საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მიხა ხელაშვილის საფლავზე უკანონო სამუშაოები დღესვე შეჩერდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:40 - 01 სექტემბერი 2020 hits 16425

„კულტურული მემკვიდრეობის ინსპექცია დღესვე ავა ჩარგალში, ინსპექციის უფროსის ლევან ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით და ადგილზე მიიღებენ ყველა გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა მსგავსი უნებართვო სამუშაოების აღსაკვეთად. მიმდინარე სამუშაოები დღესვე შეჩერდება“, - განუცხადა „მთის ამბებს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

მისივე თქმით, ინსპექტირების შედეგად თუ დადგინდა, რომ პირვანდელი იერსახის დაბრუნება შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში სააგენტო გამოძიების დაწყების მოთხოვნით პოლიციას მიმართავს.

„მე გადავამოწმე და თვითონ დუშეთის მუნიციპალიტეტს არაფერი დაუწყია, სხვები მუშაობენ. თუ ისეთი დაზიანებები და სახეცვლილებაა, რომლის გამოსწორებაც შეიძლება, სამუშაოების მწარმოებლები გაფრთხილებას მიიღებენ. თუ რამის გაკეთება სურთ, პროექტი უნდა წარმოადგინონ. თუ პროექტი მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, მათ ვალდებულება დაეკისრებათ, პირვანდელი სახე აღადგინონ“, - აღნიშნა ნიკოლოზ ანთიძემ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში, მიხა ხელაშვილის საფლავზე უნებართვო სამუშაოების თაობაზე „მთის ამბებმა“ ინფორმაცია 28 აგვისტოს გაავრცელა.

საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლის შესახებ „მთის ამბები“ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ჩარგლის სასაფლაოზე მისულებს მიხა ხელაშვილისა და მისი დედის საფლავი დაბეტონებული დაგვხვდა. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ საფლავის მოპირკეთების სამუშაოები თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, თამაზ მეჭიაურის დავალებითა და ორგანიზებით მიმდინარეობს.

ვინც მიხა ხელაშვილის ბიოგრაფიას, მის ხასიათსა და შემოქმედებას ცოტათი მაინც იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ჩატარებული სამუშაოები ყოვლად გაუმართლებელი და შეუსაბამოა გარემოსთან, მიხას ცხოვრების წესთან და ანდერძთან:

„მენაც თქვენსაებრ მაღირსოს,              

შინ გათლილ კუბოს ფიცარსა,

სამუდმოდ ჩასაბარებლად

სამარეს ახადისასა“.

ნატვრისა და ანდერძის თანახმად, მიხას ახადში დაკრძალვა სურდა, მის მშობლიურ სოფელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ახადამდე სამანქანო გზა არასდროს ყოფილა. გზის გაჭრის მოთხოვნით, ფშავ-ხევსურეთის სათემო ორგანიზაციამ, ერთი თვის წინ, პეტიციით მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

მიხა ხელაშვილის საფლავზე სამუშაოები ისე დაიწყო, რომ არ ყოფილა შეთანხმებული მიხას შთამომავლებთან. „მთის ამბები“ მიხას შვილიშვილს, თამარ ბაჩიაშვილსა და მიხას დის, სალომეს შვილიშვილს ლამარა რაზიკაშვილს ესაუბრა. ამ ფორმით საფლავის მოპირკეთებას ისინი მხარს არ უჭერენ.

„მთის ამბების“ მიერ მიხა ხელაშვილის საფლავთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას თიანეთის მერი გამოეხმაურა. თამაზ მეჭიაური ქვის გადამამუშავებელ საამქროში, სადაც მიხა ხელაშვილის საფლავისთვის ქვას ჭრიან, პოეტ ტარიელ ხარხელაურთან და სარდიონ ხელაშვილთან ერთად მივიდა. ვიდეომასალა ფეისბუქში, თამაზ მეჭიაურის გვერდზე განთავსდა.

„წელს, 25 იანვარს, როცა ჩვენ ვიმყოფებოდით ჩარგალში, მე, ბატონი ტარიელი, მეუფე და ხელაშვილები, იქ ითქვა, რომ საფლავი გაგვეკეთებინა. თოვლი არ იყო და ჩანდა, როგორ იყო ჩამოშლილი. მე შევპირდი, თუ სხვა არ გააკეთებდა, მზად ვიყავი. ერთი თვის წინ, პირობა რომ შემახსენეს, გვერდით დავუდექი. სპონსორები და დამხმარეებიც გამოჩნდნენ. ზოგს ის არ მოეწონა, რატომ არისო თიანეთის მერი დუშეთის ტერიტორიაზე, ხელაშვილების წარმომადგენლებიც გაცილებით მეტნი გამოჩნდნენ. ფიზიკურად ყველას ვერ გავწვდებოდით კონსულტაციისთვის. ლელა რაზიკაშვილთანაც მქონდა საუბარი, რომელიც ვაჟას შთამომავალიცაა და ხელაშვილისაც. მაინც გაიმართა პოლემიკა. აგერ, მოტანილია ქვა, დაიხერხება, დაბეტონებულია, რომელზეც უნდა მოხდეს ქვების დამაგრება. არის კიდევ საფლავის ესკიზი, რასაც ემატება ხელაშვილების იდეა, რომ დაიდგას თაღი თავისი ზარით.

მე დღეიდან ვიხსნი უფლებამოსილებას და ვთხოვ ჩემს მეგობარ ტარიელ ხარხელაურს, დაჯექით თქვენი ჭირიმე და ისეთი გააკეთეთ, მიქელანჯელო არ იყო ყველასთვის მოსაწონი და შეიძლება ჩვენ ვერ შევქმნათ ისეთი შედევრი, რომელსაც კრიტიკოსი არ გამოუჩნდება. თუ ვინმე ხვალ მოიტანს უკეთესს, დაშალონ ბატონო და გადაიტანონ სხვაგან და ახალი გააკეთონ.

თუ მაინც და მაინც საფლავების გაკეთება უნდათ, აგერ, ვაჟა ფშაველას მშობლების საფლავი იმ ეკლესიის ეზოშია და გააკეთონ. თუ კიდევ უნდათ წინაპრებს მოემსახურონ, 300 არაგველის მემორიალი თავზე გვენგრევა დუშეთში და ყველას შეუძლია ჩაერიოს და გააკეთოს.

თუ მთხოვთ რამეს, მზად ვარ. დახერხვის ღირებულებასაც გადაიხდიან. ბიუჯეტიდან არაფერი იხარჯება, სულ კერძო შემოწირულებებით კეთდება.

ვინმეს დუშელების მტერი არ ვეგონო. ჩემი წინაპრები, ბებიაჩემი დუშეთის რაიონიდან იყო, პაპაჩემი ბლოელი გიგაურების შთამომავალია. ასე რომ, გასკდით გულზე, მტერი არ ვარ დუშელების. დარწმუნებული ვარ, დუშეთში უფრო მეტ ხმას ავიღებ, ვიდრე თიანეთში“.

„მიხას არ ეკადრებოდა ასეთი საფლავი. რამდენჯერმე ვთქვი, რომ ხომ შეიძლება ეს საფლავი რამენაირად გაკეთდეს და შეიცვალოს. ჩვენ გვინდა, რომ 2020 წლისთვის ამ კაცს, რამენაირად საფლავს მიმსგავსებული საფლავი ჰქონდეს. თამაზ მეჭიაურს ეს არ სჭირდება პოლიტიკაში მოსასვლელად, ისედაც მოვა თავისი სახელით. ამაზე საუბარი შეიძლება დაეწყოთ ერთი თვის წინ, როცა ჩვენ საფლავზე ვიყავით. აქამდე რატომ არავის გაუჩნდა აზრი, რომ უკეთესის შეთავაზება შეუძლიათ? რატომ აქამდე არ გამოვიდნენ, რაღა მაინც და მაინც გუშინ? ჩვენ აქ მოსვლას არ ვაპირებდით, მაგრამ იმდენად შემაწუხა გუშინდელმა ამაზრზენმა დამოკიდებულებამ ამ საქმეზე, რომ ჩემს სიცოცხლეში არ მიგრძვნია გულის ტკივილი, წუხელ წამლის დალევა დამჭირდა. განა ასე მცნობენ? არ სჭირდება თამაზ მეჭიაურს პოლიტიკისთვის სხვის სასაფლაოზე დგომა, ამას თავისი კაცობით აკეთებს“.

მიხა ხელაშვილის საფლავი ჩარგლის სასაფლაოზე, თეთრი გიორგის სახელობის ეკლესიიდან მაქსიმუმ 2 მეტრშია. ეკლესია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარშია აშენებული და მას 2017 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი ადგენს ძეგლის დამცავ ზონას და მის შემადგენელ არეალებს.

ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით. ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას, მათ შორის: იმგვარი მოქმედებები, რომლებიც გამოიწვევს მიწის მნიშვნელოვან ვიბრაციას ან დეფორმაციას; ისეთი ობიექტების აღმართვა, რომლებიც არ ემსახურება ძეგლის დაცვას ან მისი გარემოს გაუმჯობესებას;

რაც შეეხება ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალს, ეს არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი ძეგლებისათვის განისაზღვრება 300 მეტრის რადიუსით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში