საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შალვა მღვდელაძე რაჭიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:26 - 08 თებერვალი 2019 hits 11931

„ადრე, ამ სოფელში 120 გლეხი ვიყავით, ვისაც ხარი გვყავდა. ვისაც არა ჰყავდა, ის სხვა იყო. იმას ხომ უყურებთ, ტყე რომ არის, იხვნებოდა ეგ. სიმინდს ვთესდით. ახლა 4 გლეხი დავრჩით - მე, ჯემალი გოგშელიძე, ანზორი ხოცვაძე და ბიჭიკო კერესელიძე. სოფლის იქეთ მხარეზე რომ გახვალთ, იქ არის ოთხი მოსახლე. არავინ არის ახალგაზრდა“, - ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შარდომეთში, სადაც 68 წლის შალვა მღვდელაძე ჩავწერეთ, ყოველ ზამთარს რამდენიმე სახლი ინგრევა.

„წვება ეს ხის სახლები, თოვლი ანგრევს. ზამთარი იყო დიდი, სახურავზე დააწვა თოვლი და დაანგრია. პატრონი ხომ უნდა, ხომ უნდა გაათავისუფლოს ვინმემ თოვლისგან?

იქეთა სახლი არის მიქაბერიძეების, ეს არის ჩიღუნაძეების. მიქაბერიძეების პატრონი მოკვდა. გოგოები ჰყავს, აღარ მოდიან. ამის პატრონიც კარგი ბიჭი იყო, მოკვდა, ცოლიც მოკვდა. შვილები არ მოსულან. ძირი გავუმაგრე სახლს რომ არ წაქცეულიყო, წავეხმარე. ცოტაც და წაიქცევა ახლაც.

მეტკინება მეზობლის სახლი რომ ჩამოინგრევა ხოლმე, გულზე მოდის. ძნელია კაცო. რაღაცა რომ მოგივიდეს, მეზობელი არ უნდა გყავდეს? ვინ მოგეხმარება, ვინ ამოგიდგება გვერდში?“

2002-2014 წლებში, საქართველოს მასშტაბით მოსახლეობა ყველაზე მეტად, 37.4 %-ით რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შემცირდა. ონის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში 10-ზე ნაკლები ადამიანიღა ცხოვრობს, 4 სოფელი უკვე ნასოფლარია, 46 სოფელში კი 6 წლამდე ასაკის ბავშვები აღარ არიან. ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში დღეში მხოლოდ ერთი ბავშვი იბადება. სიკვდილიანობა შობადობას 202 %-ით აღემატება.

„ყველა გარბის. აქ რომ გაჩერდეს, რას გაუჩერდეს. ფაბრიკები იყო ადრე, სამკერვალო ფაბრიკა იყო, ატეკა იყო. დღეს არაფერი აღარაა. რითი იცხოვროს ხალხმა? მგელი და დათვია სოფელში, ადამიანი აღარ არის“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში