საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ტობას ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:43 - 30 იანვარი 2017 hits 7356

სამეგრელოს მაღალმთიანეთში ტობას განვითარების გეგმა დიდი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. გეგმის თანახმად, ტურისტული მარშრუტი კურორტ მუხურიდან დაიწყება და ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრის სიმაღლეზე დამთავრდება, სადაც ტურისტს მყინვარული წარმოშობის 7 ტბის მონახულების შესაძლებლობა ექნება. ტობას განვითარების კონცეფციის ავტორი საქართველოს სპელეოკავშირის წევრი, ფოტოგრაფი რომან თოლორდავაა.

„განვითარების გეგმა ხუთ ტობას მოიცავს - დიდღალიშ ტობას, წაქაწყარიშ ტობას, კალაშიშ ტობას, ცაშკიბულიშ ტობავარჩხილს და ჭითაგვალაშ ტობავარჩხილს. შესაძლებელია კიდევ 2 ტობას დამატება. ტურისტული მარშრუტი კურორტ მუხურიდან დაიწყება. დაგეგმილია ტურისტული ბილიკების გაშლა. ტბებიდან შესაძლებელი იქნება სვანეთში, დაბა ხაიშში ან მეორე მხარეს, ეგრისისი ქედის სამხრეთ ნაწილში, კურორტ სკურში გადასვლა. კონცეფციის მიხედვით უნდა გაიწმინდოს და დაიგოს გზები, ასევე მოეწყოს საბაგირო ტობას მიმართულებით. ჩვენი მიზანია, რომ ტობა გახდეს ხელმისაწყდომი ყველასთვის - ბავშვებისთვის, მოყვარულებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებითვის. დღეს ეს ძალიან რთული მარშრუტია, რომლის გავლაც ყველას არ შუძლია. განვითარების გეგმა ძალიან დიდი პროექტია. ასეთი დიდი პროექტი ბოლო 5 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში არ განხორციელებულა,“- აღნიშნა www.mtisambebi.ge-სთან საუბარში რომან თოლორდავამ.

ტობას ერთ მარშრუტზე შესაძლებელია კოლხური და წიწვოვანი ტყეების, მღვიმეების, უფსკრულების, ჩანჩქერების, მწვერვალების, ალპური მდელოების, მინერალური წყაროებისა და გამჭვირვალე ალპური ტბის მონახულება, რომელსაც ტობავარჩხილს უწოდებენ, რაც მეგრულად „ვერცხლის ტბას“ ნიშნავს.

განვითარების გეგმაში ასევე შედის მდინარე გვალაშარასა და მის კანიონში სამოყვარულო კანიონინგის განვითარებაც. პროფესიონალი კანიონგებისთვის მარშუტის მოწყობა კი მდინარე კირაზალაზეა შესაძლებელი. მდინარე ღუნჯი და მისი ჩანჩქერი პირველი დონის კანიონიგისთვის იქნება გათვლილი. რაფტინგისა და კანიონიგის განვითარება იგეგმება მდინარე ხობზეც.

სამეგრელოს მაღალმთიანეთის განვითარების გეგმაში შედის ეთნოგრაფიული ტურიზმის განვითარებაც. ამ მიმართულებისთვის შერჩეულია ნათიფურუს, ლანჯერის, ოხოჯეს, გვამარდას და კალაშარას მეჯოგეთა საზაფხულო სადგომები. ასევე შესაძლებელია სათევზაო და სანადირო ტურიზმის განვითარებაც.

თოლორდავას განცხადებით, ტობას განვითარების გეგმის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებები ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან უკვე დაწყებულია.

ტობავარჩხილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს. ტბის უდიდესი სიღრმე 35 მეტრია. ტობავარჩხილი - ვერცხლის ტბა მთის გამჭირვალე ტბის საერთო სახელია. ეგრისის ქედზე ამ სახელწოდების სულ 6 ტბაა.

ამჟამად ტურისტებმა პირველ ტობამდე მისასვლელად ფეხით 8 კილომეტრი უნდა გაიარონ, მეორე ტობამდე მანძილი კი 12 კილომეტრია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში