საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა ეტაპზეა მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის პროექტი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:48 - 21 ნოემბერი 2018 hits 8403
ფოტოზე - ირაკლი ქარსელაძე და ლევან კუპატაშვილი
ბიზნესი
ფოტოზე - ირაკლი ქარსელაძე და ლევან კუპატაშვილი

პანკისი-ხადორის ხეობა-თუშეთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის წინასწარი ვერსიის გაცნობისა და ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის მიზნით, თუშეთისა და პანკისის ხეობის მცხოვრებლები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილეს, ირაკლი ქარსელაძესა და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

შეხვედრა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

ირაკლი ქარსელაძემ შეხვედრის მონაწილეებს სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ახმეტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მიზანი გააცნო. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სნო-ჯუთას მიმართულებით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაციაზე კი ტენდერია გამოცხადებული და სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება:

„გვინდა, რომ ჯუთადან როშკაში სამანქანო გზა გადადიოდეს და ტურისტებს, რომელთა რიცხვიც მზარდია, არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეთ - ყაზბეგიდან ხევსურეთში, ფასანაურის, ჟინვალისა და შემდეგ ფშავის გავლით გადავიდნენ ან ბევრად მოკლე გზით, ჯუთადან როშკაში და შემდეგ გააგრძელონ გზა. ეს არ ნიშნავს, რომ ჯუთა-როშკის გზის მშენებლობით, მაგალითად ფშავი უყურადღებოდ გვრჩება. პირიქით, ჟინვალის წყალსაცავის მარცხენა მხარეს, თვალივის ჩათვლით გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. სამუშაოები დაწყებულია და მომავალ წელს უნდა დამთავრდეს გზის მოასფალტება ჩარგლის გადასახვევამდე. პარალელურად, 2019 წელსვე დაიწყება გზის რეაბილიტაცია ჩარგლიდან ბარისახომდე.

რაც შეეხება პირიქითა ხევსურეთს, დაგეგმილი გვაქვს, რომ სამანქანო გზა სოფელ არჭილომდე მივიყვანოთ, რომელიც ბოლო დასახლებული პუნქტია ანდაქის ხეობაში. ვმსჯელობთ, რამდენად ეფექტიანი იქნება სამანქანო გზის გაჭრა არჭილოდან ალაზნისთავის მიმართულებით.

აქ უღელტეხილი ზღვის დონიდან 3000 მეტრზე გადის და სპეციალისტების მოსაზრებით, გზა სამ თვეზე მეტ ხანს ვერ იქნება განვლადი. ამიტომ, მიდის დისკუსია, ღირს თუ არა რესურსების ხარჯვა ამ მიმართულებით. ამ საკითხზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, თუ ამ პროექტის განხორციელება გადაწყდა, არ მოხდება თუშეთის არსებული გზის უყურადღებოდ დატოვების ხარჯზე, პირიქით. არსებული გზა შენარჩუნდება და 2020 წლიდან დაიწყება მისი რეაბილიტაცია“.

ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2019 წელს შეისყიდის საპროექტო მომსახურებას ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაციის მიზნით. „უნდა გადავწყვიტოთ, გზის 56-ე კილომეტრზე, სტიქიის ადგილას რა სამუშაოების ჩატარებაა საჭირო, ეს იქნება გზის ამ მონაკვეთის გადატანა თუ სხვა. რამდენიმე ვარიანტი იქნება წარმოდგენილი. ყველა სეზონზე არ უნდა გვქონდეს ამ ადგილას იგივე პრობლემა, ყოველ წელს არ უნდა ვხარჯავდეთ ფულს ერთი და იმავე სამუშაოებზე“.

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ლევან კუპატაშვილის თქმით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება და 2022 წელს დასრულდება: „ეს რეგიონული გზაა. რეაბილიტაცია არ გულისხმობს სამუშაოების ჩატარებას მხოლოდ ყველაზე რთულ მონაკვეთებზე. გზის სიგანე უნდა გაიზარდოს, ასაქცევები მოეწყოს, სადაც საჭირო იქნება ხიდები, საგზაო ნიშნები, გარკვეულ მონაკვეთებზე შესაძლოა ბეტონის საფარი და ა.შ. მთავარია, რომ გზა იყოს ბევრად უსაფრთხო და განვლადობის ხანგრძლივობაც გაიზარდოს“.

რაც შეეხება თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას, პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით, საბოლოო პროექტი ჯერ არ გვაქვს. იქ არის ორი რთული მონაკვეთი. სპეციალისტები ცდილობენ ამ მონაკვეთეებზე გზის იმგვარად დაპროექტებას, რომ სტანდარტები დააკმაყოფილონ. კონტრაქტორმა ხორვატიულმა კომპანიამ პროექტი უნდა წარმოადგინოს 2019 წლის თებერვლის ბოლომდე“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

შეხვედრას კოოპერატივ „ალაზნისთავის“ დამფუძნებელი გიორგი აბულიძეც ესწრებოდა, რომელიც ალაზნისთავში გუდის ყველს აწარმოებს და საქართველოს ბაზრის გარდა, ექსპორტზეც გააქვს. გიორგის თქმით, რძის ნაწარმის მთიდან ბარში ტრანსპორტირება, უგზოობის გამო, მუდმივად პრობლემურია: „ჩვენთვის ახალი გზის მშენებლობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, თუ სამუშაოები ხარისხიანად შესრულდება და არა ისე, როგორც ეს არხოტის გზის შემთხვევაში მოხდა“.

თუშეთის ულამაზესი კუთხე - წოვათა, მოსახლეობისგან მთლიანად დაცლილია. უგზოობა ძირითადი მიზეზია. წოვათის ხეობაში საცხოვრებლად დაბრუნების მსურველები არიან, მაგრამ ვერ ახერხებენ სახლებისა და საცხვრე ბინების აღდგენას, მოვლა-პატრონობას. 7 სოფელი გაუკაცრიელდა.

გომეწრის ხეობის სოფელ ალისგორიდან წოვათის მიმართულებით გზა გასული საუკუნის 90-იან წლებში, მთის ეროზირებულ ფერდობებზე გაიყვანეს, რამაც დროთა განმავლობაში გზის ზოგიერთი მონაკვეთის დამეწყვრა გამოიწვია. ამჟამად აქტიური მეწყერის სიგრძე 500-600 მეტრია, სიგანე კი 120-140 მეტრი. 2017 წელს, გზის გაწმენდისას მთიდან მოწყვეტილმა ნაშალმა ტრაქტორი დამარხა.

გზის გაყვანისას აფეთქებითმა სამუშაოებმა უნიკალური ნასოფლარი წაროც დააზიანა. ისტორიული შენობების კედლები დაბზარულია და ყოველწლიურად იშლება, არადა წელს, წაროს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. პრაქტიკულად უფუნქციო გზით წაროში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

წოვათაში ვერც ტურიზმი ვითარდება. თუშეთის ეროვნული პარკის მონაცემებით, 2018 წლის სეზონზე, ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე თუშეთს 15 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, აქედან, ხევსურეთიდან თუშეთში და პირიქით 2 ათასამდე ტურისტი გადავიდა. ტურისტები ძირითადად თუშეთის პირიქითის ხეობისა და აწუნთის უღელტეხილის გავლით გადაადგილდებიან.

„აწუნთა ზღვის დონიდან უფრო მაღალი და რთული მარშრუტია, ვიდრე ხევსურეთიდან ანდაქის ხეობის გავლით თუშეთის ალაზნისთავში გადმოსასვლელი ბილიკები. მაგრამ, ხევსურეთში მანქანა სოფელ ხონისჭალამდე მიდის, საიდანაც ბილიკი პირიქითის თუშეთში გადმოდის. იქაც მაღალი გამავლობის მანქანა ტურისტებს პირველივე სოფელთან, გირევთან ახლოს ხვდებათ. მეორე მარშრუტი რომ აირჩიონ, გზა არც ხევსურეთის მხრიდან მოდის უღელტეხილთან ახლოს და არც თუშეთისკენ არის. ხევსურეთის მხარეს გზა არდოტამდეა. იმის შემდეგ არის სოფლები ანდაქი და არჭილო. თუშეთის მხარეს კი მთელი წოვათა ტურისტმა ფეხით უნდა გაიაროს. ზოგიერთ ადგილას მდინარეზე საფეხმავლო ხიდიც კი არ არის. თუ ვინმე მაინც აირჩევს ამ მარშრუტს, ბევრად დიდი მანძილის გავლა უწევს ფეხით, ვიდრე მეორე მარშრუტზე“, - ამბობს გელა მთივლიშვილი, „მთის ამბების“ დამფუძნებელი.  

თუშების სათემო საბჭომ და პანკისის უხუცესთა კავშირმა გზების დეპარტამენტს მხარდაჭერა აღუთქვეს პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით, თუშეთის ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

პანკისის უხუცესთა კავშირის წევრის, ზაურ გუმაშვილის თქმით, ახალი გზა არა მხოლოდ თუშეთის განვითარებას შეუწყობს ხელს, პანკისის ხეობას ჩიხური სიტუაციიდან გამოიყვანს.

„თუ ვინმე ფიქრობს პანკისში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრას, ეს გზა აუცილებელია ამ მიზნების მისაღწევად“.

პანკისის მცხოვრებლებმა შეხვედრაზე წამოჭრეს საკითხი, რომ თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, გზამ პანკისის სოფლებში დუისში, ჯოყოლოსა და ბირკიანში, მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, ამჟამად არსებული გრუნტის გზაზე გაიაროს.

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით, დეკემბრის დასაწყისში პანკისში სპეციალისტების ჯგუფს გაგზავნის, რომლებიც ამ საკითხს შეისწავლიან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში