საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ამღის აღდგენა 2020 წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ - პრემიერი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:07 - 15 აგვისტო 2019 hits 19693

„ამღა მართლაც საოცარი ადგილია, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ აღვადგინოთ ამღა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ჩვენ უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები და 20 ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა ამღაში აღდგება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ხევსურეთში, სოფელ მუცოში მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მანამდე პრემიერი არხოტის ხეობაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. პრემიერი არხოტიონებს ახიელის ჰესის რეაბილიტაციასაც დაპირდა. „ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პირველ რიგში თქვენ შეგიქმნათ ყველა წინაპირობა იმისთვის, რათა 4 სეზონის განმავლობაში ცხოვრობდეთ თქვენი წინაპრების მიწაზე და განავითაროთ თქვენი ეკონომიკური საქმიანობა აქ. თქვენს ულამაზეს კუთხეს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი და ჩვენ ერთობლივი ძალებით მოვახდენთ ამ ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციას“, - მიმართა პრემიერმა ხევსურებს.

რაც შეეხება მუცოს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართუს დახმარებით 16 კოშკი უკვე აღდგენილია.

„ეს იყო 5 წლიანი პროგრამა, უახლოეს მომავალში დასრულდება და მე მსურს ყველა ქართველს მოვუწოდო, რომ  აუცილებლად ჩამოვიდეს მუცოში. ეს არის უნიკალური ადგილი და სიტყვებით წარმოუდგენელია ამ სილამაზის გადმოცემა. აქ გული მართლაც განსხვავებულად ძგერს. ეს არის სიამაყის საგანი მთელი საქართველოსთვის. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებმაც შეგვინარჩუნეთ ჩვენ ყველაზე ძვირფასი, ჩვენი მთა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურული ძეგლები. მუცო არის მაგალითი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უწყვეტობის, რითაც თითოეული ჩვენგანი ასე ამაყობს და მე მსურს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს“, - განაცხადა ბახტაძემ.

პირიქითა ხევსურეთის ისტორიული სოფლის, ამღის გადასარჩენად „მთის ამბებმა“ ადვოკატირების კამპანია 24 ივლისს დაიწყო. ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო. ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. იმისთვის, რომ ამღა გადარჩეს, სულ რაღაც 20-მდე ხევსურული სახლია აღსადგენი, ეს კი მთელი სოფელია.

ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს ამღიონებს, გააძლიერებს სოფელს, განავითარებს ტურიზმს, ხალხს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შემოუნახავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.

ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე „მთის ამბებმა“ ერთ დღეში 1000 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა. კამპანიის ფარგლებში, „მთის ამბებმა“ მოამზადა მოკლე ვიდეოები ჰეშთეგით #გადავარჩინოთამღა, რომლებშიც არხოტიონები, ფილკლორისტები და ექსპერტები სოფელ ამღის გადარჩენის აუცილებლობაზე საუბრობენ.

კამპანია #გადავარჩინოთამღა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მიზანი, რომელსაც სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ახორციელებს, მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირებაა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში