„ჩვენ ჭალის ტყეები მტკვარზე მთელ საქართველოში აღარ გვაქვს. კრწანისის ტყე-პარკი ერთადერთი ადგილია, სადაც ეს ეკოსისტემა პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული.
სუფთა სამეცნიერო თვალსაზრისით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, თვითონ მტკვრისთვის. მდინარე ამდენ ქალაქს გამოივლის და ჩვენ რეალურად არსად გვაქვს გამწმენდი ნაგებობა.
მსოფლიოში მიიჩნევა, რომ ჭალის ტყეების აღდგენა უნდა დავიწყოთ ყველგან და იქ ვსპობდეთ, სადაც ჯერ კიდევ გვაქვს და მერე ხელოვნურად ვიწყებდეთ ამის აღდგენას, რომელსაც უფრო მეტი ფული სჭირდება, ეს ქვეყნისთვის არარენტაბელურია.
კრწანისის ტყე-პარკი ის ოაზისია, რომელიც თბილისს და რუსთავს სუნთქვის საშუალებას აძლევს. ეს ერთადერთი ადგილია შენარჩუნებული, სადაც ხდება აერაცია და შესაძლებლობას გვაძლევს, ქალაქში სუფთა ჰაერი შემოვიდეს.
სხვა ადგილებში ჩვენ მოვახერხეთ და ჩავკეტეთ ქალაქი. თბილისის განიავება თითქმის აღარ ხდება. ვერეს ხეობა ვეღარ აკეთებს ამას. იცით თქვენ, იქ მაღალსართულიანი შენობები ააშენეს, ახლაც აშენებენ. მთაწმინდაც ვეღარ ასრულებს ამ ფუნქციას იმიტომ, რომ იქაც კორპუსები ჩადგეს. ჩვენ აღარ გვრჩება სუფთა ჰაერის შემოდინების არტერია. ესღაა დარჩენილი. ეს იცავს თბილისს რუსთავის ჰაერიდან, რომელიც დაბინძურებულია. შუაში ხვდება ეს ოაზისი, რომელიც აქ ასრულებს შთანთქმის ფუნქციას. ეს ტყეპარკი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისთვის.
საბჭოთა პერიოდში, წინა საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც რუსთავი გაშენდა, გაჩნდა იდეა, რომ თბილისი და რუსთავი გაერთიანებულიყო. მოგვიანებით უარი ითქვა. ამხელა მეგაპოლისის შექმნა სერიოზულ გარემოსდაცვით პრობლემებს გამოიწვევდა.
თბილისი არის ქვაბული და თუ ის ვერ განიავდება, ჩვენ მთელ ქალაქში სუფთა ჰაერის ნაკლებობა გვექნება. თუ გვინდა, რომ აირწინაღებით ვიაროთ, რომლითაც აკრძალეს სიარული, მაშინ ვივლით აირწინაღებით. ვერ ვისუნთქებთ ქალაქში.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსთავი და თბილისი ერთმანეთისგან შორსაა, ასე არ არის. დაბინძურება დაახლოებით 70 კმ-ზე ვრცელდება და ამ ორ ქალაქს შორის მანძილი ბევრად ნაკლებია. ნურავინ ნუ დაიმშვიდებს თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვერ იქნება კარგად.
- რამდენად მზადაა თბილისი, მის განაპირას, თითქმის 600 ჰექტარზე ახალი ქალაქის მშენებლობისთვის, რომელიც რამდენიმე ათას მოსახლეზეა გათვლილი? ისედაც ყოველდღიურად უარესდება გადაადგილება ტრანსპორტით თუ ქვეითადაც კი, არასაიმედო და პრობლემურია წყალმომარაგება, კანალიზაციის სისტემები.
- თუ კრწანისის ტყეპარკში ქალაქი აშენდა, ამას დიდი ზემოქმედება ექნება თბილისზე. დედაქალაქს მთელი ინფრასტრუქტურის გადაწყობა მოუწევს - კანალიზაცია, წყალგაყვანილობა, სადრენაჟო სისტემები. ხომ ხედავთ, აქ ჭაობებია. ეს არის მტკვრის სანაპირო. ამის ინფრასტრუქტურის გაკეთება ძალიან ძვირადღირებული საქმეა, ამის ცალკე გაკეთებაც შეუძლებელია. მთელი თბილისის ინფრასტრუქტურა უნდა გადავაწყოთ, თუ ამას გავაკეთებთ. თბილისი დღემდე არ არის კანალიზირებული სრულად, დღემდე წყალმომარაგება სწორად არ არის გამართული. ჩვენ ისედაც პრობლემები გვაქვს იმიტომ, რომ ძველი საზღვრები ერთია, ახალი საზღვრები სხვა არის და ამ ახალ საზღვრებში ჩვენ ცენტრალიზებული კანალიზირებული სისტემები პრაქტიკულად არ გაგვაჩნია. ისედაც სერიოზულ პრობლემებს ეს უფრო მეტად გაამძაფრებს. ვიმეორებ, მოგვიწევს მთლიანად ინფრასტრუქტურის შეცვლა. ეს ხომ დამატებითი დატვირთვაა?! ერთი გამწმენდი გვაქვს გარდაბანში, მეტი არ გვაქვს. ეს გამწმენდი რამდენად შეძლებს, რომ კიდევ ერთი დამატებითი ქალაქი მიიღოს? ისედაც უკვე ორი ქალაქია ზედ მიბმული. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ აქ ეკოსისტემა შეიძლება გაქრეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ძალიან მარტივია აქ მუხების გაქრობა, ან წითელი ნუსხის სახეობების, აქ ბევრი სახეობაა ასეთი, რომ ეს არაფერ ტრაგედიას არ გამოიწვევს, ძალიან ცდება!
ეს ნამდვილად გამოიწვევს გარკვეულ ტრაგედიას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ბევრს რამეს დავკარგავთ.
საერთოდ შეიძლება თუ არა აქ ურბანული ტერიტორიის გაშენება, ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ მაქვს, როგორც ეკოლოგს. ეს ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში მეტალურგიული ქარხნის ზემოქმედების ქვეშ იყო. მძიმე მეტალებით დაბინძურება რჩება მიწაში, არსად მიდის. ამ სისტემაზე ასეთი დაწოლა შეიძლება სავალალო გახდეს ყველა ადამიანისთვის, აქ რომ იცხოვრებს, მისთვისაც კი პრობლემა შეიძლება შეიქმნას.
- ქალბატონო ნინო, კრწანისის ტყეპარკი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს თქვენი მინისტრობის პერიოდში გადაეცა. რით იყო ეს მოთხოვნა დასაბუთებული, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- კი, მინისტრად ჩემი მუშაობის პერიოდში იყო ზუსტად ის თხოვნა, 1996 წლის ბოლოს ან 1997 წელს. პიროვნება, რომელიც კრწანისის ტყე-პარკს ხელმძღვანელობდა, დამსახურებული მეტყევე არჩილ ფანჩულიძე, მოვიდა ჩემთან თხოვნით, რომ ეს ტერიტორია საპატრიარქოსთვის გადაგვეცა. როგორც მომიყვა,
როცა აქ ხეებს რგავდნენ, ადამიანების ძვლები ამოდიოდა და აქედან დგინდებოდა, რომ ეს საკმაოდ საკრალური ტერიტორიაა. 1924 წლიდან მოყოლებული, „ენკავედეს“ (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) მსხვერპლი ვინც იყო საქართველოში, ძალიან ბევრი იხვრიტებოდა აქ, ან ვაკის პარკის ტერიტორიაზე.
ნიშანდობლივია, იქაც ვაკის პარკია, ხელუხლებელი ტერიტორიაა. ესეც ხელუხლებელი იყო. ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი, ბევრი მეცნიერი, მწერალი აქ არის დახვრეტილი, რომელთა საფლავები ჩვენ აღარ ვიცით. მაშინ მომზადდა შესაბამისი ბრძანებულების პროექტი და კრწანისის ტყე-პარკი მოვლა-პატრონობის უფლებით საპატრიარქოს გადაეცა.
2013 თუ 2014 წელს, ცოტა უფრო გვიანაც კი, საპატრიარქომ გარემოს დაცვის სამინისტროს უკან დაუბრუნა ეს ტერიტორია. აქ შეიქმნა ველური ბუნების სააგენტო სპეციალურად, რომ ეს ტერიტორია დაცული ყოფილიყო. აქ ბევრი თანხაა დახარჯული იმისათვის, რომ ეს შენარჩუნებულიყო, მოწესრიგებულიყო, უფრო კარგად გაკეთებულიყო.
- უფრო გლობალურად, კლიმატის ცვლილებების კონტექსტში რომ განვიხილოთ ახალი ქალაქების პროექტები საქართველოში, რა გამოწვევების წინაშე ვართ ისედაც და რას უნდა ველოდოთ?
- დედამიწაზე კლიმატის ცვლილებების სცენარების მიხედვით ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ტერიტორიად მივიჩნევით. ცვლილებები შეგვეხება ჩვენც, მაგრამ იმდენად არა, როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ მეზობლებს.
კავკასიონი შედარებით მდგრად ეკოსისტემად რჩება. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, შესაძლებელია, ეს გახდეს ე.წ. კუნძული დედამიწისთვის, სადაც მოსახლეს უფრო შეეძლება, იცხოვროს. მოსალოდნელია მიგრაციული ტალღები.
აქედან გაჩნდა ეს ტერმინიც - კლიმატმიგრანტები. საიდანაც მორბიან, იქ ან ძალიან დაბალი ტემპერატურაა, ან - ძალიან მაღალი, ანუ ტემპერატურის ექსტრემალური მატებაა.
მართლა არა მაქვს პასუხი, რატომ ვაკეთებთ აქ ამას. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ეს სერიოზული კატასტროფა შეიძლება იყოს. თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ არის ყველაფერი დამალული?!