საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბუზნეგე, სალამ, ჯაბახუმ - ცხინვალში სამდღიანი ტყვეობის ამბავი [პირველი ნაწილი]

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:40 - 19 მარტი 2020 hits 19366
შერხოტას წვერზე. ალპინისტური წესის მიხედვით, მწვერვალზე მორიგი ამსვლელი წერილს წერს და საფარში ტოვებს, სანაცვლოდ, მწვერვალის წინა დამლაშქვრელის წერილის იღებს. მათ პოლონელების წერილი დახვდათ.
მოგზაურის დღიური
შერხოტას წვერზე. ალპინისტური წესის მიხედვით, მწვერვალზე მორიგი ამსვლელი წერილს წერს და საფარში ტოვებს, სანაცვლოდ, მწვერვალის წინა დამლაშქვრელის წერილის იღებს. მათ პოლონელების წერილი დახვდათ.

თრუსოს ხეობაში დაკარგული ხუთი ქართველი მოლაშქრის ამბავმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა არამხოლოდ მათ, არამედ ჩვენს ცხოვრებაშიც ტელერეპორტაჟების, სტატიებისა თუ ფეისბუქ პოსტების სახით. მათი უმეტესობა არაზუსტი იყო. ქეთი მაღრაძე ექსკლუზიურად „მთის ამბების“ მკითხველისთვის იხსენებს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გატარებულ სამდღიან ტყვეობას.

ბუზნეგე

ამბავი ორი წლის წინ, აგვისტოს მიწურულს მოხდა. ის რთული ლაშქრობის მეოთხე დღეს დაიწყო მარშრუტზე: ყელიწადის ტბა - თრუსოს ხეობა. ხუთი, დაღლილ - დასიცხული, მშიერ - მწყურვალი მოლაშქრე მთის ფერდიდან შორს დანახული კოშკებიანი ნასოფლარისკენ ვეშვებოდით იმ იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს თრუსოს ხეობაში აღმოვჩნდებოდით. მე ბოლო მოვდიოდი, უხასიათოდ. ვგრძნობდი, ეს არასწორი გზა იყო. სწორ მიმართულებას უკვე წინა საღამოს ავცდით. სანავიგაციოდ აღარაფერი შემოგვრჩა, ტელეფონები გაითიშა, GPS ნავიგატორი კი მწვერვალ შერხოტადან ჩამოსვლისას მაშინ დავკარგეთ, როცა მზია ნაშალზე დასრიალდა და ფეხი დაუზიანდა. ალალბედზე მივდიოდით, გონებაში აღბეჭდილი იმ რუკის მიხედვით, რომელიც წამოსვლამდე გერმანელი ტურისტების ჯიპიესზე ვნახეთ. შერხოტადან დაშვებისთანავე ბილიკს გავუყევით, ვჩქარობდით, რადგან გიორგის შინ გაბრაზებული ცოლი, მზიას კი სამსახურში უფროსი ელოდა. უღელტეხილი ავირბინეთ, წუთით ჩასასვლელად გადაწვერილ მზეს გავუსწორეთ თვალი და ხეობაში დავეშვით. მოგვიანებით შევიტყობთ, რომ ეს იყო მცდარი უღელტეხილი. თრუსოს ხეობის ბილიკი რომ გვეპოვა, ქედს მარჯვნივ უნდა ავყოლოდით.

ახლა კი საოცარ ადგილას მივაბიჯებდით. მარცხნივ, წითელი ციცაბო ფერდის ბოლოს პატარა ლურჯი ტბა ჩანდა, შორს - დაბლობი და ალპური მინდვრები. წუთში ეს ხედები სქელი ნისლით დაიფარა. კლდოვან ფერდზე ჯიხვები დავლანდეთ, ზოგი სრული ტანით, ზოგის კი ჩაგრეხილი რქები გამოკრთებოდა ნისლიდან. ახლა ფსიტებს ჩავუარეთ, ერთი გაშეშებული იდგა და გვიყურებდა, პირველად ხედავდა უცხო, უცნაურ არსებებს. მალე ეს უცხო და უცნაური არსებებიც მივხვდით, რომ ჩვენამდე ამ ხეობაში ადამიანს ფეხი არ დაედგა. გავჩერდით, ნისლში ბილიკის ძებნას აზრი არ ჰქონდა.

პატარა ტბა ვიპოვეთ და ღამის გათენება იქ გადავწყვიტეთ. ტბასთან იყო რაღაც, რაც ძალიან მენიშნა: უშველებელი ბათინკის კვალი და მის გვერდით დათვის თათის ანაბეჭდი. ჩვენ უკვე იქ ვიყავით, სადაც ქართველები არ დაიშვებიან.

ერთადერთი გამოსავალი უკან დაბრუნება და ნავიგატორის მქონე მოლაშქრეების კვალდაკვალ წამოსვლა იყო. ეს იდეა არავინ გაიზიარა, რადგან უკან ასავლელი უღელტეხილის გახსენებაც კი დაღლილობას უორმაგებდათ. თან დარწმუნებულები იყვნენ, რომ მეორე დღეს ბილიკს აუცილებლად ვიპოვიდით. რაღაც გარდაუვალის წინათგრძნობა კი ხუთივეს გვქონდა.

დილით, საბანაკედან 50 მეტრში ორ დათვს გადავეყარეთ. სანამ ვატო მათ გადასაღებად აპარატზე ლინზას ცვლიდა, მთის ფერდი უსწრაფესად აირბინეს, ამ ფერდზე კი ბილიკი დავინახეთ, რომელმაც პირდაპირ რუსი მესაზღვრეების პოსტთან მიგვიყვანა. არადა შეგვხვდა ე.წ. ტური - ერთმანეთზე დალაგებული ქვები, რასაც მოლაშქრეები ტოვებენ დაუმარკირებელ ბილიკზე გზის გასაგნებლად.

მესაზღვრეების პოსტი იმ კოშკებიან ნასოფლარში იყო მოწყობილი, გეგმარებით ასე რომ ჰგავდა ზაქაგორს. სამი შეიარაღებული მესაზღვრე გაოცებული შემოგვყურებდა. ვერ გაეგოთ, იქ როგორ აღმოვჩნდით და ვერც ჩვენ გაგვეგო, სად ვიყავით. კითხვებზე არ გვპასუხობდნენ. რუსულის გარდა სხვა ენა არ იცოდნენ, ან თავს გვაჩვენებდნენ. ჩვენში კი რუსულს მხოლოდ გიორგი ფლობდა და ის გვიწევდა თარჯიმნობას. რადგან არ ან ვერ გვპასუხობდნენ კითხვაზე თუ სად ვიყავით, ერთმა მათგანმა (ჩვენი ვარაუდით ოსი იყო) ჟოლო დაკრიფა, მოგვაწოდა და გვითხრა - აი, მიირთვით ოსური ჟოლო. წაგვიყვანეს, არ ვიცით სად. ჩანთებს ჩვენ ვატარებთ, დაღლილები ჩანხართო, შემოგვთავაზეს. რამდენიმე კილომეტრი ვიარეთ და ერთ სოფელში მიგვიყვანეს, სადაც რუსები უზარმაზარ ბაზას აშენებდნენ. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ეს სოფელი ედისა იყო.

ჩამოგვართვეს ტელეფონები, ფოტოაპარატები, პლასტიკური ბარათები, მეტრომანებიც კი. დაძაბულები შევყურებდით მესაზღვრეს, რომელიც ფინჯნებში ჩვენთვის ჩაის ასხამდა და თეფშზე ორცხობილებს ალაგებდა. არ შეშინდეთ, ცუდად არავინ მოგექცევათო, გვამშვიდებდა. ამასობაში ჯავიდან სპეციალურად გამოძახებული სამხედროებიც მოვიდნენ, გაგვჩხრიკეს. სალაშქრო გაზქურა და თავფანარი საეჭვოდ ეჩვენათ, ვერ მიხვდნენ რა იყო. აგვანთებინეს, გაოცდნენ, ეგონათ მოლაშქრეებს დიდი ლურჯი გაზის ბალონები დაჰქონდათ. ჯავაში ღარიბი სოფლებით დასახლებული ულამაზესი ხეობის გავლით წაგვიყვანეს. ქუჩები უკაცრიელი იყო, გზებზე მხოლოდ „გაიშნიკები“ იდგნენ, სხვა ადამიანი არ გვინახავს.

ჯავამდე დიდი გზა გვქონდა. რუსი სამხედრო, რომელიც ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ტელეფონებს ამოწმებდა, შემოსულ - გასულ ზარებს, მესიჯებს, ჩაწერილ ნომრებს, სახელმწიფო უწყებებთან რაიმე კავშირის პოვნის იმედით. და, აი, იპოვა ნომერი „საეჭვო“ სახელით - ბექარიუს კეისარი (ბექა მაღრაძის მეტსახელი, რომელიც გვერდით მეჯდა).

მოგვაყოლა ის ამბავი, თუ რატომ შევარქვით, რომ ერთხელ საძილე ტომარა მხრებზე კეისრის მანტიასავით ჰქონდა მოსხმული, როგორც იულიუს კეისარს - მეთქი. და უცებ ისმის კითხვა: „ვინაა იულიუს კეისარი?“ დავიბენით, ვიფიქრეთ გვცდის ან გვეხუმრება. ვერ წარმოგვედგინა, რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელმაც არ იცის ვინ იყო იულიუს კეისარი და მითუმეტეს სამხედრო მოსამსახურემ. ახლა იულიუსის ბიოგრაფიას ვყვებით. ბოლოს მისი მძღოლი ჩაერია, დაადასტურა ჩვენი ნაამბობი, რომ მართლა არსებობდა ასეთი პიროვნება ისტორიაში და მოგვეშვა. ჯავამდე აპარატით გადაღებული ფოტოების თვალიერება და თითოეულზე ჩვენი ახსნა – განმარტების მოსმენაც მოასწრო. არცერთი ფოტო არ წაუშლია, მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაღებულიც კი.

ჯავა ესაა ქალაქი ქალაქში. დიდი რუსული ბაზა - სამხედრო ქალაქი თეთრი გალავნით მოზღუდული, მის მიღმა მტვრიანი, ღარიბული ოსური დასახლებაა.

ბაზის შესასვლელთან მაღალი რუსი სამხედრო დაგვხვდა, ჩინით სხვებზე ზემდგომი უნდა ყოფილიყო (სამკერდე ნიშნები არცერთს ჰქონდა). ჩვენს შორის რუსულის მცოდნე მოიკითხა და დანარჩენებს მკაცრად გამოგვიცხადა, როცა ამ რეგიონში ცხოვრობთ რუსულის ცოდნა გმართებთო.

ჯერ ანაბეჭდების ასაღებად შეგვიყვანეს. ვისაც ეს საქმე დაევალა, წარმოდგენა არ ჰქონდა რას აკეთებდა. გამოლაპარაკება და საერთო ენის გამონახვა მოუნდა. უკვე იცოდა გერმანულად რომ შემეძლო საუბარი, თურმე თავადაც სწავლობდა სკოლაში გერმანულს. Rammstein -ის ფანი გამოდგა, წაიმღერა კიდეც. ამასობაში ხელებზე შავ მასას მადებდა საკმაოდ სქლად, ისე, რომ ანაბეჭდის მიღების მცდელობისას ფურცელს მხოლოდ უფორმო შავი ლაქები დააჩნდა, თან „Du hast mich“ ღიღინებდა რუსული აქცენტით. როგორც მხატვარი, მივხვდი ანაბეჭდის მისაღებად საღებავი სწორად როგორ უნდა დაედო, მაგრამ ხომ არ ვეტყოდი...

დაიწყო რამდენიმესაათიანი დაკითხვა, მოიყვანეს თარჯიმანი და ექიმი, რომელსაც მზიას ჰემატომების ნამდვილობა და ბექას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა უნდა დაედასტურებინა.

დაკითხვისას დაბადების თარიღისა და სწავლა - განათლების გარდა, სათითაოდ გვკითხეს უშიშროებასთან თუ გვქონდა რაიმე კავშირი და სად ვიყავით ომის დროს.

ტელეფონები თავიანთ კომპიუტერებს მიუერთეს და ყველა კონტაქტი შეამოწმეს, სოციალურ ქსელებშიც კი. ბექას მობილურის გამო ცუდ ხასიათზე დადგნენ, ვერაფერი ინფორმაცია ვერ მიიღეს ფანრიანი ნოკიასგან.

როგორღაც კეთილგანეწყვნენ ჩვენს მიმართ. შესვენებაზე ბიჭებს სიგარეტი უყიდეს, საჭმელად სოსისები მოგვიტანეს და მინერალური წყალი „ჯავა“ ჩამოგვისხეს ჭიქებში. მე მხოლოდ პური ავიღე, სოსისზე უარი ვთქვი, ვეგეტარიანელი ვარ - მეთქი. ხინკლისა და მწვადის ქვეყნიდან ასეთს არ ელოდნენ და გახალისდნენ: როგორ, ქართველები ვეგეტარიანელებიც არიან?

საღამოს უამრავი ჯარისკაცი მოგროვდა. მათგან ერთი გამოგველაპარაკა. აინტერესებდა, საიდან ვიყავით წარმოშობით. როცა ვატომ წყალტუბო ახსენა, მხიარული შეძახილი აღმოხდათ. ხარაგაულისა და ქუთაისისგან განსხვავებით, ყველამ იცოდა სად იყო წყალტუბო. ალბათ  გაახსენდათ კიდეც ბავშვობაში ამ კურორტზე გატარებული მზიანი არდადეგები.

დაკითხვა დასრულდა. დარწმუნებული ვარ, თავიდანვე შეგვატყვეს გზააბნეული მოლაშქრეები რომ ვიყავით და შინ დაბრუნების გარდა, სხვა მიზანი არ გვამოძრავებდა. ყველა ნივთი აღწერეს, ოქმი შეადგინეს და ცხინვალისთვის გადასაცემად მოგვამზადეს. უკვე ბნელოდა, როცა წასაყვანად ოსი ჯარისკაცები მოვიდნენ. ვღელავდით, არ ვიცოდით როგორ მოგვექცეოდნენ. რუსმა ჯარისკაცმა (იულიუსის არ მცოდნემ) მითითებები მისცა, ყურადღება მიაქციეთ, ბექას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და წამლის დროულად მიღება ესაჭიროება, გოგოებს გაუფრთხილდითო. ჩვენი თხოვნა - ოჯახებში დარეკვის უფლება მოეცათ, თხოვნადვე დარჩა.

ცხინვალში ღამით წაგვიყვანეს. სხვა მანქანით რუსებიც გამოჰყვნენ ცხინვალელ სამხედროებს. ჯარისკაცებით სავსე ქუჩა ნელა გავიარეთ. ისინი სადღაც მირბოდნენ, სროლის ხმაც ისმოდა. დავიძაბეთ. როგორც აგვიხსნეს, ღამის წვრთნას გადიოდნენ. წინ ჩვენი ტოლი ბიჭი იჯდა, მუხლებზე ავტომატით. ცოტა ქართული იცოდა, თურმე ახლა სწავლობდა ქართულს. მისგან ჩვენც ვისწავლეთ პირველი ოსური სიტყვა „ბუზნეგე“, რაც მადლობას ნიშნავს. აინტერესებდა, როგორი იყო თბილისი, მართლა თუ ფუნქციონირებდა მეტრო, აი, ისეთი დიდი, როგორიც რუსეთშია.

- ჯავაში როგორ მოგექცნენ?

- ძალიან კარგად, მადლობლები ვართ.

- ახლა ჩვენთან ამბობთ ასე, თორემ თბილისში რომ ჩახვალთ, სხვანაირად ალაპარაკდებით... ჯავაში გაჭამეს? ერთი დღით ადრე რომ მოსულიყავით, დღეს მწვადებზე დაგპატიჟებდით.

ამ ბიჭს მომდევნო დღეების განმავლობაშიც ვხედავდით, ყოველთვის მხიარულად გვესალმებოდა და რაკი მისი სახელი არ ვიცოდით, „ბუზნეგე“ შევარქვით. ახლა, როცა შეგვატყო, თუ როგორ ვცდილობდით მთვარის შუქზე რაიმეს დანახვას და დამახსოვრებას, გვეხუმრა, უფასო ექსკურსია მოგიწყეთო. გზა ლიახვის ნაპირს მიუყვებოდა. გავიარეთ ხიდი, მეორე ნაპირზე მაჩაბლების ციხესიმაგრის სილუეტი და სოფლის სახლების სახურავები დავლანდეთ. მანქანის ფარმა ტრაფარეტს მიაშუქა რუსული წარწერით „გუფთა“, „კვაისა“ - გზაგასაყარი, საიდანაც გზა რაჭაში აღარ მიდის, მერე „ქურთა“ და ბოლოს „ცხინვალი“.

ცხინვალი „დამოუკიდებლობის წლისთავს“ აღნიშნავდა, ქუჩები რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დროშებით იყო გაფორმებული.

ქალაქში მხოლოდ შეიარაღებულ ხალხს ვხედავდით. ოთხმოცდაათიანების კადრები გაგვახსენდა. ერთადერთი, რაც ცხინვალს თანამედროვეობასთან აკავშირებდა, „ნაიკის“ რეკლამა იყო, ციდან ან პარალელური სამყაროდან შემთხვევით ჩამოვარდნილს რომ ჰგავდა.

მიგვიყვანეს, როგორც შემდეგ აგვიხსნეს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შენობაში. რუსული ბაზისგან განსხვავებით, ეს ძველი, ჭუჭყიანი, ურემონტო შენობა იყო, დაზიანებული კედლებითა და აყრილი იატაკით. ვიდრე ჯავაში დაბრუნდებოდა, რუსმა ჯარისკაცმა კაბინეტში შეგვიყვანა რაღაც დოკუმენტებზე ხელის მოსაწერად, რომლებიც მხოლოდ რუსულ ენაზე იყო შედგენილი. ენის არ მცოდნეებმა ვკითხეთ თუ რაზე გვაწერინებდა ხელს. თქვენს ჩვენებებზე – იყო მოკლე პასუხი.

იზოლატორში ბადრაგი ცხინვალელი კაცი იყო, ჩაითა და კარაქიანი პურით გაგვიმასპინძლდა. გვითხრა, იმედია, ჩემს შემდეგ მორიგეობაზე სახლებში იქნებითო. ბოლოს საკნებში გაგვანაწილა: ბიჭები - კარცერში, გოგოები ზედა სართულზე, გისოსებიან ოთახში მოგვათავსა. კუთხეში დამონტაჟებულ კამერაზე მიგვითითა, თუ რამე დაგჭირდეთ, ხელი დაუქნიეთო. კარი გარედან ჩაკეტა. დერეფანში ვიღაცამ გაიარა, ფანჯრიდან გადმოგვხედა, ფეხსაცმელი გაიხადე, ბათინკით ვინ იძინებსო მკაცრი ტონით მიმითითა და შენობიდან გავიდა. რას დავიძინებდით. იმ ღამით სარდაფის კარის ხმას ვაყურადებდით, სადაც სისხლით დალაქავებულ კარცერში ბიჭები იყვნენ.  

ნახეთ დღიურის მეორე ნაწილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში