საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა (არ) ვიცით არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტების შესახებ

16:09 - 06 დეკემბერი 2025 hits 351

„ქართული ოცნების“ მთავრობა დაჟინებით ცდილობს, „იგლ ჰილსი“, რომელსაც ორი ახალი არაბული ქალაქის ასაშენებლად კრწანისის ტყე-პარკს და ჭოროხის დელტას აძლევს (8.5 მლნ კვმ მიწა), „ემაარად“ შემოგვასაღოს, თუმცა ეს ორი სრულიად სხვადასხვა კომპანიაა.

ორივე არაბულია, უმთავრესი განსხვავება კი ის არის, რომ „ემაარი“ საჯარო კომპანიაა, რომლის აქციებიც დუბაის საფონდო ბირჟაზე იყიდება და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უმეტესად საჯარო და გამჭვირვალეა. „Emaar“-ის უმსხვილესი აქციონერი (დაახლოებით 22%-ის მფლობელი) დუბაის საინვესტიციო კორპორაციაა, რომელიც დუბაის მთავარ სუვერენულ სიმდიდრის ფონდს წარმოადგენს. იგი 2006 წელს დუბაის მმართველის ბრძანებით შეიქმნა და დუბაის მთავრობის მთავარი საინვესტიციო ნაწილია. ამ ფონდის პორტფელშია ისეთი მსხვილი სახელმწიფო კომპანიები, როგორიცაა Emirates Airline, ENOC (Emirates National Oil Company) და სხვები. რაც შეეხება „იგლ ჰილსს“, არ გახლავთ საჯარო კომპანია და მისი პროექტებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ძირითადად დახურულია.

„ქართული ოცნების“ ყველა პროპაგანდისტული არხი ახალ ამბებს იწყებდა ამ ფრაზებით - „ემაარი“ საქართველოში შემოდის! „ემაარის“ ისტორიული ინვესტიცია საქართველოში! და ა.შ. ეს აბსოლუტური სიცრუეა. საქართველოში არ შემოდის „ემაარი“, რომელმაც დუბაიში ააშენა „ბურჯ ხალიფა“ (მსოფლიოს უმაღლესი შენობა) და „დუბაი მოლი“. ამ ორ კომპანიას, „ემაარსა“ და „იგლ ჰილსს“ საერთო ის აქვთ, რომ მოჰამედ ალაბარი „ემაარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, „იგლ ჰილსი“ კი მთლიანად მისი კომპანიაა.

სერბეთი

„იგლ ჰილსის“ ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროექტია „ბელგრადის სანაპირო“. საქართველოს მსგავსად, ამ საწარმოშიც 68%-იან წილს Eagle Hills ფლობს, დანარჩენ 32%-ს სერბეთის რესპუბლიკა.

სერბეთის პარლამენტმა სპეციალური კანონი მიიღო, რომელმაც პროექტი ეროვნული მნიშვნელობის სტატუსით კანონზე მაღლა დააყენა და გვერდი აუარა ქალაქგეგმარებით და საკუთრების ნორმებს.

„იგლ ჰილსს“ 3 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი ყოველგვარი საჯარო ტენდერისა და საჯარო განხილვის გარეშე დაუმტკიცეს, რისთვისაც 1.8 მილიონ კვ.მ მიწა (180 ჰა) 99-წლიანი იჯარით გადასცეს.

2016 წელს, სავამალას რაიონში ნიღბიანმა პირებმა ბულდოზერებით უკანონოდ დაანგრიეს პროექტისთვის ხელის შემშლელი კერძო შენობები. პროცესი პოლიციის სრული უმოქმედობის ფონზე მიმდინარეობდა. ამას მოჰყვა ადგილობრივი მცხოვრებლების საპროტესტო გამოსვლები.

 

9 წლის განმავლობაში პროექტს დაახლოებით 145 მლნ ევროს მოგება აქვს, საიდანაც სახელმწიფომ მხოლოდ 10 მილიონი მიიღო - ეს მაშინ, როდესაც სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი აცხადებდა, რომ სანაპირო ზოლის პროექტს მშპ-ზე 10 მილიარდი ევროს გავლენა ექნებოდა.

„ბელგრადის სანაპიროს“ მშენებლობა ჯერაც არ არის დასრულებული. 

უნგრეთი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშიც ქვეყნის ავტოკრატმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „იგლ ჰილსს“ პროექტის განსახორციელებლად 85 ჰექტარი მიწა 130 მილიონ ევროდ ტენდერის გამოცხადების გარეშე მიჰყიდა.

კონტრაქტის თანახმად, Eagle Hills-მა ქონებაზე საკუთრების უფლება ფასის მხოლოდ 25%-ის გადახდის შემდეგ მიიღო. სრული თანხა მას 2039 წლისთვის უნდა გადაეხადა.

Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულებით, უნგრეთის მთავრობა თანახმა იყო, ინვესტორის სურვილისამებრ ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებები შეეტანა, მაგალითად, შეეცვალა ქალაქის თავზე ფრენის დერეფნები, რადგან მაღალსართულიანი შენობები ავიამიმოსვლას ხელს შეუშლიდა.

სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ახალი უბნის გარშემო 800 მილიონი ევროს ინფრასტრუქტურას განავითარებდა.

ორბანის მთავრობამ, რომელიც საკუთარ თავს სუვერენიტეტის დამცველად წარმოაჩენს, ამ გადაწყვეტილების გამო არამხოლოდ სამოქალაქო ჯგუფების, საკუთარი ამომრჩევლების უკმაყოფილებაც კი გამოიწვია. „მინი დუბაის“ მშენებლობას ბუდაპეშტის მცხოვრებლები ქუჩაში აპროტესტებდნენ. 

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, Eagle Hills-ის პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლები ორბანის სიძესთან, იშტვან ტიბორჩთან დაკავშირებული კომპანიები იყვნენ.

პროექტს ეწინააღმდეგებოდა ბუდაპეშტის ოპოზიციონერი მერი, გერგეი კარაჩონიც, რომელიც მწვანეთა პარტიის წევრია. მისი აზრით, „იგლ ჰილსის“ პროექტი ეწინააღმდეგებოდა ბუდაპეშტის არქიტექტურულ მემკვიდრეობას და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს, ცათამბჯენების გამო. მერი დაჟინებით ითხოვდა, ამ ტერიტორიაზე პრიორიტეტი მინიჭებოდა ხელმისაწვდომი საცხოვრებლების და მწვანე სივრცეების მშენებლობას და არა მდიდრულ კომერციულ კომპლექსებს, რომლებიც, მისივე თქმით, ბუდაპეშტს „მინი-დუბაიდ“ აქცევდა.

 

კარაჩონმა გარიგებას „სკანდალური და ბნელი“ უწოდა, რადგან მიწა ღია ტენდერის გზით არ იყო გაყიდული.

კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ მერის ინიციატივით, ბუდაპეშტის საკრებულომ აღნიშნული ტერიტორიის უპირატესი შესყიდვის უფლება გამოიყენა, რითაც Eagle Hills-ისთვის მიწის მიყიდვის პროცესი დაბლოკეს.

 

ალბანეთი

Eagle Hills-ს 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განსახორციელებლად საჯარო ტენდერის გარეშე გადაეცა დურესის პორტი ალბანეთშიც. იქ ხმელთაშუა ზღვაში უდიდესი ტურისტული პორტის მშენებლობას აპირებენ. სახელმწიფო იქაც პროექტის 33%-იან წილს ფლობს.

ალბანეთის მთავრობამ მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის სტატუსის მიენიჭა, რის გამოც Eagle Hills-ი ისეთი მნიშვნელოვანი ფისკალური შეღავათებით სარგებლობს, როგორიცაა მოგების გადასახადისგან, დღგ-სა და საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლება. ასევე, ნებართვებს 150 დღის განმავლობაში დაჩქარებული პროცედურებით იღებს.

მხარეებს შორის დადებული შეთანხმება გარანტიას იძლევა, რომ ფისკალური პირობები და შეთანხმება 99 წლის განმავლობაში არ შეიცვლება, რაც ინვესტორის ინტერესებშია.

ალბანეთშიც ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ შეთანხმება „Emaar“-სა და ალბანეთის სახელმწიფოს შორის იყო გაფორმებული, თუმცა, როგორც ჩვენთან, იქაც აღმოჩნდა, რომ „ემაარი“ არსადაა.

2022 წლის ნოემბერში, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დურესის პორტის შეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც მეგაკორუფციული საქმე, მაგრამ სასამართლომ მათი პრეტენზიები ორჯერვე უარყო.

ეკონომისტები პროექტთან დაკავშირებულ მთავარ კრიტიკულ საკითხთა შორის მშენებლობის დაწყებამდე ბინების გაყიდვის სარისკო სქემას გამოყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი რამ - „ჰაერის გაყიდვა“ - მხოლოდ მესამე სამყაროს ქვეყნებში ხდება.

„იგლ ჰილსმა“ უკვე საქართველოშიც დაიწყო აპარტამენტების, ე.წ. თაუნჰაუსებისა და ვილების გაყიდვა. სოციალურ ქსელებში კომპანიის მიერ დასპონსორებული შეთავაზებები რამდენიმე კვირაა ვრცელდება, აქაც ჰაერს ყიდიან.

ონტენეგრო

პროტესტი მოჰყვა „იგლ ჰილსის“ პროექტს მონტენეგროშიც. არაბული კომპანიისთვის ქალაქ ულცინში 12 კილომეტრიანი ხელუხლებელი სანაპირო („ველიკა პლაზა“), 20 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი (2000 ჰა) 99 წლიანი იჯარით უნდა გადაეცათ. მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „იგლ ჰილსს“ 35 მილიარდი ევროს ინვესტიცია უნდა ჩაედო. კონტრაქტი იქაც გასაიდუმლოებული იყო. გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების სრულად გასაჯაროება და ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების გამართვა მოითხოვეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ „ველიკა პლაზა“ ეროვნული საგანძურია და მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებებში მოქალაქეები და ადგილობრივი თემები უნდა იყვნენ ჩართულნი.

 

ლატვია

Eagle Hills-ი პროექტს ლატვიის დედაქალაქშიც ახორციელებს, ოღონდ იქ არაბული კომპანიის ადგილობრივი პარტნიორი არა სახელმწიფო, არამედ კერძო პირები არიან. ტერიტორია ირიბად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრის შკელესა და მოქმედი პოლიტიკოსის, აინარს შლეზერსის ოჯახური კომპანიების საკუთრებაა.

მოჰამედ ალაბარმა და რიგის მერმა, ვილნის კირსისმა თანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წლის იანვარში გააფორმეს. დოკუმენტი ითვალისწინებს მწვანე დერეფანს“ (სპეციალური, გამარტივებული და დაჩქარებული პროცედურა) პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ნებართვების გასაცემად.

ბინების პოტენციურ მყიდველებს 250 ათასი ევროს ინვესტიციის სანაცვლოდ ევროკავშირში ბინადრობის ნებართვას ჰპირდებიან.

2024 წლის ივნისში რიგის საქალაქო საბჭო შეშფოთებას გამოთქვამდა Eagle Hills-ის არაკოორდინირებული საქმიანობის გამო და თანამშრომლობის მემორანდუმიდან ცალმხრივად გასვლას განიხილავდა.

მასშტაბური პროექტის განხორციელება იუნესკოს მიერ დაცულ ტერიტორიასთან ახლოს არის დაგეგმილი, რაც იწვევს დისკუსიებს ურბანული განახლებისა და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების შესახებ.

 

ინდოეთი

2023 წლის ივნისში, დელის პოლიციამ მოჰამედ ალაბარი და „ემაარის“ სხვა ხელმძღვანელი პირები დაკითხვაზე დაიბარა საბინაო პროექტ „პალმ გარდენთან“ დაკავშირებული სავარაუდო თაღლითობის საქმეზე.

არაბულ კომპანიას საცხოვრებელი სახლების მყიდველებმა უჩივლეს. პროექტი Palm Garden 2010 წელს დაიწყო და მფლობელებს სახლები 2015 წლის ბოლომდე უნდა ჩაბარებოდათ. იქაც ჰაერი გაყიდეს ისე, რომ ჯერ მშენებლობის ნებართვებიც კი არ არსებობდა.

ინდოეთში კიდევ ერთი გამოძიება მიმდინარეობდა მეგაპროექტ „ბოულდერ ჰილსთან“ დაკავშირებით. ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს დასკვნის თანახმად, 2008-2010 წლებში კომპანიამ 206 ბინა გაყიდა, რომლებიც მეპატრონეებისთვის წელიწადნახევარში უნდა გადაეცათ. შეთანხმება არც იქ შესრულდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არაბულმა კომპანიამ ვილები დოკუმენტების მიხედვით დაბალ ფასად გაყიდა, სინამდვილეში კი ნაღდი ფულის სახით ჭარბი თანხები აიღო და უკანონოდ მიითვისა.

ბრალი წაუყენეს თვითონ კომპანიას და მთავრობის ზოგიერთ წარმომადგენელსაც.

პროკურატურამ პარალელურად გამოძიება დაიწყო ფულის გათეთრების სავარაუდო ფაქტზე. დავები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

არაბული კომპანია ინდოეთში სხვა პროექტებსაც ახორციელებს. მაგალითად, აშენებს სპორტსმენების სოფელს. იქ მათ უჩივიან უხარისხო მშენებლობისა და პროექტის შეფერხების გამო. დელის უმაღლესმა სასამართლომ არაბული კომპანია 20 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

 

ეგვიპტე

„ემაარს“ სანაპიროსთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ ეგვიპტეში. როგორც მედია წერს, იახტების ნავსადგურის მშენებლობისას, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან უზარმაზარი რაოდენობით ქვიშის ამოღებას კატასტროფული გარემოსდაცვითი შედეგები მოჰყვა.

იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ აჭარაშიც, შავი ზღვის სანაპიროზე. ცნობილია, რომ აჭარის სანაპირო ზონაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება უკვე მოახდინა თურქეთში მდინარე ჭოროხზე აგებულმა ჰესების კასკადმა. ამან ჭოროხის დელტაში და ნაპირის გასწვრივ ნატანის ტრანსპორტირება პრაქტიკულად შეაჩერა. ნაპირები ირეცხება და სანაპირო ზონას ისედაც საფრთხე ემუქრება სრულიად გაუმართლებელი ჩარევების, მათ შორის, ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო.

პრობლემებს, რომლებიც ალაბარის პროექტების მიმართ პაკისტანში, ეთიოპიაში, სხვა ქვეყნებშიც წარმოიქმნა, ძირითადად საერთო მახასიათებლები აქვს. „იგლ ჰილსი“ ხშირად იღებს უზარმაზარ, სტრატეგიულ ურბანულ ტერიტორიებს სპეციალური მემორანდუმებით ან სპეციალურად მათთვის მიღებული კანონმდებლობით, საჯარო განხილვების, ყოველგვარი ტენდერების გარეშე. აპარტამენტებს, ვილებს ყიდის მშენებლობის დაწყებამდე, მშენებლობის ნებართვების მიღებამდე დიდი ხნით ადრე, ხშირად იყენებს ქეშტრანზაქციებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში