭინჭარაულს; გელა თეთრაულს; ფოლკლორისტებს - ეთერ თათარაიძესა და ამირან არაბულს; უჩა სეთურს - ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ავტორსა და დირექტორს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში