მთავარი საკითხი, რაც მთაში ეკოტურიზმის განვითარებას, მოსახლეობის დაბრუნებას და საქმის დაწყებას აფერხებს, მამაპაპისეული მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემებია. მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მიწის რეფორმა არ ჩატარებულა და არ არსებობს დოკუმენტაცია, მოქალაქეები ვერ ახერხებენ მიწის ნაკვეთების, უძრავი ქონების რეგისტრაციას. ხელი ეშლებათ საბანკო სესხის ან გრანტის მიღებაში, ხშირად მთაში მცხოვრები პირის სტატუსსაც კი ვერ მოიპოვებენ, რომ შეღავათებით ისარგებლონ.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტს ახორციელებს, მთაში საკუთრების რეგისტრაციის პრობლემების გადასაჭრელად, ადვოკატირების კამპანიას იწყებს. კამპანიის ფარგლებში სიღრმისეულად გაშუქდება საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები სხვადასხვა მთიანი რეგიონიდან; გაიმართება შეხვედრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, მთის ეროვნული საბჭოს და პარლამენტის წევრებთან; სამოქალაქო აქტივობების ცენტრი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებასაც გეგმავს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნაკლებად ცნობილი ადგილების, დეპრესიული ხეობებისა და სოფლების ჩართვას ტურისტულ მარშრუტებში. მთის სათემო ქსელი უახლოეს პერიოდში საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფს დათვიჯვარი-ხახაბო-არდოტის (ხევსურეთი), ასევე, ტბათანა-წაროს (წოვათის ხეობა) ტურისტული მარშრუტების მარკირებას თანამედროვე სტანდარტებით.
ადვოკატირების მეორე კამპანიის მიზანი, რომელსაც სამოქალაქო აქტივობების ცენტრი მთის სათემო ორგანიზაციებთან და „მთის ამბებთან“ ერთად განახორციელებს, არხოტის ხეობაში საზღვრისპირა ისტორიული სოფელ ამღის რეაბილიტაციაა.
წელსვე სხვადასხვა აქტივობები გაიმართება არხოტის, ტბათანას, წოვათის ხეობის პოპულარიზაციის მიზნით, მათ შორის, ტბათანასა და არხოტში მთის ფესტივალები ჩატარდება. ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, დათვიჯვრისა და არხოტის უღელტეხილებზე უფასო wi-fi ინტერნეტი გახდება ხელმისაწვდომი.
შერჩეული მარშრუტების მიმდებარედ ტურიზმის მომსახურების მიმწოდებელთა საჭიროებების განვითარებისთვის დაიგეგმა შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერიების, დანიშნულების მართვის ორგანიზაციების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.