საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლია შეთეკაური არდოტიდან - 100 წამი მთის ამბებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:52 - 24 ივლისი 2019 hits 17087

არდოტში ჯერ ინტერნეტის შეყვანაც კი ვერ დაუჯერებიათ იმის მიუხედავად, რომ არდოტიც იმ პროექტის ნაწილია, რომლის მეშვეობითაც პირაქეთა ხევსურეთსა და უკანაფშავში ინტერნეტი უკვე ჩაირთო.  

„არ გვჯეროდა არაფრის დიდებით, ეხლაც არ მჯერა, სიმართლე გითხრათ, სანამ ბოლომდე არ გაკეთდება იმიტომ, რომ

23 წელია, აქ ვცხოვრობ და არასდროს არაფერი გაკეთებულა. ხიდი - არა, გზა - არა, შუქი - არა, 21-ე საუკუნეში. რაზე უნდა ისაუბრო ადამიანმა, არც კი ვიცი... ეხლა დიდი მოლოდინი გვაქვს, ძალიან გვიხარია, ინტერნეტით ბევრი რამის კეთება შეიძლება.

 სასტუმრო ამუშავდება, ცხოვრებისას რამეს გაიგებ, ბავშვებს დაუკავშირდები, ახლობლებს“, - ამბობს არდოტელი ლია შეთეკაური.

ის პროექტის ინიციატორებს მადლობას უხდის არდოტელების სახელით. არდოტელები კი უკვე ძალიან ცოტანიღა არიან პირიქითა ხევსურეთის ამ ისტორიულ სოფელში. ლია შეთეკაური ფიქრობს, რომ შესაძლოა, ორი-სამი კომლის გამო მთავრობას რაიმეს გაკეთება საჭიროდ არ მიაჩნია.

„ბოლო-ბოლო ის ორი-სამი კომლიც წავა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილი მთას არ მოწყდეს. სადაც ჩვენ მოვიტანეთ აქამდე, იმედია, ჩვენი შვილებიც გააგრძელებენ. ასე რომ დავკარგოთ, ყველა წავიდეს, ვინღა დარჩება ამ მთაში? რისთვის იყვნენ, რისთვის იწვალეს იმ ჩვენმა წინაპრებმა, რომ ვერ შევინარჩუნოთ?“, - კითხულობს ლია შეთეკაური.

პირიქითა ხევსურეთის სოფლები შატილი, მუცო, არდოტი, ანდაქი, ხონე, სადაც ხალხი ზამთარშიც ცხოვრობს, ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით გარესამყაროს მოწყვეტილია. დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობა და ზვავსაშიშროება შატილის თემთან დამაკავშირებელ ერთადერთ სამანქანო გზას კეტავს. შუქიც მხოლოდ შატილსა და მუცოშია. დანარჩენ სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიღმახევში არც სატელეფონო კავშირია და არც ინტერნეტი. უშუქობის, უგზოობის, უტელეფონობის, უყურადღებობის გამო მთელ პირიქითა ხევსურეთში 30-მდე ოჯახიღა ცხოვრობს მუდმივად.

ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ინტერნეტით სულ 76, მათ შორის ხევსურეთის 29 სოფელი დაიფარება. 20-ზე მეტ სოფელში ინტერნეტი უკვე ჩართულია, სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე დასრულდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში