საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მოგზაურის დღიური ხადის ხეობიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:24 - 05 მაისი 2017 hits 23896

საოცრად ლამაზი სანახავია ხადა ზამთრის მიწურულს. შეცოტავებული თოვლი. ჰაერი  თბილი და გაზაფხულის სურნელშერეული. ექოებიც უფრო მკვეთრი.

ქვეშეთამდე ტრანსპორტმა მოგვიყვანა, ჩამოვქვეითდით და ფეხით გავუყევით გზას.

ხეობის პირველი სოფელი ბედონია, მოჟივილხივილე ბავშვებითა და  ბრაზიანი ნაგაზებით სავსე ეზოიანი სახლებით. მჟავე წყალ „ვეძამდე“ სწორი გზა მიიკლაკნება, მერე იწყება ხანგრძლივი აღმართი სოფელ ბეგოთკარამდე. ბეგოთკარიდან, ერთი შეხედვით, ხელის გაწვდენაზეა სოფელი წკერე, რომელიც ხეობის ბოლო სოფელია და სადაც მხოლოდ სამი ადგილობრივი რჩება ზამთრობით – ფარდაგების ქსოვის უბადლო ოსტატი, ანიჩკა ბებო (ზაქაიძე) და ცოლ–ქმარი ტარიელ ზაქაიძე და თამრიკო წიკლაური.

ბეგოთკარამდე შეუფერხებლად ვიარეთ. ნისლები დაცურავდნენ და ნაცრისფრად სუდრავდნენ მთათა კალთებს. მივდიოდით და გზადაგზა ფეხქვეშ მივიმტვრევდით გაყინულ გუბურებს. ბეგოთკარიდან წკერესკენ სვლა გართულდა. გაუკვალავი თოვლი ვერ უძლებდა სიმძიმეს, ფეხქვეშ გვეფშვნებოდა და მოწყვეტით ვეფლობოდით მუხლებამდე.

„მოდით შვილებო, მოდით! რამ დაგათელინათ ამოდენა გზა ამ თოვლში?! კიდევ კარგი,  ამინდი მზიან შეგხვდათ და ზვავ არ დაგატყდათ თავს ან ნადირ არ გადაეყარეთ“ - შემომოგვეგება შეშფოთებული დეიდა თამარი სოფელში ასულებს.

„როგორ სულ დაისველდებოდით. ამასვლაა ძნელი თორე, ჩასვლით კი ჩახვალთ. აგე, ამას წინათ იყვნენ ამოსულები. ნისლიანი იყო... სულ საზოვეებით წამაისულან.

გზა თუ არ იცის კაცმა, არ უნდა წამაიდეს. საშიშია შვილო, რამდენი დაუღუპავს ამ ზოვსა. რო წამოვა, გგონია მაასწრებ სადმე გაქცევას? ხმაურზეც წამავალის ზოვი, უფრო მაშინა, როცა თოვს. ზაფხულში კი მართლა კარგია აქაურობა... წელს ცოტა მოიდა თოვლი, მოხუცები შეგვინანა.“

სახლში შევლაგდით, ზურგჩანთები მოვიხსენით და ღუმელს შემოვუსხედით. ცოტა დასვენებისა და გაყინული თითების შელღობის შემდეგ, ჩანთებიდან პროდუქტი ამოვალაგეთ და ხინკლის მოხვევა დავიწყეთ.

„ცომი ძალიან არ გაათხელოთ, არ ჩაგეშალოთ ხინკალიო“- რჩევებს იძლეოდა ღუმელთან მჯდარი ანიჩკა ბებო, რომელიც გაფაციცებით გვადევნებდა თვალს. კალათა ედგა ფეხებთან, მატყლის ძაფი ეგდო შიგ. გამალებით ქსოვდა ჭრელა–ჭრულა წინდას და გორგალიც მოუსვენრად აწყდებოდა კალათის კედლებს.

„რამხელა მადლი ტრიალებდა ამ სახლში როცა შემოველ. სოფელიც სავსე იყო და ერთმანეთს ვაძლებინებდით მკაცრ ზამთარში“- იგონებდა დეიდა თამრიკო და ხინკლის მოხვევაში გვშველოდა.

სუფრა გაიშალა. ფანდურის ხმითა და სიმღერით შეზავდა საღამო.

„რა ხანია ჩონგურ აღარ დამიკრავს. შვილიშვილები რომ ამოდიან, შემომისხდებიან ხოლმე, ბებო დაკვრა გვასწავლეო. გარმონზეც ვიცი დაკვრა. მიყვარდა ძალიან... ბებიაჩემ რომ დამეღუპა, გამოვკეტავდი კარს, ავიღებდი ჩონგურს და ვაჩხაკუნებდი, მეზობლებს რომ არ გაეგოთ. გარმონზე ვერ ვუკრავდი, ხმამაღალია და ხმას ვერ დაიჭერდა კარიო“ - წარსულის მოგონენებებს აცოცხლებდა ანიჩკა ბებო.

„ფარდაგებს შვილიშვილებისთვისა ვქსოვ, ძაფებს მე თვითონა ვღებავ, ადრე ვყიდულობდი და იმით ვქსოვდი, მაგრამ ახლა ვეღარ ჩავდივარ ბარს. თუ ამოხვალთ კიდევ ჩვენსას, წამომიღეთ ფერადი ძაფები და წინდებს მოგიქსოვთო“ – იღიმოდა მოხუცი. „აგე, ის ფარდაგი სამზითვოდ მავიქსოვე. მაშინ ჩვიდმეტი წლისა ვიყავ და ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს პეწი. თუ გინდა ადამიანი დასწყევლო, უნდა უთხრა – შენ დაბერდიო! მკლავში ძალა აღარ მომდევს. ადრე, ჩემი ქმარი რომ ცხორს წავიდოდა, დღეში ერთ საბანსა ვკერავდი, ახლა კიდე ერთ კვირას ვუნდები.“

სიყვარულით შესცქეროდა ფარდაგებს და დაკოჟრილი ხელებით ეფერებოდა.

„ფილმის გადასაღებად იყვნენ ამოსულნი ამას წინათ. წაიღეს ჩემი ფარდაგები, ერთი კვირის მერე კი დამტვერიანებულ-დაბეჩავებულნი მამიტანეს, არ გაუფრთხილდნენ“ - ამბობდა დანანებით.

შემოღამდა. შორი და რთული გზა გვქონდა წინ. თბილად დავემშვიდობეთ მასპინძლებს, თითო რქა არყით დავლოცეთ დამხვდურნი, გამძლეობა ვუსურვეთ.

„ვერ ვტოვებთ აქაურობას, ჩვენც რომ წავიდეთ, ხომ  ჩაკვდება და გავერანდებაო“ – გულისტკივილით ამბობდა ძია ტარიელი.

„მშვიდობიანად გატაროთ ღმერთმა!“ - ლოცვა გამოგვაყოლა დეიდა თამრიკომ.

დავეშვით.

უკან რჩებოდა სოფელი წკერე. მოვდიოდით დაფიქრებულნი, გამთბარი გულებით და გაურკვეველი სევდით დამძიმებულნი.

წკერეში დარჩენილების სულიერი სიმტკიცე, ნებისყოფა და საკუთარი კერის უსაზღვრო სიყვარული გვასწავლიდა, როგორ უნდა მოუფრთხილდე იმას, რაც შენთვის ასე ძვირფასია.

მარიკა ტყეშელაშვილი

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიით იურისტია. არის მოლაშქრე. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში