საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ციური გიგაური - მეცხვარე ქალი მთიულეთიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:57 - 02 აგვისტო 2018 hits 23269

„ეს ნივა 99-ში ვიყიდე. ძველია, მაგრამ მთელ სოფელს ემსახურება. ჩვენ იოლას გავდივართ“, - ამბობს და მანქანის ქვეშ შემძვრალი, ჩამოვარდნილ მაყუჩს ხელით ასწორებს.

ციური გიგაურის ნივა კვირაობით სამი სოფლის მოსახლეობის მთელი კვირის სამყოფი პროდუქტით იტვირთება. სიძველისგან შელახული და ფქვილიანი ტომრებით დამძიმებული, ჭართლის ბაზრიდან ვაშლობამდე ძლივს, ჯაყჯაყით ადის. 

ჩვეულებისამებრ, ციურის ნივა სოფელ ვაშლობიდან ბაზრამდე მეზობელს მიჰყავს, ციური კი გასაყიდ ცხვარს ერეკება. თუ გაუმართლებს და ყველას გაყიდის, შინ მანქანით წავა, თუ არა და, ნივას ისევ მეზობელს გაატანს, ცხვარს კი ისევ თვითონ გარეკავს. 

დღეს არ გაუმართლა - ნივა რობიზონმა წაიყვანა. ცხრა სული ცხვარი გასაყიდი დარჩა. ბაზრიდან სახლამდე 6 კილომეტრი, ამდენივე კი სახლიდან ცხვრის სადგომამდე უნდა იაროს. 

„მთელი სოფლის იმედია. ეს რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა. ცხენის დაჭედებაზეც კი ყველა ციურის ეძახის. კაცის საქმესაც ეს აკეთებს და ქალისაცა. მოფერებით,მათიკო ბიჭს ვეძახი ხოლმე“, - გვეუბნება ციურის მეზობელი რობიზონ ქავთარაძე. 

ციურის მამა მეცხვარე იყო და ციურიც ცხვარში გაიზარდა. თბილისში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მთიულეთში დაბრუნდა. ახლა 42 წლისაა და უკვე ცხრა წელია მარტო მწყემსავს ასობით ცხვარს. მოხუც მშობლებსაც პატრონობს და საოჯახო მეურნეობასაც უძღვება. 

„ცხრა წლის წინ ცხვრების გაყიდვა გადაწყვიტა მამაჩემმა. საქონელიც რომ არ ჰყავდეს, მთაში სხვა რითი უნდა ირჩინოს თავი კაცმა. 180 სული გვყავდა და არ გავაყიდინე. ეხლა რვაასამდე მყავს. რამდენიმე ცხენს და ოცდაათამდე ძროხასაც ვუვლი“. 

გაზაფხულზე, სანამ საბალახოდ მთის საძოვრებზე გარეკავს, საქონელს სახლთან ახლოს, ბაკში აბინავებს. ღამით თვითონაც იქვე, ნაბადში გახვეული ფხიზლობს. გვიხსნის, რომ გარეთ ძილით ძაღლებს ამხნევებს. მგელს ძაღლის შიში აქვს, მაგრამ ყურადღება მაინც უნდა, თუ ერთხელ წაიყვანა, მერე ყოველ ღამე მოდისო. 

„მეცხვარე რბილად რომ დაწვეს, დაეძინება და ვეღარ გაიგებს ცხვარში რა შავა. გარეთ, საყარაულოში ვიძინებ ხოლმე - ნაბადში. ქვეწარმავალი ამას არ ეკარება და არაფერი“. 

ხუთ წელზე მეტია მატყლს ვერ ყიდის. სეზონზე ერთ ტონას მაინც სანაგვეზე ყრის. ცხვრის გაპარსვაზეც ბევრს წვალობს, ზოგჯერ დღეში ორმოცამდე ცხვარს მარტო პარსავს. ხანდახან მეზობლები ეხმარებიან. 

მწყემსს ვერ შოულობს. წუხს, 800-1000 ლარ ხელფასს ვაძლევ და მუშაობა არავის უნდა, სოფელში ცხვარში წამსვლელი კაცი აღარ დარჩაო. თვითონ ყველას ეხმარება, რითიც შეუძლია, ხელს უმართავს. 

„ბირჟაზე ბიჭები რომ დამინახავენ, მეძახიან: ციურ, პივა მიყიდე, ციურ, ხუთი ლარი მომეცი... იმდღეს ათ ლარიანი ამოვიღე საფულიდან, შემთხვევით. რომ დაინახეს, ეგ ათიანი მომეციო. დღეს რომ ათი ლარი მოგცე, ხვალ რაღა მოგცე-მეთქი, ვუთხარი“, - იცინის.

ხანდახან თვითონაც არ აქვს. უგზოობის გამო, ზოგჯერ ცხვარი გასაყიდად ვერ მიჰყავს. გაზაფხულზე მდინარე რომ ადიდდება, გზა ინგრევა და სოფლები გარესამყაროს წყდება. ციურის სოფელ ვაშლობში რომ ახვიდე, ორ ადგილას მდინარეში უნდა გაიარო. თუ ადიდებულია, ფეხით კი არა, მანქანით გასვლაც შეუძლებელია.

„ხან ერთი კვირა ვერ გახვალ საერთოდ. გვპირდებიან, ხიდებს გავაკეთებთო. ერთი ეგ მაინც გააკეთონ... დანარჩენი აქ ცხოვრება არა ჭირს.“

სოფელი რის სოფელია, რომ სანოვაგე არ ჰქონდეს. არ წუწუნებს. კარტოფილი და ლობიო თვითონ მოჰყავს, სხვა პროდუქტს კი კვირაობით ჭართლის მაღაზიაში ყიდულობს.

მთიდან წასვლას არ აპირებს. ფუძეს ვერასდროს დავტოვებო. არ უნდა, ვაშლობიც ნასოფლარად იქცეს.

მანქანის მაყუჩს ისევ ასწორებს, ნივას ქოქავს და ჭართლამდე გვაცილებს. ჩქარობს, ცხვარში ფეხით ასვლა დაღამებამდე რომ მოასწროს.

მაგდა გუგულაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, კავკასიის მედია სკოლის მასობრივი კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების მაგისტრი. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში